პრესისთვის გაგზავნილ წერილებში ამტკიცებდა, რომ 37 ადამიანი მოკლა - "ზოდიაქო" - დღემდე უცნობი სერიული მკვლელი - კვირის პალიტრა

პრესისთვის გაგზავნილ წერილებში ამტკიცებდა, რომ 37 ადამიანი მოკლა - "ზოდიაქო" - დღემდე უცნობი სერიული მკვლელი

საიდუმლოებით მოცული სერიული მკვლელი, მეტსახელად "ზოდიაქო", რომელსაც XX საუკუნის "მფატრავ ჯეკსაც" ეძახიან, 60-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა სან-ფრანცისკოში." ზოდიაქო" მკვლელმა თავად დაირქვა იმ ცინიკურ წერილებსა და კრიპტოგრამებში, რომელთაც პოლიციასთან ერთად პრესასაც უგზავნიდა და სადაც თითქოს მისი მონაცემები იყო დაშიფრული.

სამართალდამცავები მის მიერ ჩადენილ 7 მკვლელობას იძიებდნენ, თუმცა თავად პრესისთვის გაგზავნილ წერილებში ამტკიცებდა, რომ 37 ადამიანი მოკლა. ექსპერტების მტკიცებით, დამნაშავე ფსიქიკურად იყო დაავადებული. მსხვერპლს ღამით ან გვიან საღამოს, დღესასწაულზე ან მის წინა დღეებში უსწორდებოდა. ყოველ ახალ მკვლელობას განსხვავებული იარაღით სჩადიოდა და აუცილებლად წყალთან დაკავშირებული სახელების მქონე ადგილების ახლოს.

ზოდიაქოს ისტორია 1966 წლის 30 ოქტომბერს იწყება, როცა ჩერი ჯო ბეიტსი, კოლეჯის პირველი კურსის სტუდენტი, მთელი დღე კოლეჯის ბიბლიოთეკაში მეცადინეობდა და სანამ ის წიგნებით იყო გართული, მის "ფოლკსვაგენთან" უცნობი მამაკაცი მივიდა და ავტომობილი დააზიანა. სანამ ბიბლიოთეკიდან გამოსული ბეიტსი მანქანის დაქოქვას ცდილობდა, სწორედ ამ დროს გამოჩნდა უცნობი, და სახლამდე მიყვანა შესთავაზა, თუმცა მანქანაში მოულოდნელად ააფარა პირზე ხელი და ჯერ ყელში გამოუსვა დანა, მერე გულსა და მხარშიც ჩაარტყა. ცხელ კვალზე მკვლელის მიგნება შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა მალე თავად გამოჩნდა და პოლიციის გაზეთ "რივერსაიდ ფრესს ენთერპრესაიზის" რედაქციას წერილი გაუგზავნა, ტექსტის ბოლოს მიწერილი ლათინური ასო ზ-ით.

ორიგინალური ავტოგრაფის საიდუმლო ორ წელიწადში გაიხსნა, როცა ბეიტსის მკვლელმა მორიგი დანაშაული ჩაიდინა. 1969 წლის 4 ივლისის საღამოს 42 წლის დარელ ფეუინი და მისი თაყვანისმცემელი მაიკლ მაჟო ღამის კლუბის ავტოსადგომზე გადაეყარნენ თეთრი ავტომობილის მძღოლს, რომელმაც ჯერ გასასვლელი ჩახერგა, მერე კი მანქანიდან გადმოვიდა და წყვილისკენ დაიძრა. რამდენიმე წუთში გასროლის ხმაც გაისმა. დარელი საჭეს დაეცა სახით, სამი ტყვიით დაჭრილმა მაიკლმა ტკივილისგან შეჰყვირა, მკვლელი კი აუჩქარებლად გაემართა თავისი ავტომობილისკენ და მერე, უკან მიბრუნდა, ორჯერ ესროლა მაჟოს და წავიდა. დარელი გარდაიცვალა, მაჟო კი გადარჩა.

