ნინა სუბლატი: "არა მგონია, ბერას ისე ვუყვარდე, ჩემთვის ამდენი ხმა გამოეგზავნა" - კვირის პალიტრა

ნინა სუბლატი: "არა მგონია, ბერას ისე ვუყვარდე, ჩემთვის ამდენი ხმა გამოეგზავნა"

"საქართველოს ვარსკვლავის" ახალი გამარჯვებული ორშაბათს გამოვლინდა. ნინა სუბლატმა ხმების 47% მიიღო. მას სანატრელი პრიზები ერგო - ალბომს ჩაწერს და სასწავლებლად ლონდონში გაემგზავრება. როგორ შეაფასებს კონკურსს და კონკურსანტებს, რატომ დაშორდა შეყვარებულს, რა შეხედულება აქვს ქართულ შოუბიზნესზე, როგორ პასუხობს ეკა კვალიაშვილის მილოცვას და ჭორებს იმის შესახებ, თითქოს ბერამ დააფინანსა - ამ თემებზე "საქართველოს ვარსკვლავს" ვესაუბრეთ.

- ნინა, გილოცავთ გამარჯვებას. საკონკურსო პერიოდს როგორ შეაფასებ და რომელ ტურს გამოარჩევ?

- რაც შეეხება საკონკურსო პერიოდს,ბევრი რაღაც ვისწავლეთ და მივიღეთ თავად მაყურებლებისგანაც. გამორჩეული ტური, ალბათ, ირაკლი ჩარკვიანის ტური იყო. ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ჩარკვიანი ისეთია, როგორიც მთელი მსოფლიოს გენიოსები არიან. მაგალითად, "დიფ ფარფლი" ავიღოთ, მათი ტური გვქონდა. ირაკლი ჩარკვიანიც მუსიკალური გენიოსია. შესაბამისად, ძალიან რთულია, მისი სიმღერის შესრულებას ხელი მოკიდო, რადგან ვერავინ იტყვის, რამდენად კარგი გამოვა შესრულება.

- ერთ-ერთ კონკურსანტზე, ირაკლი ფუტკარაძეზე გკითხავ. ალბათ იცი, რა თქვა მარინა ბერიძემ მასზე. ირაკლიმ პროექტის მიმდინარეობისას საზოგადოებაშიც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა.ელოდი, რომ ფინალში ვერ მოხვდებოდა და საერთოდ, როგორ შეაფასებ მას, როგორც მომღერალს?

- ირაკლი ფუტკარაძეს, როგორც მომღერალს, ძალიან ვაფასებ, რადგან ის 15 წლის არის და მისი მონაცემებით მართლა აღვფრთოვანდი, როცა მაიკლ ჯექსონის სიმღერა შეასრულა, რომელიც ურთულესია და მით უმეტეს, ასეთი პატარა ბავშვისთვის. ირაკლიმ ძალიან ბევრი გააკეთა, იმიტომ, რომ 15 წლის ასაკში დადგა ფილარმონიის სცენაზე, ის მთელმა საქართველომ გაიცნო და მთელმა საქართველომ აღიარა, თითქმის ყოველ ტურზე ლიდერი იყო. მარინა ბერიძის შეფასებას რაც შეეხება, ეს ჩემი საქმე არ არის. მე არ ვაკვირდები, სხვები ერთმანეთს როგორ აფასებენ.

- როგორ ფიქრობ, მარინა ბერიძე რომ ჟიურის წევრი ყოფილიყო, კონკურსი რითი იქნებოდა განსხვავებული? ამბობენ, რომ წელს ჟიური ძალიან ლმობიერი იყო.

- წარმოდგენა არ მაქვს, ამ შემთხვევაში როგორი იქნებოდა პროექტი. "ჯეოსტარს" ვუყურებდი და იქ არც იყვნენ ისეთი ძლიერი კონკურსანტები, როგორიც წლევანდელ "საქართველოს ვარსკვლავზე". ჟიური ნამდვილად არ ყოფილა ზედმეტად ლმობიერი. წელს ისე მოხდა, რომ ჟიურის თითოეულ წევრს თავისი ფავორიტი ჰყავდა. თუნდაც, ამბობენ, მიშა მხარს ნინას უჭერსო. რატომღაც, მარტო მიშაზე და ნინაზე გაამახვილეს ყურადღება და არა ზაზაზე და ნუკაზე. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მაგარი ნაშრომი გამოგვქონდა სცენაზე, პოზიტიურ კომენტარებს მაინც არ ვიღებდით. უარყოფითი შეფასებები ძირითადად, არ კეთდებოდა, მაგრამ რამდენჯერმე მაინც მოხდა, თუნდაც ჩემთან დაკავშირებით, რის მოყოლასაც არ დავიწყებ, მაგრამ ხალხმა ეს შეამჩნია და ამ ყველაფერს საჭირო კომენტარებიც მოჰყვა. საერთო ჯამში, ნეგატიური კომენტარები ხშირად, უბრალოდ, ვერ გაკეთდებოდა, რადგან პროექტში ყველა ძალიან მაგარი იყო.

