"დაკავებულები ბიზნესმენს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდნენ" - სპეცოპერაცია თბილისში - კვირის პალიტრა

"დაკავებულები ბიზნესმენს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდნენ" - სპეცოპერაცია თბილისში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის 200 000 აშშ დოლარის გამოძალვის მცდელობის ბრალდებით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, ორი პირი დააკავა.

უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული რ.ჟ. და 1983 წელს დაბადებული ბ.ჯ. თბილისში, შარტავას ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ჟ. და ბ.ჯ. ერთ-ერთ ბიზნესმენს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით)", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.