ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საქართველოში უკანონოდ დასჯილ თუ მოკლულ ადამიანთა დოსიეს ითხოვს - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საქართველოში უკანონოდ დასჯილ თუ მოკლულ ადამიანთა დოსიეს ითხოვს

როგორც ჩანს, დადგა დრო, როცა ევროპას ქართული დემოკრატიის აღარ სჯერა. ადამიანის უფლებების დარღვევის უპრეცედენტო ფაქტებმა, ზეწოლამ ბიზნესზე, ქართველი საზოგადოების გმინვამ შეაღწია ევროპარლამენტის კედლებში.

1-ელ მარტს ბრიუსელში უფლებების დამცველთა ქართული ჯგუფი ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰეიდი ჰაუტალას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ რადიო "France-24"-ის კორესპონდენტი გიორგი ფოფხაძე და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ჩვენ ბრიუსელში დავუკავშირდით გიორგი ფოფხაძეს: - ჰეიდი ჰაუტალა, წარსულში ფინელი პოლიტიკოსი, გავლენიანი ფიგურაა ევროპაში. სათავეში უდგას ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს ორგანოს. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაც კი ვალდებულია, ჰაუტალას ანგარიში ჩააბაროს.

შეხვედრის დროს განვიხილეთ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის უმძიმესი ფაქტები, მათ შორის გვანცა ყუფარაძის უკანონო პატიმრობა. გადაწყდა, რომ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სისტემატურად მიეწოდოს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ. საქმეებს დეტალურად შეისწავლიან, ქვეკომისია განიხილავს და გადაწყვეტს, დაინიშნოს თუ არა საკომიტეტო მოსმენა. სავარაუდოდ, 2011 წლის სექტემბრისთვის დაიგეგმება. ასეთი რანგის შეხვედრაზე ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ოცნებაც კი წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჰააგის სარჩელის ავტორს, შალვა ხაჭაპურიძეს დაიბარებდნენ და ადამიანის უფლებების საკომისიო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლას შესთავაზებდნენ.

6 თვის წინ ვეხვეწებოდი ჰაუტალას, თუნდაც ერთ ქართველ უფლებადამცველს შეხვდით-მეთქი, მპასუხობდა, არა მგონია, საქართველოში ასე ცუდად იყოს საქმეო". როცა ევროპელებს ვეუბნებოდი, ძალიან ცუდად არის საქმე-მეთქი, მპასუხობდნენ, რა ვქნათ, ვიცით, რომ არის დარღვევები, მაგრამ საქართველო დემოკრატიის შუქურა და საყრდენია კავკასიაშიო. დღეს სხვა ვითარებაა.

აქ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური ფირმები კარგად მუშაობენ. ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა, დღეს თქვენს პრეზიდენტთან ვარ ლანჩზე მიწვეულიო. ბრიუსელი ლობისტების ქალაქია. ჩვენც კი, ჟურნალისტებს, თუ ვინმესთან შეხვედრა გვჭირდება, ლობისტური კანტორების გარეშე ფონს ვერ გავდივართ. ხან ლანჩზე ვეპატიჟებით საჭირო პერსონას და ხან რესტორანში.

სააკაშვილის პიარკომპანიები ამ მიმართულებით დიდძალ ფულს იხდიან.

ცხადია, ამ ხრიკებმა ერთხანს გაჭრა, მაგრამ ცეცხლს თივაში ვერ დამალავ. სამი თვის წინ მოვახერხე და ჰაუტალას ვაზაგაშვილის საქმე გადავეცი. მხოლოდ იმიტომ დაინტერესდა, რომ საქმეში ანგელა მერკელის წერილი იდო. ჩემდა გასაოცრად,  ჰაუტალამ თვითონ გამომიგზავნა წერილი და მთხოვა, სასწრაფოდ მომეწყო შეხვედრა საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

მთხოვდა ჯგუფში მერაბ რატიშვილის მეუღლის ჩართვასაც, რადგან მერაბ რატიშვილი ევროპისთვის ცნობილი პოლიტპატიმარია. მოულოდნელად ჰაუტალამ შეხვედრაზე განაცხადა, ვიცით საქართველოში რა მდგომარეობაა, ახლა ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ, რომ ეს აღიკვეთოსო და მოითხოვა უკანონოდ დასჯილ თუ მოკლულ ადამიანთა დოსიე, რომელსაც აპრილში ბრიუსელში შიდასაკომიტეტო მოსმენაზე დეტალურად განიხილავენ.

ისეთმა გავლენიანმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა "საერთაშორისო ამნისტია" "ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ლიგა", "ჰელსინკის კავშირი", გამოაქვეყნეს დასკვნები, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები გაცილებით ხშირად და უხეშად ირღვევა, ვიდრე "ვარდების რევოლუციამდე".