- რა შეცვალა პროექტში გამარჯვებამ შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

-  ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა, მაგრამ მე იმაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ სასურველი პრიზები მოვიპოვე: სასწავლებლად მივდივარ ლონდონში და ალბომს ვწერ. სასტუმროს ნომერიც მე მეკუთვნის, მაგრამ კაცმა არ იცის, როდის აშენდება და საერთოდ, აშენდება თუ არა. მატერიალურზე არც ვფიქრობ. 23 კვადრატულ ჰაერზე არც აქამდე ვფიქრობდი და არც ახლა ვფიქრობ. ძალიან მიხარია, რეალური პრიზები რომ მომცეს.

- ხალხს შენი პირადი ცხოვრება ძალიან აინტერესებს. როგორც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვი, პირადი ურთიერთობები იმიტომ აგერია, რომ მთლიანად კონკურსზე იყავი გადართული. ამბობდი, რომ პრობლემების მოგვარების იმედი გქონდა. მოგვარდა თუ ჯერ არა?

- არა და არც აპირებს მოგვარებას. ისეთი არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ, ჩემი აზრით, როცა შენი მეორე ნახევარი, არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში მე ვიქნები, პიტო იქნება თუ ვინმე სხვა, კარიერაში რაღაცის მიღწევას ცდილობს, ყოველთვის რაღაც კომპლექსი ჩნდება წარმატებული ადამიანის მიმართ. სავარაუდოდ, მასაც ეს კომპლექსი გაუჩნდა, იმის მიუხედავად, რომ ყველგან, სადაც ვჩნდებოდი, თუნდაც ქასთინგზე, ჟურნალში, გადაცემებში, ყველაფერში და ყველაფერზე პიტოს ვუსვამდი ხაზს და ყოველთვის მას აღვნიშნავდი. იმის გამო, რომ კომპლექსი გაუჩნდა, რაღაცები დაიძაბა და დავშორდით. თვითონ აპირებს თუ არა ამის მოგვარებას, არ ვიცი, მე, ყოველ შემთხვევაში, არ ვაპირებ და ვნახოთ რა მოხდება, დრო გვიჩვენებს.

- ზემოთ ქართული შოუბიზნესი გაკვრით ახსენე. როგორ შეაფასებ ქართულ ესტრადას?

- ჯერ იმაში უნდა გავერკვე, თუ ვინ წარმოადგენს ქართულ ესტრადას. წარმოდგენა არ მაქვს, თუ ასეთები არსებობენ. 18 წელია ვარსებობ და ქართული ესტრადა არ შემიმჩნევია. ყოველ შემთხვევაში, მინდა, რომ არსებობდეს და ერთ-ერთი დამწყები მე ვარ.

- კონკურსში გამარჯვებულები, საერთოდ, იგებენ პრიზებს და ცოტა ხნის შემდეგ მათთვის ყველაფერი ისევ ძველებურად არის, რადგან უცხოეთში გზას ვერ იკვალავენ, საქართველოში კი შოუბიზნესი მართლაც ცუდ მდგომარეობაშია...

- "საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონის პრინციპი ზუსტად ის იყო, რომ გამარჯვებულისთვის მატერიალური საჩუქრები არ გადაეცათ. წანა სეზონის გამარჯვებულმა, ლუკა ზაქარიაძემ სახლი და ავტომობილი მოიგო. სიმღერაში რა მხრივ შეიძლება, სახლმა ან მანქანამ ხელი შეგიწყოს, წარმოდგენა არ მაქვს. ყოველ შემთხვევაში, მე ხელს არ შემიწყობდა. შესაბამისად, მე ისეთი პრიზები მხვდა წილად, რომელიც პროფესიულად ძალიან დამეხმარება. თუნდაც, საქართველოში ალბომმა რომ არ გაამართლოს და ზუსტად ვიცი, რომ ალბომი გაყიდვადი არ იქნება, რადგან ქართველებს ალბომების ყიდვა გვეზარება ხოლმე, მაინც კარგი სიმღერები იქნება და რიანას მაგივრად მე მომისმენენ.

- ამბობენ, რომ ნინა სუბლატს ფინალზე ყველაზე გულისამაჩუყებელი ვიდეო გაუკეთეს და შენს გამარჯვებას ამას აბრალებენ...

