ნიკო ფიროსმანი 150 - კვირის პალიტრა

ნიკო ფიროსმანი 150

8 დეკემბერს ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის დიდი გამოფენა გაიხსნა, რომელიც მისი დაბადების 150 წლისთავს მიეძღვნა. ეროვნულ გალერეაში გარდა ექსპოზიციისა, წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი პროგრამაც, ჩატარდება ლექციები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის. მსგავსი მასშტაბის ექსპოზიცია საქართველოში უკვე დიდი ხანია არ გვქონია, ეროვნული მუზეუმის დირექტორი - ბატონი დავით ლორთქიფანიძე განსაკუთრებით ელოდა ამ დღეს, აღნიშნა კიდეც, ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ასეთი დიდი მოვლენა წელიწადში ერთხელ თუ მოხდებაო...

დღეს ნიკო ფიროსმანის სახელით საქართველოს კულტურასა და ისტორიას წარვადგენთ მსოფლიოში!

არ ჰქონდა სახლი, მაგრამ დუქნებში ღვინის კასრებზე, ან ცარიელ მაგიდებზე ხომ შეეძლო ეხატა. მისი ტილოები დუქნებში იყო გამოფენილი... ზოგი ვაჭარი ძალიან ცუდად ეპყრობოდა მხატვარს, ზოგი უფრო თანაუგრძნობდა... მისი კეთილისმყოფელი იყო მედუქნე ბეგო იაქაშვილი. მისი დუქანი რიყის ქუჩაზე იდგა და შიგ ნიკოს 15-მდე ნახატი ჰქონდა გამოფენილი. თავის დროზე ბეგოს შეხვდნენ ილია და კირილე ზდანევიჩები, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, გოგლა ლეონიძე. ბეგოს ნახატების ნაწილი მუზეუმშია, ნაწილი კი დავით კაკაბაძის ოჯახშია დაცული.

"ბეგო აღფრთოვანებით იგონებს იმ ხუთ-ექვს წელიწადს, როცა ფიროსმანაშვილი მასთან იყო შეკედლებული. დუქანში ბეგოს პატარა ოთახი ჰქონდა. აქა ცხოვრობდა და მხატვრობდა ფიროსმანი 1905-10 წლებში.

ოთახის მოწყობილობა იყო პატარა ტახტი, ერთი ძველი ვედრო, ფუნჯები, ბოთლები, კირი, საღებავები... მუდამ ხატავდა, ხან თავისთვის, ხან ბეგოსთვის. მართალია, ბეგოს კარის მხატვარი იყო, მაგრამ სხვასთან მუშაობას არ უშლიდა. პირიქით, ბეგო ეუბნებოდა ნაცნობებს: დაახატვინეთ, სარგო მიეცით! მაგრამ ნიკალა შემოსავალს არ ეძებდა", - წერს კირილე ზდანევიჩი...

"მისი ხელიდან სიკეთე გამოდიოდა, სიავე არა", - ამბობდა ბეგო.

1913 წელს, როცა ზამთრის არდადეგებზე თბილისში ჩამოვიდა, ილია ზდანევიჩმა მოინახულა ნიკო ფიროსმანაშვილი, რომელიც მუშაობდა და ცხოვრობდა ნახევრად ბნელ ღვინის სარდაფში მალაკნების ქუჩაზე მედუქნე სანდრო კოჭლაშვილთან.

"- ღარიბად ვცხოვრობ, სურათების შემკვეთები ძალზე უმეცრები არიან, - უთხრა ნიკომ, მერე შესჩივლა სამუშაო ოთახი ნათელი უნდა იყოსო... აქ მუშაობა არ შეიძლება, ღვინოს მაძალებენო... ისიც სთხოვა, ოთახი რომ მჭირდება, ნურც ერთ მედუქნეს ნუ ეტყვიო... ამაყი იყო."

