გამყრელიძე თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს, თუმცა პროკურატურაში სხვანაირად ფიქრობენ - კვირის პალიტრა

გამყრელიძე თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს, თუმცა პროკურატურაში სხვანაირად ფიქრობენ

"ცენტრ პოინტის" საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე პროკურატურა ერთ-ერთ დაზარალებულად "ახალი მემარჯვენეების" ყოფილ ლიდერს, დავით გამყრელიძეს ცნობს, თუმცა თავად გამყრელიძე აცხადებს, რომ დაზარალებული არ არის.

როგორც გამყრელიძემ დღეს, საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, მას რამდენიმე ხნის წინ მიუვიდა უწყება დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არავისთვის მიუმართავს.

"მე არ მქონია პრეტენზიები ბინასთან დაკავშირებით, არც "მაგნოლიას" მშენებლობასთან და ჩაბარებასთან დაკავშირებით, არც მენაშენეებთან მიმართებაში. დიდი ხანია ვიყენებ და ვცხოვრობ ბინაში. თავს დაზარალებულდ არ ვთვლი", - განაცხადა გამყრელიძემ.

საქალაქო სასამართლოში "ბათუმის მაგნოლიას" ეპიზოდზე საქმის განხილვა მიმდინარეობს. მას ბრალდებული გურამ რჩეულიშვილიც ესწრება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის 5 მოწმე დაიკითხება.

"ინტერპრესნიუსი"