- როცა მაყურებელი რთავს ტელევიზორს და ნინა სუბლატს უყურებს, რატომღაც არა მგონია, თავში ასეთი იდეა მოსდიოდეს: "ახლა თუ გავიგებ, მამამისთან ცუდი ურთიერთობა რომ აქვს, დავურეკავ". მე ამას არ ვიზამდი და სხვამ თუ ქნა, არ ვიცი, მაგრამ ცოტა ლოგიკას მოკლებულია. ასევე, ნუკას ვიდეოზე შემიძლია ის ვთქვა, რომ ნუკა ორსულადაა, შესაბამისად ორსულობის დროს ძალიან ბევრს მუშაობდა და ეს უფრო გულისამაჩუყებელია. იტყვიან, რომ ორსული გოგოა, ბევრი იმუშავა, რამდენი იწვალა. მით უმეტეს, ნუკამ აღნიშნა, რომ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, ტოქსიკოზი ჰქონდა. ასე რომ, ალბათ, ნუკას ვიდეო უფრო გულისამაჩუყებელი იყო, ვიდრე ჩემი.

- როგორ ფიქრობ, რამ ითამაშა მთავარი როლი, რომ ხალხის სიმპათია დაიმსახურე და გამარჯვებული გახდი?

- მთავარი როლი მხოლოდ იმან ითამაშა, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, რაც ამ პროექტში უნდა გამეკეთებინა. ისეთი რაღაც, რაც მე გავაკეთე, ჩემი აზრით, აქამდე არავის გაუკეთებია. ისეთი "პერფორმანსი", როგორიც მე მქონდა, არა მგონია, სხვას აქამდე ენახოს.

- ნუკა გვალიას დედამ, ეკა კვალიაშვილმა გამარჯვება მოგილოცა. როგორც შენი საპასუხო კომენტარიდან შეიძლება, დავასკვნათ, დიდად არ გესიამოვნა, რომ მან ხაზი იმას გაუსვა, თითქოს "რუსთავი2-ის რჩეული" გახდი...

- ამ შემთხვევაში, ეკა კვალიაშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის ჩემი მეგობრის, ნუკა გვალიას დედაა. მიხარია, რომ ამ ორ ადამიანს ვიცნობ. სამწუხაროა, რომ მან ასეთი კომენტარი გააკეთა, მაგრამ არა მგონია, 100%-დან 47% რუსთავი2-ის ყოფილიყო. ეს იყო მთელი მოსახლეობის თითქმის 50%. დიდად არ მაინტერესებს, ვინ რა კომენტარს გააკეთებს. მე ჩემი საქმის კეთებას ვაგრძელებ და მხოლოდ და მხოლოდ ადეკვატური ადამიანების რჩევას (და არა შეფასებას) ვუსმენ. რჩევა რომ მოეცა, გავითვალისწინებდი.

-შენ ბერას სტუდიაში დადიოდი და ხალხი კონკურსის დაწყებისთანავე შენ გამარჯვებას ვარაუდობდა, რადგან ამბობდნენ, რომ ბერა მესიჯებით უზრუნველგყოფდა...

- ჩემი მიზანი ხალხის გაჩუმება არ არის, პირიქით, ჩემი აზრით, შავი პიარი ყველაზე კარგი პიარია. ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ბერასთან თანამშრომლური და მეგობრული ურთიერთობა მქონდა და არა სხვა. პირად ურთიერთობებზეც ილაპარაკონ, მაგას რა ჯობია, სალაპარაკო არ დაილევა. ბერას თუ ჩემთან მოუნდებოდა თანამშრომლობა, მის სტუდიაში ვიქნებოდი და არა რუსთავი2-ში. არც იმას ვფიქრობ, რომ ისე ძალიან ვუყვარდე, ჩემთვის ამდენი ხმა გამოეგზავნა. სანამ არ მიხვდება ქართველი ერი, რომ ადამიანმა ძალიან ბევრი თუ არ იშრომა, ვერაფერს მიაღწევს, იქამდე არაფერი არ გვეშველება. მე ვიშრომე და მივაღწიე. იმასაც ამბობდნენ, რომ ჩემი ყოფილი შეყვარებულიც მაფინანსებდა, რომელიც "ტოპ შოპში" მუშაობს და ხელფასი სულ რაღაც 300 ლარი აქვს. თურმე მან მომაგებინა, მაგრამ არ ვიცი, ეგ როგორ მოხდა. ეტყობა, მთელი 300 ლარი გამომიგზავნა და მოვიგე, არ ვიცი. ფაქტი ფაქტია, გავიმარჯვე და მოდი, შემარგეთ რა.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)