"გამზრდელი მამა დანით იმ დროს მოკლა, როცა გარდაცვლილის ცოლიც შინ იყო და უმცროსი ბიჭიც" - კვირის პალიტრა

"გამზრდელი მამა დანით იმ დროს მოკლა, როცა გარდაცვლილის ცოლიც შინ იყო და უმცროსი ბიჭიც"

რამდენიმე დღის წინ, თბილისში მორიგი ტრაგედია დატრიალდა - 30 წლის პავლე ზავერიანმა გამზრდელი მამა, 64 წლის ვარლამ თამაზაშვილი მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე 108-წ მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს; მკვლელობაში ბრალდებული კი დაკავებულია.

ახლობლები, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, მამა-შვილის ურთიერთობაში ბოლო დრომდე საგანგაშოს ვერაფერს ხედავდნენ, თუმცა...

- გარდაცვლილი ვარლამ თამაზაშვილი კარგი ადამიანი იყო და ბიჭზეც ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავდა. მართალია, პავლე მისი ღვიძლი შვილი არ იყო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა ბავშვს პატარაობიდან ზრდი და გიყვარს.... სამწუხაროდ, ოჯახს მატერიალურად ბევრი არაფერი გააჩნდა, მაგრამ ვარლამს სიყვარული ბიჭისთვის ნამდვილად არ დაუკლია. მას შემდეგაც კი, რაც პავლეს დედასთან საკუთარი შვილი რომ გაუჩნდა....

პავლეც არ იყო ცუდი შვილი, - ერთ ხანს, დედ-მამას და 20 წლის ძმას, რომლებიც საშინელ სივიწროვეში ცხოვრობდნენ, ბინაც უქირავა... თავად პროფილაქტიკაში მუშაობდა, კარგი ხელოსანია და გასამრჯელოც არ ჰქონდა ცუდი. ამბობდა ხოლმე, - მანქანის ყველაფერი იმიტომ მესმის, რომ პროფილაქტიკაში "დავბერდი", შრომა 13 წლის ასაკიდან დავიწყეო...

- როცა ასეთი პატარა ბიჭი მუშაობას იწყებს, ცხადია, რომ ოჯახს მატერიალურად უჭირს.

- ძალიან უჭირდათ. პავლეს დედ-მამას ოჯახის შექმნამდეც მძიმე სიტუაცია ჰქონდა და ოჯახის შექმნის შემდეგაც. ორივე ქვრივი იყო, ერთს ცოლი მოუკვდა, მეორეს ქმარი, ერთმანეთს გაუგეს და დაქორწინდნენ. პავლე ალბათ ამ დროს, ასე 5 წლამდე იქნებოდა ... მოგვიანებით ცოლ-ქმარს მეორე ბიჭიც ეყოლა და ბიჭებსაც კარგი ძმობა ჰქონდათ. მერე პავლემ ცოლიც შეირთო... უბედურებაც იქედან დაეწყო, - ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ შეეგუა, პავლეს ცოლმა ორ მცირეწლოვან შვილს ხელი მოჰკიდა და ქმარი მიატოვა. ბიჭმა ამის გამო დაიწყო სმა.

ერთხელაც ნასვამს ავარია მოუხდა, 70 წლის ქალბატონს დაეჯახა და მოკლა. გარდაცვლილმა ოჯახმა, მართალია, მძღოლს არ უჩივლა, მაგრამ ქალის დაკრძალვაში 30 000 ლარი გადაახდევინეს. მისთვის ერთი უბედურება ის იყო, რომ ადამიანი მოკლა, მეორე კიდევ ის, რომ უამრავი ვალის აღება მოუხდა...

საქმე სულ უფრო და უფრო უკან წაუვიდა და ნერვებმაც სულ უფრო უმტყუნა, - ცალკე თავის მოკლული ქალი ელანდებოდა და ცალკე - შვილები.

ეტყობა, იფიქრა, დარდს სასმელი დამავიწყებსო და უკვე ყოველ დღე სვამდა. სწორედ ამ დროს დაიწყო მამა-შვილის ჩხუბიც. მამა უშლიდა სმას, მას კიდევ ეს ახელებდა... ბოლო ხანს ბევრს ჩხუბობდნენ. სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია დატრიალდა, გამზრდელი მამა დანით იმ დროს მოკლა, როდესაც გარდაცვლილის ცოლიც შინ იყო და უმცროსი ბიჭიც. საერთოდ, როცა პავლე შინ მთვრალი მიდიოდა, ვარლამი გამოერიდებოდა ხოლმე, მობეზრებული ჰქონდა ჩხუბი. ახლაც ცოლისთვის უთქვამს, - მეორე ოთახიდან პიჯაკი გამომიტანე, აქაურობას გავერიდები, ვიდრე პავლე არ დაიძინებოსო. ცოლი რომ მეორე ოთახში გავიდა, თან უმცროსი ვაჟიც გაჰყვა, - ეტყობა, ისიც ვერ იტანდა მთვრალ ძმას. სწორედ იმ წუთებში დაესხა თავს...

პავლე არ გაქცეულა, პოლიცია რომ მოვიდა, ისე მშვიდად შეხვდა, კიბეებზეც ასევე ჩაჰყვა, მგონი, ვერც აცნობიერებდა, რა ჩაიდინა.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)