მეორე დღეს პოლიციის განყოფილებაში სატელეფონო ზარი გაისმა - მამაკაცმა მშვიდად განაცხადა, რომ ორი კაცი მოკლა, მერე კი მკვლელობის ადგილი დაასახელა და დარელის მანქანაც აღწერა. სხვათა შორის, გასულ წელს ის წყვილიც ჩემი მოკლულიაო, დაამატა და ყურმილი დაკიდა. რამდენიმე დღეში "სან-ფრანცისკო ქრონიკლის" რედაქციაში წერილი მივიდა, რომელშიც ავტორმა საკუთარ თავზე აიღო ფარადეის, ჯენსენის და ფერინის მკვლელობა. ხელმოწერის ნაცვლად ემბლემა - წრეში ჩასმული ჯვარი დატოვა, წერილს კი ზოდიაქოს სიმბოლოებითა და ნიშნებით მოხატული ბარათი მოაყოლა, რომელშიც, როგორც თავად ამბობდა, მისი სახელი და გვარი იყო დაშიფრული.

მკვლელმა 1969 წლის 1-ლ აგვისტოს მოითხოვა წერილის გამოქვეყნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქის ქუჩების სისხლით გავსებით დაიმუქრა. გაზეთის მთავარმა რედაქტორმა წერილი გამოაქვეყნა, დაშიფრული შეტყობინების ამოხსნაზე კი დიდხანს იმტვრევდნენ თავს მშიფრავები, თუმცა უშედეგოდ.

ზოდიაქოდ საკუთარი თავი უცნობმა შემდეგ წერილში მოიხსენია, რომელიც "სან-ფრანცისკო ქრონიკლის" რედაქციამ 4 აგვისტოს მიიღო და მას შემდეგ მკვლელი ყველა თავის წერილს ფრაზით: "ეს ზოდიაქო ლაპარაკობს" იწყებდა და მიხატული ემბლემით ასრულებდა.

სესილი შეპარდი და ბრაიან ჰარტნელი დარიენსის ტბაზე ისვენებდნენ, როცა ტბასთან ახლოს გაჩერებულ მანქანაში მძღოლი შენიშნეს, მათთან მიახლოებულმა ახალგაზრდები გააკვირვა თავისი შავი კაპიუშონით, რომელიც ძალიან ჰგავდა ჯალათის თავსაბურავს.

დაუპატიჟებელ სტუმარს მარცხენა გვერდზე გრძელი დანა ეკიდა, მარჯვნივ - იარაღის ცარიელი ბუდე, ხელში კი რევოლვერი ეჭირა. უცნობმა ბრაიანს ფულთან ერთად მანქანის გასაღები მოსთხოვა და როცა ორივე მიიღო, ჯიბიდან თოკი ამოიღო. სესილის მეგობრის თოკით შეკვრა დაავალა, რომელიც სწრაფად დაემორჩილა მის მოთხოვნას, თუმცა კვანძები მოშვებული დატოვა. მამაკაცმა სესილიც თოკით შეკრა, ბრაიანს კი მაგრად მოუჭირა კვანძები. შემდეგ დანა ჯერ ბრაიანს დაარტყა ზურგში, მერე კი სესილი დაჭრა ზურგში, გულსა და მუცლის არეში. თითქმის სისხლისგან დაცლილმა სესილიმ ხელები გაიხსნა და გაათავისუფლა ბრაიანიც, რომელმაც დახმარების ძებნაში გზიდან სამას მეტრში დაკარგა გონება. საბედნიეროდ, ახალგაზრდა მონადირემ იპოვა. და პოლიციაში მორიგმა ზარმაც არ დააყოვნა: უცნობი ორმაგი მკვლელობის ამბავს იტყობინებოდა.

მეორე დღეს სესილი შეპარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ბრაიანი კი გადარჩა. მალე "სან-ფრანცისკო ქრონიკლის" რედაქციაში ზოდიაქოს კიდევ ოთხი წერილი მივიდა - მკვლელი წერდა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს, როცა უდანაშაულო ადამიანებს ვხოცავო.

1969 წლის 11 ოქტომბერს სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ თეატრში მუზიკლ "თმის" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის შემდეგ მაყურებელი ქუჩაში გამოეფინა. მამაკაცმა მძღოლს მეზობელ კვარტალში წაყვანა სთხოვა, თუმცა, ფულის გადახდის ნაცვლად, ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო და ესროლა. რამდენიმე წუთში პოლიციის განყოფილებაში თვითმხილველებმა დარეკეს, სწორედ მათი დახმარებით შეიქმნა მკვლელის პორტრეტი.

