"მკვლელობა, ძარცვა, ჰაკერული შეტევები კაზინოს აპარატებზე" - რა ბრალდებებით დააკავეს 15 ქართველი აშშ-ში? - კვირის პალიტრა

"მკვლელობა, ძარცვა, ჰაკერული შეტევები კაზინოს აპარატებზე" - რა ბრალდებებით დააკავეს 15 ქართველი აშშ-ში?

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იუწყება. დაკავებულ ქართველებს შორის, ე.წ. კანონიერი ქურდები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა არიან. პროკურატურა მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს.

სპეცოპერაციისას 15 ქართველთან ერთად, რუსული კრიმინალური სინდიკატის კიდევ 18 წევრი დააკავეს.

საერთო ჯამში ბრალდება 33 ადამიანს წაუყენეს. დანაშაულებრივი ჯგუფის 23 წევრი უკვე დაკავებულია. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი: დენის სავგირი, ერეკლე კერესელიძე, გიორგი ლომიშვილი, მამუკა ჩაგანავა და სემიონ სარაიდაროვი ჯერ დაკავებულები არ არიან.

"დღეს, ჩვენ ბრალდება წავუყენეთ რუსული ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის 33 წევრს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით უამრავი დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილი. ამ ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის მიერ ჩადენილი დანაშაულები მოიცავს: მკვლელობას, ძარცვას, ჰაკერული შეტევებს კაზინოს აპარატებზე", - განაცხადა მანჰეტენის პროკურორმა ჯუნ კიმმა.

ნიუ-იორკის პოლიციის წარმომადგენელმა ჯეიმს ონეილმა კი აღნიშნა, რომ კანონიერ ქურდებმა ქვეყნის მასშტაბით, ბრაითონ ბიჩიდან ლას ვეგასამდე დანაშაულებრივი ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს და ჩართულნი იყვნენ მოქრთამვაში, აზარტულ თამაშებში, მკვლელობებში.

ბრალდების ოქმში მითითებულია, რომ "დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა რაჟდენ შულაიას უშუალო მითითებით და "კანონიერი ქურდი" თავის სტატუსს იყენებდა დაბალი რგოლის კრიმინალებს შორის დავების გადასაჭრელად. როგორც "კანონიერ ქურდს", შულაიას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კრიმინალურ სამყაროში".