ახალგაზრდა კაცმა ჯერ მეუღლე მოკლა, მერე კი შუახნის მამაკაცს დაესხა თავს - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა კაცმა ჯერ მეუღლე მოკლა, მერე კი შუახნის მამაკაცს დაესხა თავს

8 აპრილს, გვიან ღამით, ასპინძაში 35 წლამდე მამაკაცმა 27 წლის მეუღლე დანით მოკლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მამაკაცი მეუღლის მკვლელობის შემდეგ თავს დაესხა შუახნის მამაკაცს, რომლის შვილზეც ეჭვიანობდა.

"ცოლი მოკლა და შემდეგ მის მოსაკლავად წავიდა, მაგრამ ბიჭი სახლში არ დახვდა და 65 წლის მამას დაესხა თავს", - განაცხადეს ადგილობრივებმა "სამხრეთის კარიბჭესთან". მას ჭრილობა ბლაგვი საგნით თავში აქვს მიყენებული. დაჭრილი თბილისის ერთერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ადგილობრივთა თქმითვე, ოჯახში ცოლ–ქმარი ხშირად ჩხუბობდა და რამდენიმე თვის წინ, დაშორებულებიც იყვნენ.