"ბრალდებულ მამალაძეს ციანიდი "დეზოდორის"თავსახურში ჰქონდა დამალული" - ახალი დეტალები "ციანიდის საქმეზე" - კვირის პალიტრა

"ბრალდებულ მამალაძეს ციანიდი "დეზოდორის"თავსახურში ჰქონდა დამალული" - ახალი დეტალები "ციანიდის საქმეზე"

"ბრალდებულს სურდა საკუთარი ხელით გაეხსნა "დეზოდორი", სადაც მალულად ჰქონდა ციანიდი და ისე დაემალა ის, რომ გამოძიებას ვერ ენახა. თუმცა მას შემთხვევით დაუვარდა ის და ეს მოწმეებმაც დაინახეს", - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლოს სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე მოწმეებმა ისაუბრეს იმ ფაქტებზე, რომლის მიხედვითაც მოხდა მამა გიორგი მამალაძის ბარგის დალუქვა აეროპორტში და მათივე თანდასწრებით უკვე საგამოძიებო უწყებაში დალუქული და დაუზიანებელი ბარგის შემოწმება.

პროკურორის თქმით, პროკურატურაში შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ დეკანოზ მამალაძეს ბარგში მომწამვლავი ნივთიერება - ციანიდი ჰქონდა.

"მოწმეების, კერძოდ, აეროპორტის საბარგო განყოფილების მესაზღვრეების თანდასწრებით დაილუქა ბარგი და მათივე თანდასწრებით მოხდა უკვე ამ ბარგის გახსნა პროკურატურაში. მათ დაადასტურეს, რომ ბარგში მომწამვლავი ნივთიერება - ციანიდი აღმოჩნდა. კერძოდ, თავად ბრალდებულმა ამოიღო "დეზოდორი", რომლის თავსახურში ჰქონდა ფარულად დამალული საწამლავი. ბრალდებულს სურდა, დაემალა ისე, რომ გამოძიებას ვერ ენახა, თუმცა მას დაუვარდა თავსახური და ყველამ დავინახეთ ციანიდი. ეს საკუთარ ჩვენებაში მოწმეებმაც აღნიშნეს", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მისივე თქმით, არსებობს აეროპორტში გაკეთებული ფოტომასალა, რომელიც ბარგის დალუქვას ეხება და სადაც ჩანს, რომ მამალაძის ბარგი ყველანაირი კანონის დაცვით ილუქება.

"ინტერპრესნიუსი"