1970 წლის 22 მარტის საღამოს კეტლინ ჯოუნსი, თავის 10 თვის გოგონასთან ერთად, დედის სანახავად გაემგზავრა, გზად ღია ფერის "შევროლე" შეამჩნია, რომელიც დიდხანს მიჰყვებოდა უკან სიგნალით. ჯოუნსმა გზა დაუთმო. მძღოლი რომ გაუსწორდა, ანიშნა, უკანა მარცხენა ბორბალი გაქვს დაზიანებულიო. მამაკაცმა დახმარება შესთავაზა და მანქანის შესაკეთებლად უახლოეს სახელოსნომდე მიყვანას შეჰპირდა, კეტლინიც დათანხმდა, თუმცა მალე ინანა, რადგან "მხსნელმა" ტრასიდან ჩაბნელებულ გზაზე გადაუხვია, მერე კი, როცა ქალმა მანქანის გაჩერება სთხოვა, მშვიდად უთხრა, უნდა მოგკლაო. შიშისა და დაძაბულობის მიუხედავად, კეტლინმა კარგად დაიმახსოვრა გამტაცებლის იდეალურად გაწმენდილი ფეხსაცმელი და მისი სუფთა ჩაცმულობა, მოკლე წაბლისფერი თმა, საშუალო ზომის ცხვირი, უხეში ნიკაპი და სქელჩარჩოიანი სათვალე.

დაახლოებით ნახევარ საათში მამაკაცი უზარმაზარ ორმოსთან გაჩერდა. კეტლინმა დრო იხელთა და მანქანიდან გადმოხტა. ახალგაზრდა ქალი სიკვდილისგან შემთხვევით გამოჩენილმა მანქანამ იხსნა, რომლის დანახვაზე ზოდიაქო თვალს მიეფარა. კეტლინმა ფოტორობოტით გამოიცნო მოძალადე.

კეტლინ ჯოუნსი "ზოდიაქოს" ბოლო მსხვერპლი აღმოჩნდა, სერიული მკვლელი ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც გამოჩნდა. ნაყოფი არ გამოიღო არც ორმოცწლიანმა ძებნამ, არც 2 ათას ხუთასზე მეტი ეჭვმიტანილის, მათ შორის არტურ ლი ალენის დაკითხვამ, რომელიც ორი ათწლეულის მანძილზე ითვლებოდა მთავარ ეჭვმიტანილად. ალენი პოლიციამ 1971 წელს გაიცნო მისი ნათესავების წყალობით, რომელთაგან ერთ-ერთმა ჯერ კიდევ 1969 წელს დაინახა მის ხელში ზუსტად იმ ნიშნებითა და სიმბოლოებით მოხატული ფურცელი, როგორც ზოდიაქო გზავნიდა წერილებში. მოგვიანებით ექსპერტებმა ეჭვმიტანილის ხელნაწერი ზოდიაქოს წერილებს შეადარეს და მსგავსებაც აღმოაჩინეს, თუმცა სრული იდენტობა მაინც ვერ დადასტურდა.

არტურ ლი ალენი თავის ტკივილით იტანჯებოდა და ორივე ხელს ერთნაირად კარგად ხმარობდა. ხშირად ხედავდნენ ზოდიაქოს ფირმის საათით და რაც მთავარია, ყველა ეჭვმიტანილიდან მხოლოდ მას შეეძლო ყოფილიყო იქ და იმ დროს, სადაც ზოდიაქო სჩადიოდა საზარელ მკვლელობებს.

2002 წელს ზოდიაქოს წერილებიდან დნმ-ის აღებისა და გაშიფვრის შემდეგ, კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა ისედაც იდუმალებით მოცული ისტორია, რადგან სერიული მკვლელის დნმ არ დაემთხვა არტურ ალენის მონაცემებს და პოლიციამ სამუდამოდ დაკარგა თავსატეხის ამოხსნის იმედი.