"ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია" - რატომ დააკავეს დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი?! - კვირის პალიტრა

"ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია" - რატომ დააკავეს დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი?!

24 მაისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს.

"ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმან იმოქმედა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ", - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე, სადაც მისთვის წინასაექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების საკითხი განიხილეს.

ჩაბუქი ითხოვს, რომ არ გადასცენ თურქეთს, რადგან "იქ სამართლიანობა არ არსებობს“. ბრალდებულმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას ცრემლებიც ვერ შეიკავა.

"15 წელია საქართველოში ვარ. მაქვს საქართველოში ბინადრობის უვადო უფლება, რომელიც სახელმწიფომ მომანიჭა. ბოლო 15 წელია საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწევი ერთგულად. ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა იმან, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ. ეს ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას. ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია. ჩემს ჯიბეში მხოლოდ ცარცი მოიძებნებოდა და ვცდილობდი ისეთი მოსწავლე აღმეზარდა, რომელიც საქართველოს გამოადგებოდა. სამწუხაროდ, თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ვითხოვ არ გადამცენ თურქეთს", - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, საუბარია ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია FETO-ზე, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. ადვოკატის აზრით, ბრალდება უსაფუძვლოა.

სასამართლომ დაცვის პოზიცია არ გაიზიარა და  დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რაც მძიმე დანაშაულია და განგრძობადობა ახასიათებს.

მისივე თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავს არიდებს გამოძიებას და თურქული მხარისგან მოწოდებული მასალების თანახმად, მიმალვაში იმყოფება, რასაც ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით