"ბოლო გაკვეთილზე ბავშვებისთვის უთქვამს, რომ მოვკვდები, ხომ მოხვალთ ჩემთანო?" - სასიკვდილო თამაშის პირველი მსხვერპლი?! - კვირის პალიტრა

"ბოლო გაკვეთილზე ბავშვებისთვის უთქვამს, რომ მოვკვდები, ხომ მოხვალთ ჩემთანო?" - სასიკვდილო თამაშის პირველი მსხვერპლი?!

"მანიაკური გადახრის მქონე ადამიანები სიამოვნებას იღებენ მოზარდებით მანიპულირებით"

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ თამაშზე "ლურჯი ვეშაპი" გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენება და თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა. "ლურჯი ვეშაპის" ძირითადი მომხმარებელი არასრულწლოვნები არიან.

ის გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც შეიცავს. თამაშის დასასრულს მოთამაშეს კურატორი აძლევს უკანასკნელ დავალებას, პირდაპირ მოუწოდებს თვითმკვლელობისკენ, რაც, ხშირად მართლაც სუიციდით მთავრდება. გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ამ საკითხზე ვრცელი სტატია მოამზადა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

როგორც ჩანს, "ლურჯმა ვეშაპმა" საქართველოშიც მოიკიდა ფეხი.

აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც 12 წლის მოზარდმა თბილისში თვითმკვლელობა სცადა. გოგონა იმ დღეს სკოლაში გაკვეთილებს დაესწრო, შემდეგ დედას მესიჯი გაუგზავნა, რომ შინ ბრუნდებოდა. ისადილა კიდეც... ცოტა ხანში მეზობლები შემაძრწუნებელი სურათის თვითმხილველი გახდნენ - გოგონა თავისი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოხტა. მეზობლებმა ბავშვი სასწრაფოდ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა, თავზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა...

როგორც შევიტყვეთ, მოზარდს მთავარ ფოტოდ თანატოლის, 14 წლის ნ.ჯ.-ს ფოტო ჰქონია გამოქვეყნებული. გოგონამ შარშან სწორედ ამ დროს მოიკლა თავი. თავისი "ფეისბუკის" გვერდზეც გამოფინა ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, სახურავზეა გადაღებული. გოგონას თმა ჩამოშლილი აქვს, ხელები კი გაშლილი... ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის მეშვიდე სართულზე ავიდა და... გადახტა. მაშინ უამრავმა ბავშვმა გოგონას ეს ფოტო გააზიარა და მთავარ ფოტოდ გამოაქვეყნა. ბევრი წერდა, რომ მან გმირობა ჩაიდინა... მართალია, ეს საქმე ჯერაც ბურუსით მოცულია, მაგრამ არსებობს მყარი ვარაუდი, რომ გოგონა "ლურჯი ვეშაპის" პირველი მსხვერპლი იყო საქართველოში.

როგორც შევიტყვეთ, ამ ტრაგედიიდან ცოტა ხანში კიდევ ერთმა გოგონამ სცადა თვითმკვლელობა. მან ნ.ჯ.-ს ფოტოს მიაწერა: "შენთან მინდა, მალე შენთან ვიქნები, ასე არ შემიძლია" და აბები დალია... საბედნიეროდ, გოგონა გადაარჩინეს, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსული თურმე სულ იმეორებდა, მე ნ.ჯ.-ს შევპირდი და მალე მასთან წავალო.

ამ ამბებიდან ერთი წელი გავიდა... ნ.ჯ.-ს საქმეზე მეტი დეტალის გარკვევა ვცადეთ. ბინაში მდგმურები დაგვხვდნენ. მეზობლებისგან შევიტყვეთ, რომ გოგონას დედა, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ წავიდა.

ჩვენ დავუკავშირდით იმ სკოლას, სადაც ნ.ჯ. სწავლობდა.

"თამამი და თავისუფალი ბავშვი იყო, იმავდროულად, გულჩათხრობილიც. დედამისი ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ და ბავშვი მარტო რჩებოდა შინ. როგორც ვიცი, დედის მეგობრები აკითხავდნენ. ამ ტრაგედიამდეც მარტო ყოფილა, ზოგჯერ კლასელები რჩებოდნენ, წინა დღეებში წვეულებაც მოუწყვია სახლში. ყველა ამბობდა, რომ ბოლო დღეებში ძალიან აღგზნებული იყო.

მეშვიდე სართულის ღია სადარბაზოდან გადმოხტა. თურმე იმ დღეს ბოლო გაკვეთილზე ბავშვებისთვის უთქვამს, რომ მოვკვდები, ხომ მოხვალთ ჩემთანო? ეს ხუმრობა ეგონათ, ასეთი ლაპარაკი იცოდა", - ამბობს გოგონას პედაგოგი.

ლაშა პატარაია, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორი, ინსტრუქტორი კიბერუსაფრთხოების საკითხებში: - ინტერნეტი სავსეა საფრთხეებით, უბრალოდ, ახლა საუბარია ქეისზე, რომელშიც არ გაუმართლათ ავტორებს და ზედმეტი ყურადღება მიიქციეს. რეალურად, საფრთხე ბევრად დიდია.

- ეს თამაში ქართულად თარგმნილია, შესაძლებელია აიპი-მისამართით ამ პირის იდენტიფიცირება?

- იდენტიფიცირება ადვილი არ არის, ინტერნეტსივრცეში უამრავი კრიმინალია და ძალიან კარგად ინიღბებიან. თუმცა ტოვებენ კვალს, დანაშაულის გახსნა სამართალდამცავთა კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ყველას გამოვლენა შეიძლება აიპი-მისამართით, მაგრამ ასე არ არის. ისეთი ანონიმური საშუალებებიც არსებობს, რომ ვერ დაინახავ, ან შეიძლება სხვისი ხაზით ისარგებლოს, სხვა ლოკაციიდან შემოვიდეს.

ეს თამაში შესაძლოა იყოს ექსპერიმენტული კრიმინალური აქტივობა. მანიაკური გადახრის მქონე ადამიანები სიამოვნებას იღებენ მოზარდებით მანიპულირებით.

კლასიკურმა კრიმინალმა ტექნოლოგიური ელფერი შეიძინა და ქუჩამ ინტერნეტში გადაინაცვლა.

იხილეთ სტატია გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სრულად.

თეა ხურცილავა