მედუქნე სოზაშვილთანაც ხშირად ჩადიოდა, მოითხოვდა არაყს, მწვანილს და ჩუმად იჯდა. თუ სხვა მოქეიფეები დაპატიჟებდნენ, ერთს კი ეტყოდა ზრდილობიანად უარს... თუ არ მოეშვებოდნენ, ძალიან სწყინდა. მისი ხასიათი ყველამ იცოდა და ერიდებოდნენ, მოკრძალებით ექცეოდნენ.

სოზაშვილი იხსენებდა: "ნიკო იყო მაღალ-მაღალი, ჭაღარაშერეული, ახოვანი, ჯანსაღი და წარმოსადეგი ვაჟკაცი. ეხურა ქუდი-ჟოკე, ეცვა შავი პიჯაკი, შავი შარვალი და ასეთივე პალტო. თავის სიღარიბეში სუფთა კაცი იყო, ბოლოს ცოტა მოეშვა. ხმა ჰქონდა ბოხი, ძალიან მშვიდი და უწყინარი კაცი იყო, მეც გულმხურვალედ ვუყვარდი, როგორც იქაური სიძე. ცოლი ქიზიყელი ქალი მყავს... ძალიან უყვარდა ვაჟა-ფშაველა, სხვათა შორის, ნიკო თვითონაც წერდა ლექსებს. კაი პოეტი იყო. მე და ჩემ მეუღლესაც გვინახამს მისი ლექსების რვეული. სად არის ახლა იგი, არ ვიცი.

დიდი მოყვარული იყო ქართველი ერის. ნიკო ვერ ითმენდა რუს მოხელეებს და გოროდვეებს.

ამბობდა რომ მეტად გაგვაბინძურესო...

1913 წელს ვახატვინებდი დიდ სურათს "რთველი" ... სურათის პლანს მე ვაძლევდი. ვატყობდი, ძალიან სწყინდა ჩემი თავზე დგომა და ერთხელ მომიბრუნდა: წადი აქედან, შენ გიყურო თუ ამასაო... ჩემი შენიშვნა იყო დაბალი ხარების გამოყვანაზე: ამის გაგონებაზე ნიკომ დასდო ყალამი და მთელი ერთი კვირა აღარც შემოუხედნია...

ბინა არა ჰქონდა, სადაც ხატავდა, იმ ღამითაც იქ იძინებდა. როცა საქმე არა ჰქონდა, დადგებოდა დუქნის კარებთან და ღიმილით იტყოდა: აბა, რა დაგიხატოთო. სურათი "რთველი" ორი კვირა ხატა სვენებ-სვენებით. ძალიან ხელბარაქიანი მხატვრობა ჰქონდა, თუმცა გაბმით არ უყვარდა ხატვა. ცოტას მოუსვამდა კლიონკაზე სამხატვრო ყალამს, მერე არაყს გადაჰკრამდა და ასე და ასე"...

"ჩვენი მხატვარი ლოთი ნიკალა" - ასე ეძახიან ყველანი, ვისთანაც ჰქონია ნაცნობობა ან მეგობრობა.

როცა ნიკალას ცხოვრებით უამრავი ადამიანი დაინტერესდა, როცა მის ნახატებს ლამის სანთლით ეძებდნენ, მედუქნეები მსუქან ხელებს წელზე შემოირტყამდნენ და თავის გადაქნევით იტყოდნენ ხოლმე: "სად იყავით მაშინ? მაგრამ თუ ნიკალა დიდი კაცი გამოდგა, ქება და დიდება ისევ ჩვენ, - ჩვენმა პურმარილმა გააძლებინა".

ვინ იცის, რამ გააძლებინა...

ბოლოს ისე გაგვიქრა, როგორც ფიფქი ხელისგულზე დაცემული, დაგვრჩა მხოლოდ ფასდაუდებელი მემკვიდრეობა - გენიალური სურათები, რომლებსაც გამოფენაზე კიდევ ერთხელ ვნახავთ და შევაფასებთ...

(სპეციალურად საიტისთვის)