ადვოკატი: "თუ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ "მარილზე გასვლა" არის ანგარება, ეს მათი პოზიციაა" - კვირის პალიტრა

ადვოკატი: "თუ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ "მარილზე გასვლა" არის ანგარება, ეს მათი პოზიციაა"

"თუ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ "მარილზე გასვლა" არის ანგარება, ეს მათი პოზიციაა, - ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა და რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, აღნიშნული ბრალის მტკიცება პროკურატურის პრეროგატივაა, თუმცა მისთვის გაუგებარია, თუ სად იკვეთება საქმის მასალებში ანგარება.

"თავიდანვე, როდესაც დეკანოზ მამალაძეს ბრალი წაუყენეს, საუბარი იყო შორენა თეთრუაშვილზე და არა პატრიარქის მკვლელობის მცდელობაზე. ეს იყო 11 თებერვალს, დაკავებიდან მეორე დღეს. უბრალოდ, თავდაპირველად იყო ბრალი იყო წარდგენილი 108-ე მუხლით და ახლა არის 109-ე მუხლით, თუმცა, რით დაადასტურებენ ანგარებას, ამას ჩვენ ვნახავთ. თუ ისინი თვლიან, რომ ადგილი ჰქონდა ანგარებას, ანგარების პროცესი და გარემოება უნდა დაამტკიცოს პროკურატურამ. მათ მოუწევს მტკიცება თუ რაში გამოიხატებოდა ანგარება. თუ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ "მარილზე გასვლა" არის ანგარება, ეს მათი პოზიციაა", - განუცხადა მიხეილ რამიშვილმა "ინტერპრესნიუსს".

დეკანოზის კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზს ამ ეტაპზე არ სურს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარეს აქვს გარკვეული სამართლებრივი და ასევე სხვა არგუმენტები, რომლის თანახმადაც, ამ ეტაპზე ისინი ნაფიცმსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობენ, თუმცა ფანცულაიას არ დაუკონკრეტებია, რა არგუმენტებია ესენი.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ დეკანოზისთვის ბრალის დამძიმებას და საქმის სასამართლოში გაგზავნას, როგორც მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა აღნიშნა, პროკურატურას კვლავ არ გაუცია მთავარ კითხვაზე პასუხი: - ვისგან შეიძინა დეკანოზმა ციანიდი?.

”ახალ განცხადებაში საუბარია თითქოს დაზუსტებით, რომ მამა გიორგიმ ციანიდი შეიძინა, მაგრამ კვლავ ვერ დაადგინეს, ვისგან იყიდა მამაომ ეს ნივთიერება. იმიტომ ვერ დაადგინეს, რომ არ არსებობს ასეთი პირი. სამი თვეა ვიძახი, რომ ასეთი პირი არ არსებობს და დადასტურდა, რომ მართლაც არ არსებობს ადამიანი, რომლისგანაც მამაომ ციანიდი შეიძინა”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 26 აპრილს, გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: "ანგარებით განიზრახა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა" - დეკანოზ მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა