"კანიბალების საქმეში" ბრალდებულ შენგელიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, დედის მკვლელობისთვის დაკავებულ ყოჩიაშვილს კი - 20 წლიანი პატიმრობა - კვირის პალიტრა

"კანიბალების საქმეში" ბრალდებულ შენგელიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, დედის მკვლელობისთვის დაკავებულ ყოჩიაშვილს კი - 20 წლიანი პატიმრობა

ე.წ. კანიბალების საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, ირმა ყოჩიაშვილს კი - 20 წლიანი პატიმრობა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა განუცხადა.

უფრო კონკრეტულად, ბექა შენგელია დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ დანაშაულში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მსხვერპლის სხეულის სხვა მიზნით გამოყენების ნაწილში სასამართლომ იგი გაამართლა. რაც შეეხება ირმა ყოჩიაშვილს, მას ამავე, 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"განაჩენის შესახებ ყველაზე საოცრება ის არის, რომ მესამე ნაწილში, რომელიც უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა, გამართლდა ბექა შენგელია. დარჩა მეორე ნაწილი და მაინც მიესაჯა უვადო პატიმრობა",- განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, დასაბუთებული განაჩენის წაკითხვამდე დამატებით ვერაფერს იტყვის, შემდეგ კი განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს, მათ შორის სტრასბურგში.

შეგახსნებეთ, რომ 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობა თბილისში, 19 ოქტომბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყოჩიაშვილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიება იმასაც ეჭვობს, რომ „ეს იყო რიტუალური მკვლელობა“.

აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის გარდაცვლილის შვილი ირმა ყოჩიაშვილი და მისი შეყვარებული, ბექა შენგელია.

ცნობისთვის, საქმეზე დავაკევბულ არასრულწლოვან ნინა ჩ.-ს წინა პროცესებზე უკვე მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. (იხილეთ: კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულ არასრულწლოვანს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რატომ აპირებს ჩვენების შეცვლას ბექა შენგელია?!)

"ინტერპრესნიუსი"