ვინ არის გელა ხვედელიძე, რომელსაც თავს დაესხნენ და რატომ დააკავეს ის ღარიბაშვილის შს მინისტრობისას? - კვირის პალიტრა

ვინ არის გელა ხვედელიძე, რომელსაც თავს დაესხნენ და რატომ დააკავეს ის ღარიბაშვილის შს მინისტრობისას?

3 აპრილს დილით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა ხვედელიძის სახლთან მოხდა. ის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ხვედელიძე ”ნიუჰოსპიტალის” საავადმყოფოშია მოთავსებული.

ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს ყბა-სახის მოტეხილობა აქვს. მუცლის ღრუში დაზიანებები არ აღენიშნება და ამჟამად გონზეა.

ფაქტზე გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გელა ხვედელიძე შს მინისტრის მოადგილედ 2012 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაინიშნა.

2013 წლის მაისში ხვედელიძე ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო დააკავეს. მას ბრალად ედებოდა პირადი საიდუმოების ხელყოფა.

"გამოძიებით დგინდება, რომ გელა ხვედელიძემ, პირადი მოტივით, ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილს ინტერნეტ-ქსელში უკანონოდ გაუვრცელა ამ უკანასკნელის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - იუწყებოდა შსს.

იმ პერიოდში, შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული მასალა გადაღებული იყო წინა ხელისუფლების პირობებში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ და მიზანი იყო ფარესაშვილის დაშანტაჟება, მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და იძულებით მათ სამსახურში ჩაყენება.

"ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ეს და სხვა კადრები მიკვლეული იქნა და დაილუქა დადგენილი წესით. თუმცა არ გვაქვს იმის გარანტია, რომ წინა ხელისუფლების ხელში არ არის მათი ასლები. ამ და სხვა უკანონო კადრების უსაფრთხოების უზურნველყოფა მინდობილი ჰქონდა სხვებთან ერთად ჩემს ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს. ჩემთვის არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ჩემმა პირველმა მოადგილემ, გელა ხვედელიძემ სამწუხაროდ ჩაიდინა არა მხოლოდ დანაშაული, არამედ შსს-ს თანაშრომლისთვის შეუფერებელი საქციელი. მან არაადეკვატურად და მტკივნეულად მიიღო მის მიმართ მედიით გავრცელებული სრულიად უსაფუძვლო ცილისმწამებლური განცხადებები და ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით ინტერნეტსივრცეში დამოუკიდებლად გაავრცელა. მისი ფიქრით, ამგვარი ხერხით, შეწყდებოდა მის მიმართ წარმოებული ეს ცილისმწამბელური კამპანია", - აცხადებდა ღარიბაშვილი.

მოგვიანებით, გელა ხვედელიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 5-ათასლარიანი  გირაო შეუფარდა.