რა იპოვეს სამართალდამცავებმა სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკისას?! - კვირის პალიტრა

რა იპოვეს სამართალდამცავებმა სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკისას?!

ბათუმში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლში, ჩხრეკა რომ მიმდინარეობდა, ამის შესახებ ინფორმაცია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ გაავრცელა.

"მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ქართველი სამართალდამცავები ჩხრეკენ ნონა წოწორიას ძმის სახლს, ბათუმში.

საქმის კურსში არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი.

როგორც იცით, ნონა წოწორია არის მოქმედი მოსამართლე საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში.

იგი მონაწილეობს იმ საქმეების განხილვაში, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას - მათ შორისაა ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას საქმეები.

მოგეხსენებათ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე 8 მოსამართლისგან შემდგარმა სექციამ ერთხმად დაადგინა ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევა, რაც გასაჩივრდა დიდ პალატაში და ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. ასევე დასკვნით ეტაპზეა გიგი უგულავას საქმე. განხილვის პროცესშია რუსთავი ორის საქმეც, სადაც მეოთხე სექციამ ერთხმად შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

ამ პირობებში სტრასბურგში საქართველოს მოსამართლის ოჯახის წევრის სახლის ჩხრეკა ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შურისძიებას ხელისუფლების მხრიდან, ან მცდელობას, ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეზე.

ამგვარი უაღრესად საეჭვო ფაქტების შესახებ საზოგადოებას აქამდეც სმენია, მხედველობაში მაქვს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის ამანათების გაგზავნა, და ა.შ.

ხელისუფლებას შევახსენებ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადააწყვეტილებას ერთპიროვნულად არ იღებს საქართველოს მოსამართლე, არამედ იგი სავალდებულო წესით მონაწილეობს საქმეთა კოლეგიურ განხილვაში.

ასეთი ქმედებებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს ვერ დააშინებენ, პირიქით, გაამყარებენ მოსაზრებას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის პოლიტიკური ხელისუფლების იარაღი - ანგარიშსწორებისა და უკანონო დევნისათვის", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლში მიმდინარე ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს, რის შესახებაც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ბათუმში, წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"