კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულ არასრულწლოვანს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რატომ აპირებს ჩვენების შეცვლას ბექა შენგელია?! - კვირის პალიტრა

კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულ არასრულწლოვანს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რატომ აპირებს ჩვენების შეცვლას ბექა შენგელია?!

76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ბექა შენგელია შემდეგ პროცესზე ჩვენებას შეცვლის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბექა შენგელიას ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ბექა შენგელიას პირველი ჩვენება განპირობებული იყო მისი შეყვარებულის, არასრულწლოვანი ნინა ჩ.-ს გადასარჩენად, ხოლო რადგან მას წინა პროცესებზე უკვე მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამჟამად არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ბექა შენგელიამ რეალურ ფაქტებზე არ ისაუბროს.

"ბექას ჩვენება მიცემული აქვს და ეს იყო აღიარებითი ჩვენება. ამის ერთადერთი მოტივაცია ის იყო, რომ გადაერჩინა თავისი შეყვარებული. ყოველი შეხვედრის დროს მე ამ მოტივს მიმეორებს ბექა შენგელია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მის შეყვარებულს უკვე მიუსაჯეს, ბექა შენგელია შეცვლის ჩვენებას", - განაცხადა ლალი ბიწოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შემდეგი სხდომა 23 მაისს, ბექა შენგელიას და საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის ირმა ყოჩიაშვილის დაკითხვით გაგრძელდება, რის შემდეგაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დღეს საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული, ლუკა ჩიხლაძე დაიკითხა.

იხილეთ ასევე: კანიბალიზმის საქმე

"ინტერპრესნიუსი"