კლინიკა "ლანცეტის" დირექტორს პატიმრობა მიუსაჯეს - რას პასუხობს მის ბრალდებას ნინო კუზანოვა? - კვირის პალიტრა

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორს პატიმრობა მიუსაჯეს - რას პასუხობს მის ბრალდებას ნინო კუზანოვა?

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორს ფარმან ჯეირანლის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

როგორც მოსამართლემ განმარტა, არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება. აღნიშნულ დასაბუთებულ ვარაუდს კი მხარეების მიერ დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლეოდა.

დაცვის მხარე პატიმრობის სანაცვლოდ გირაოს სახით 100 ათასი ლარის გადახდას მოითხოვდა , თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

მთავარი პროკურატურა შპს "ლანცეტი"-ს დირექტორს პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება. უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სამედიცინო დაწესებულება შპს "ლანცეტი"-ს დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილითა და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით.

(იხილეთ: პროკურატურის განცხადება)

ლანცეტის" დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ განაცხადა, რომ არსებობენ დაინტერესებული პირები, ვისაც არ სურთ საქართველოში არსებობდეს მაღალი დონის კლინიკა. ამის შესახებ ბრალდებულ ფარმან ჯეირანლის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბრალდებულის აღნიშნული განცხადება საყურადღებოა და მასთან გასაუბრების შემდეგ დეტალებს გამოჰკითხვას. "ბრალდებულმა ისაუბრა ვიღაცების ინტერესებზე. მან აღნიშნა, რომ ეს მაფიაა და ყიდიან ავადმყოფებს. ამაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იგულისხმა ის, რომ როგორც, უკაცრავად და, საქონელს აგზავნიან, ისე იგზავნებიან კლიენტები და აქედან ვიღაცები მოგებას იღებენ. ანუ საქართველოში რომ არ გაკეთდეს ოპერაცია და წავიდნენ ავადმყოფები სხვა ქვეყნებში, არიან მიმღები პირები, ვინც ამ პაციენტების უცხოეთში გაგზავნისგან იღებენ პროცენტებს. მათ აქვთ დაინტერესება, საქართველოში არ არსებობდეს მაღალი დონის კლინიკა", - განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორიმა ფარმან ჯეირანლიმ დღევანდელ პროცესზე დაინტერესებულ პირებზე ისაუბრა და კონკრეტული გვარები დაასახელა. კერძოდ, ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია.

"ოპერაციაზე დათანხმებასთან კავშირი არ მაქვს, ეს ცილისწამებაა, კარდიოლოგმა როგორ შეიძლება ურჩიოს ვინმეს ღვიძლზე ოპერაცია უნდა გაიკეთოს თუ არა?!" - ასე უპასუხა ექიმმა ნინო კუზანოვამ კლინიკა "ლანცეტის" დირექტორის, ფარმან ჯეირანლის ბრალდებას.

ნინო კუზანოვასთან ინტერვიუს "ამბები.გე" ავრცელებს. ინტერნეტგამოცემასთან საუბრისას კუზანოვა აღნიშნავს, რომ ის კლინიკის საქმიანობაში ჩახედული პირი არ იყო, რადგან ჯეირანლისა და მისი შეხედულებები ერთმანეთისგან განსხვავებულია.

"ჩემი შეხედულება თანამედროვე კლინიკაზე განსხვავდება მისი შეხედულებებისგან, სწორედ ამიტომ დავტოვე სამსახური! ყოველთვის თვლიდა, რომ ხელს ვუშლიდი, ამიტომ ბევრ რამეში საერთოდ არ მახედებდა. ეს მისი, როგორც მფლობელის ნება იყო. სამწუხაროდ, მე ხელს ვერ ვუშლიდი. მე ოპერაციაზე დათანხმებასთან კავშირი არ მაქვს, ეს ცილისწამებაა, კარდიოლოგმა როგორ შეიძლება ურჩიოს ვინმეს ღვიძლზე ოპერაცია უნდა გაიკეთოს თუ არა?! მე მკითხეს, თუ როგორი სპეციალისტი იყო ქირურგი და ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, მასზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყოდი", - განაცხადა ნინო კუზანოვამ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით