"ვარწმუნებ ფარცხალაძეს, რომ ასე მარტივად ვერ გამოძვრება" - თორდიას პირველი კომენტარი შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე - კვირის პალიტრა

"ვარწმუნებ ფარცხალაძეს, რომ ასე მარტივად ვერ გამოძვრება" - თორდიას პირველი კომენტარი შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე შუალედური ანგარიში და ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. (იხილეთ: "თორდიამ ხელი მოიქნია და მიხეილ ჩოხელს მოარტყა" - შსს-მ თორდია-ფარცხალაძის საქმეზე ვიდეოკადრები გაავრცელა)

უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს უკვე გამოეხმაურა გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია. როგორც მან აღნიშნა, კადრებით კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პირველმა მასზე თავდასხმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა.

"საზოგადოებამ რამდენიმე წუთის წინ იხილა ვიდეოკადრები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი. როგორც ჩემთვის მოსალოდნელი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კადრები წარმოაჩინა ისეთი რაკურსით და ხედით, რომ მომხდარიყო ჩემი დისკრედიტაცია, თითქოს მე დავარტყი ხელი პირველმა ოთარ ფარცხალაძეს, თუმცა მათივე კადრებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ მირტყამს პირველი ოთარ ფარცხალაძე. მათივე კადრებიდანვე დასტურდება ის ფაქტი, რომ იქ არ ყოფილა წამიერი შეხვედრა, არ ყოფილა მომენტალური გადაკვეთა. კადრები არის წარმოდგენილი იმ რაკურსით, რომ შემდგომ ვერ დავინახოთ, როგორ მოჰყვა გაგრძელება ამ თავდასხმას. მინდა ცალსახად განვაცხადო, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის დაინტერესებული მხარე, მიკერძოებული მხარე, რომელიც ახდენს ინტერპრეტაციას ყველა იმ გარემოების, რაც იქ მოხდა, თუმცა ამ კადრებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ თავდასხმა განხორციელდა ოთარ ფარცხალაძის და მათი დაცვის წევრების მხრიდან. მე კიდევე ერთხელ დავრწმუნდი, რომ პირველი დარტყმა განახორციელა ოთარ ფარცხალაძემ, რასაც მოჰყვა ჩემი რეაქცია...

ჩვენ ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, რომ აუდიტის სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ხორციელდება პირდაპირი ზეწოლა ახლა უკვე მთელი იმ უწყებების მხრიდან, რომლებიც ჩართულები არიან ამ გამოძიებაში და ყველაფერი ეს მიმართულია ჩვენს საწინააღმდეგოდ, იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი სიმართლე ვერ დავამტკიცოთ. მაგრამ მე არ ვაპირებ უკანდახევას, მე არ ვაპირებ ერთი ნაბიჯიც კი გადავდგა უკან და გადავაბარო როგორც ჩვენი ინსტიტუცია, ასევე ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ოთარ ფარცხალაძისნაირ ადამიანებს და იმ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ ოთარ ფარცხალაძეს, რომ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან. მე მას ვარწმუნებ, რომ ის ასე მარტივად ამ სიტუაციიდან ვერ გამოძვრება, რაც არ უნდა შორი ხედიდან, გვერიდან გააკეთონ დემონსტრირება ამ ვიდეოკადრების. მათ ეს ვერ გადაარჩენს იმიტომ, რომ არის სხვა კადრები, რომლებიც უფრო ნათლად და კარგად ასახავს, როგორ მირტყამს პირველი ხელს ოთარ ფარცხალაძე და შემდეგომ როგორ მირტყამს მისი თანმხლები პირები - მიხეილ ჩოხელი თუ სხვები. ეს გრძელდებოდა 10-15 წამის მანძილზე, გამეტებით მირტყამდნენ. მივაღწევ, რომ ეს ყველაფერი გასაჯაროვდეს და ყველამ ნათლად ნახოს“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.

ლაშა თორდია მასაა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართავს

იხილეთ ასევე: სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მერიის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე შუალედური ინფორმაცია გამოაქვეყნა

"ინტერპრესნიუსი"