დეპუტატის შვილის ავტოავარიაში დაღუპვის საქმეზე საპატრულო პოლიციის 2 ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

დეპუტატის შვილის ავტოავარიაში დაღუპვის საქმეზე საპატრულო პოლიციის 2 ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევევის საქმეზე, რასაც ბექა ხახუბია ემსხვერპლა, შიდა ქართლის საპატროლო პოლიციის 2 ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ორივე პირი გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.

როგორც სამინისტროში განმარტეს, აღნიშნული გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე, იქნა მიღებული, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.

შეგახსენებთ, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ირაკლი ხახუბიას 21 წლის ვაჟი, ბექა ხახუბია გორის ავტობანზე, სატვირთო ავტომანქანასთან შეჯახებისას დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ავტომობილს ნასვამი მართავდა და ავტოსაგზაო შემთხვევა საპატრულო პოლიციის დევნის ოპერაციისას მოხდა. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.

იხილეთ ასევე: "ნასვამ შვილს სასიკვდილოდ, აბა, რომელი ოჯახი გაუშვებს?!" - პარლამენტარის ვაჟი საპატრულო პოლიციის დევნისას დაიღუპა?!