"დედა-შვილი ავტომატით მოკლეს" - საზარელი ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

"დედა-შვილი ავტომატით მოკლეს" - საზარელი ტრაგედიის დეტალები

შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში, სადაც მეზობლებმა სოფელში მცხოვრები დედა-შვილი, 65 წლის მანანა და 31 წლის მერი ჯაფიაშვილები მოკლულები ნახეს.

მკვლელობაზე საქმე სისხლის სამართლის 109-ე მუხლით არის აღძრული, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მომხდარმა სოფლის უკლებლივ ყველა მცხოვრები შეაძრწუნა, - დედა-შვილი სოფელში სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა, ამბობენ, რომ სამაგალითო ადამიანები იყვნენ. მომხდარზე სოფლის მცხოვრები გვესაუბრა. მისი თხოვნით, რესპონდენტის ვინაობას არ ვამჟღავნებთ.

- მომხდარის მერე შიშია სოფელში, არ ვიცით, ხვალ და ზეგ ვის რა გველის. მერიცა და მანანაც ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდნენ, სიკეთის გაკეთება საკუთარ ვალდებულებად მიაჩნდათ. წარმოუდგენელია, ძარცვისთვის მათ ოჯახში ვინმე შესულიყო, მატერიალურად ბევრი არაფერი ჰქონდათ. მანანა ჯაფიაშვილს, მერის გარდა, კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავდა. სამივე გოგო მცირეწლოვანი იყო, როდესაც ბავშვების მამა თითქოს სამუშაოს საძებნელად წავიდა და გაქრა. ამის შემდეგ მარტოხელა ქალმა შვილები სრულიად მარტომ, წვალებით დაზარდა, მოხერხა და ყველას განათლება მისცა. მერის ორივე და გათხოვილია, თავად კი დედასთან ცხოვრობდა. სამსახური არ ჰქონდა, დედას არ შორდებოდა. სათნო და საყვარელი გოგონა იყო… მომხდარამდე ერთი კვირით ადრე, შუათანა გოგოს ქორწილი ჰქონდათ, ისეთი ბედნიერები იყვნენ...

- გავრცელებული ინფორმაციით, დედა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ნუთუ სროლის ხმა არავის გაუგია?

- შეიძლება გაიგო კიდეც, მაგრამ ჩვენს სოფელში სროლას ყურადღებას არავინ აქცევს - საოკუპაციო ხაზი ჩვენი სოფლიდან 9 კილომეტრშია, საიდანაც სულ სროლა ისმის. მერი კი საღამოს მეზობელ ქალთან გადავიდა. ცოტა ხანს დარჩა და ასე 10 საათზე სახლში წავიდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს მოხდა ეს უბედურება. როგორც ამბობენ, დედ-შვილი ავტომატით მოკლეს.

- გარდაცვლილები ვინ აღმოაჩინა?

- მეზობელმა. მომხდარიდან მეორე დილით ადრე ჯაფიაშვილების სახლიდან ტელევიზორის ხმამაღალი ხმა გაიგონა თურმე, სინათლეც ჩართული იყო, მეორე დილასაც იგივე რომ განმეორდა, პატარა ბიჭი გაგზავნა, - მოიკითხე, რა ხდება ჯაფიაშვილებთანო. ბიჭი შოკირებული გამოვარდა გარეთ... დედა და შვილი ორივე პირველ სართულზე, იატაკზე საკუთარ სისხლის გუბეში იწვა და ორივე ავტომატის ტყვიით იყო მოკლული.

- რაიმე ეჭვი თუ არსებობს სოფელში ვის შეეძლო ეს ჩაედინა.

- არანაიარი. არავინ იცის, რა უნდა მომხდარიყო, რატომ უნდა გაემეტებინათ დედა-შვილი ასე?

ფოტოზე: მერი ჯაფიაშვილი

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)