"თუ საქართველოს საკითხს ტრამპი მაიკ პენსს გადააბარებს, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ" - რას გვეუბნება ტრამპის საკადრო პოლიტიკა? - კვირის პალიტრა

"თუ საქართველოს საკითხს ტრამპი მაიკ პენსს გადააბარებს, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ" - რას გვეუბნება ტრამპის საკადრო პოლიტიკა?

დონალდ ტრამპის არჩევიდან ერთი თვის თავზე ჯერ მისი საგარეო პოლიტიკის კონტურებიც არ გამოკვეთილა.

ერთადერთი, რითიც მის საგარეო პრიორიტეტებზე შეიძლება ვიმსჯელოთ, მისი გუნდია. ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს ტრამპის მიერ შერჩეული თავდაცვის მდივანი "ცოფიანი ძაღლის" მეტსახელით ცნობილი გენერალი ჯეიმს მატისი და პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში მაიკლ ფლინი წარმოადგენს, აგრეთვე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

აშშ-ის საზღვაო კორპუსის გენერალი და ცენტრალური სარდლობის ყოფილი მეთაური ჯეიმს მეტისი რუსეთის მიმართ მკაცრი პოზიციით გამოირჩევა, ზუსტად აფასებს რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს, გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ნამყოფია საქართველოში და კარგად იცნობს საქართველოს და მის პრობლემატიკას. გენერალი მატისი აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამი უდიდეს საზრუნავი "ირანი, ირანი და ირანია". ამიტომ, დიდი ალბათობით, ის ირანის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას და გამკაცრებას დაუჭერს მხარს.

რუსეთის მიმართ ასეთივე მკაცრი დამოკიდებულება აქვს ვიცე-პრეზიდენტ, კონსერვატორ მაიკ პენსსაც, რომლის ხისტი შეფასებები პუტინის პოლიტიკის მიმართ, წინასაარჩევნო პერიოდში, აშკარად განსხვავდებოდა ტრამპის კეთილგანწყობილი რიტორიკისგან. საქართველოს პრობლემატიკის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე, ამერიკელი ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი წერს, რომ "თუ ტრამპი წარმართავს საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკას, ეს შეიძლება პრობლემად იქცეს ამ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნისთვის, მაგრამ თუ საქართველოს საკითხს ტრამპი მაიკ პენსს გადააბარებს, მაშინ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ".

ერთგვარად წინააღმდეგობრივი ფიგურაა მაიკლ ფლინი, სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც ამერიკელები ახასიათებენ, როგორც "საუკეთესო დაზვერვის ოფიცერს ბოლო 20 წლის განმავლობაში".

სწორედ მან შექმნა "სპეციალური ოპერაციების გაერთიანებული შტაბის" ფორმატში ტერორისტების გამოვლენისა და განეიტრალების უნიკალური ქსელი. ამიტომ, მის დამსახურებად თვლიან იმას, რომ ამერიკამ თავიდან აიცილა 2001 წლის 11 სექტემბრის მასშტაბის ტერორისტული თავდასხმები. ამასთანავე, ის აღიარებს პუტინს, როგორც ანგარიშგასაწევ მოწინააღმდეგეს, რომელმაც შეზღუდა აშშ-ისა და ნატო-ს გავლენები და შესაძლებლობები როგორც უკრაინაში, ასევე სხვა ქვეყნებში. ფლინს ხშირად ახსენებენ, რომ ის პუტინის გვერდით იჯდა ინგლისურენოვანი რუსული ტელეარხის "რუსეთი დღეს"იუბილეზე. ეს არხი დღეს რუსული პროპაგანდის მთავარ იარაღად ითვლება მსოფლიოში.

მაიკლ ფლინმა უნდა უხელმძღვანელოს აშშ-ის უმნიშვნელოვანეს სტრუქტურას, ფაქტობრივად, სტრატეგიული დაგეგმვის ტვინს, სადაც თავს იყრის მთელი ინფორმაცია პენტაგონიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან თუ დაზვერვისა და უსაფრთხოების სხვადასხვა სამსახურებიდან. სხვადასხვა დროს ფლინის წინამორბედები ამ პოსტზე იყვნენ ჰენრი კისინჯერი და ზბიგნევ ბჟეჟინსკი, ამერიკის ორი უდიდესი სტრატეგოსი. მათ ფონზე ფლინი, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა. მაგალითად, ის ხშირად იყენებდა სოციალურ ქსელ "ტვიტერს" "ეგზოტიკური" ჭორების გასავრცელებლად, რომ თითქოს ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი ოკულტურ რიტუალებში მონაწილეობს; რომ თავად კლინტონი ბავშვთა ტრეფიკინგშია ჩართული და ფარულად ებრძვის კათოლიკურ ეკლესიას, ხოლო ობამა "ჯიჰადისტია" და ფულებს ათეთრებს მუსლიმი ტერორისტებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ჭორები ღიმილისმომგვრელია, მაგრამ ამერიკელი ანალიტიკოსები წუხან, რომ ისინი სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ინტერნეტ გვერდზეც ჩნდება.

სოციალური ქსელების, ინტერნეტმედიის მიმართ თავად დონალდ ტრამპის დამოკიდებულებაც განსაკუთრებულია. ის დღემდე ყველა თავისი ნაბიჯის თუ ემოციის შესახებ დაურიდებლად ატყობინებს საკუთარ ამომრჩეველს სწორედ "ტვიტერის" მეშვეობით, რადგან ის მიიჩნევს რომ ინფორმაციის ტრადიციული საშუალებები - ტელევიზიები და გაზეთები მის მოქმედებების მოტივებს ამახინჯებენ და არასწორად მიაქვთ საზოგადოებამდე.

ასევე გამოირჩევა ტრამპი ამერიკის უსაფრთხოების სამსახურების მიმართ კრიტიკით, ხანდახან უნდობლობითაც. მაგალითად, ის მიიჩნევს, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურები პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდნენ, როცა განაცხადეს, რომ ჰილარი კლინტონის და დემოკრატიული პარტიის ელექტრონული ფოსტები რუსეთის ხელისუფლების დავალებით გატეხეს. ტრამპს არ სჯერა, რომ ამაში რუსეთის ხელი ურევია და ირიბად მიანიშნებს, რომ ამერიკის სადაზვერვო თანამეგობრობა ამ გზით კლინტონის მხარდაჭერას ცდილობდა. თავის მხრივ, კი ჰილარი კლინტონიც ბრალს დებს ამერიკის უსაფრთხოების სამსახურებს, რომ სწორედ მათი უშუალო ძალისმხევით მოვიდა ტრამპი ხელისუფლების სათავეში, რადგან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ჰილარის წინააღმდეგ მიზანმიმართულად გამოქვეყნებულმა ბრალდებებმა, გამანადგურებელი დარტყმა მოახდინა მის რეიტინგზე.

ასე რომ, ამერიკის სპეცსამსახურები ორმხრივი ცეცხლის ქვეშ მოქცნენ. ტრამპის ადმინისტრაციის გამართულ მუშაობას კი არა მხოლოდ მთელი ამერიკა, არამედ დანარჩენი მსოფლიოც მოლოდინისგან გაფართოებული თვალებით ელოდება.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ჯეიმს მატისი, მაიკლ ფლინი, მაიკ პენსი.