"სხვა პაციენტმაც განაცხადა, რომ ექიმმა მასზე ძალადობა სცადა" - დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებული ექიმი ქართველმა პატიმრებმა სასტიკად სცემეს?! - კვირის პალიტრა

"სხვა პაციენტმაც განაცხადა, რომ ექიმმა მასზე ძალადობა სცადა" - დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებული ექიმი ქართველმა პატიმრებმა სასტიკად სცემეს?!

საბერძნეთის მართლმსაჯულება სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის ანგიოქირურგ დიმიტრის პელეკასს განაჩენს წელიწად-ნახევარში გამოუტანს.

თესალონიკში მდებარე კლინიკა "ჰიპოკრატეში" 36 წლის დიანა ბერიძე (ჩამჩიდი) მიკროქირურგიული ოპერაციისთვის მივიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა. ცხრადღიანი ძებნის შემდეგ ცელოფანში გახვეული ქალის ცხედარი სამართალდამცველებმა თესალონიკიდან 140 კილომეტრის მოშორებით ნახევარკუნძულ ქალკიდიკეზე, პატარა ქალაქ პოლიიროსში ორმოში ჩაგდებული იპოვეს.

სტატიას მომხდარ დანაშაულზე აქვეყნებს გაზეთი "კვირის პალიტრა", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ექიმი დიმიტრის პელეკასი დაკავების დღესვე ბრალდებულად ცნეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. თუ მისი დანაშაული დამტკიცდა, ანგიოქირურგს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ამ საქმეზე კიდევ ორი ექიმია დაკავებული. დიანა ბერიძის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ექიმს პაციენტი ოპერაციის დროს შემოაკვდა, შემდეგ კი დანაშაულის დასაფარად ცხედარი გადამალა.

პელეკასი თესალონიკის "დიავატას" ციხეში გადაიყვანეს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა პატიმრებმა სასტიკად სცემეს, რის გამოც ექიმი ცალკე იზოლატორში მოათავსეს.

ნანა აბულაძე, ათენში მოქმედი ადვოკატი

- პროკურორი დაინტერესდა, სხვა პაციენტებსაც ხომ არ ჰყავდათ შემჩნეული ექიმი არაკორექტულ საქციელში და მართლაც, მოწმედ დაკითხულმა ალბანელმა ქალმა განაცხადა, რომ ექიმმა მასზე ძალადობა სცადა. დიანა ბერიძის ორგანიზმში ისეთი წამლის დიდი დოზა აღმოჩნდა, რომელსაც მხოლოდ საავადმყოფოებში თუ იყენებენ. ერთი ვერსიით, ექიმებს ან შეცდომა მოუვიდათ, პაციენტი დაეღუპათ და მერე გვამი მოიშორეს, ან დიმიტრის პელეკასმა სპეციალურად მისცა რაღაც საშუალება, მაგრამ რა მიზნით, დასადგენია... ვიდეოთვალიდან ამოღებული მასალა ადასტურებს, რომ ექიმმა იმ დღეს მორიგეობა მიატოვა, საავადმყოფოდან დიდი ჩანთით გამოვიდა, მანქანაში ჩადო და წავიდა. ექსპერტიზის პასუხები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ექიმის მანქანის საბარგულში დიანას დნმ უკვე აღმოაჩინეს...

ნარგიზა ბერიძე, დიანას მამიდა: - საცოდავი გოგო ისე იყო დასახიჩრებული, არ შეეხედებოდა, ქმარმა ძლივს ამოიცნო. დაკავებულია კიდევ ორი ექიმი, რომლებმაც ყალბი დოკუმენტები გააფორმეს, თითქოს დიანას გული აწუხებდა. ალბათ, იმის დამტკიცება უნდათ, რომ ოპერაციის დროს გულმა უმტყუნა. არადა, არაფერი აწუხებდა. ეს წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა იყო.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია