"ეკლესიიდან მოვდიოდი, სიმღერას ვუსმენდი..." - როგორ დაჭრეს რეპერი კაბუ - კვირის პალიტრა

"ეკლესიიდან მოვდიოდი, სიმღერას ვუსმენდი..." - როგორ დაჭრეს რეპერი კაბუ

"უკვე კარგად ვარ, მე ტყვია არ მეკარება"

"თავჩაღუნული ჩემთვის მივდიოდი, სიმღერას ვუსმენდი, რაღაც მეტკინა, წავიქეცი და ეგ იყო"

"ორი დღეა ვფიქრობ და ვერ გავიხსენე, ვინმეს რამე თუ ვაწყენინე"

გუშინ საღამოს, ვერაზე, ლურჯი მონასტრის ტერიტორიაზე მსახიობი და რეპერი კაბუ (იგივე კახა აბუაშვილი) უცნობმა პირებმა ბარძაყის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. ღამე მას ოპერაცია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ჩაუტარდა, დღეს თავს კარგად გრძნობს და ხვალ უკვე სახლში გაეწერება.

სანამ კაბუ საკუთარ აზრს დააფიქსირებდა, ქალაქში უამრავი ჭორი გავრცელდა, მისი დაჭრა სხვადასხვა ფაქტს დაუკავშირეს. ზოგის აზრით, კაბუ ქურდებმა დაჭრეს, რადგან ერთ-ერთ გადაცემაში ქურდებზე იხუმრაო, ზოგი ამბობდა, მისი გაძარცვა უნდოდათო. თავდასხმის დეტალებზე კი კაბუმ ჩვენთან ისაუბრა (სტილს უცვლელად გთავაზობთ):

კაბუ (კახა აბუაშვილი) :

- ისევ საავადმყოფოში ვარ, მაგრამ უკვე კარგად ვარ, მე ტყვია და დანა არ მეკარება. ეკლესიიდან მოვდიოდი და რომ წავიქეცი, ეგ მახსოვს. "დაჟე" ვერც დავინახე ვერაფერი, თავჩაღუნული ჩემთვის მივდიოდი, სიმღერას ვუსმენდი, რაღაც მეტკინა, წავიქეცი და ეგ იყო.

- არავიზე არ გაქვთ ეჭვი?

- არა ტო, რა ეჭვი, მე ეჭვი საერთოდ არავიში არ მეპარება, ჩემო კარგო, უეჭვო ადამიანი ვარ.

- საავადმყოფომდე ვინ მიგიყვანათ?

- სანამ გავითიშებოდი, მეგობარს დავურეკე, მომაკითხა და მან წამიყვანა.

- აქამდე არასდროს გინახავთ, ვინც დაგჭრათ?

- საერთოდ გონზე არ ვარ, ვინ იყვნენ. ჭორები რომ გავრცელდა, ვითომ ქურდები იყვნენო, ეგ "ბაზარი" სასაცილოა, ტყუილია.

- კიდევ გავრცელდა ჭორი, რომ გასაძარცვად დაგესხნენ თავს.

- არა ჩემო საყვარელო, რა მაქვს მე გასაძარცვი, რა მიდევს ჯიბეში, რა უნდა "აეხიათ"? ერთი ცარიელი "ბუმაჟნიკი" მედო ჯიბეში, შიგნით ხუთმანეთიანი და ყელზე ხის ჯვარი მეკეთა.

- თავდამსხმელები არც სახეზე დაგინახავთ და არც არაფერი უთქვამთ, ისე დაგესხნენ თავს?

- აი ეგრე. საშინელებაა, საშინელება, გაგიჟდები პირდაპირ.

- რამე ძველი ამბავი ხომ არ იყო და ვინმემ ცუდად გაგიხსენათ?

- ორი დღეა ვფიქრობ და ვერ გავიხსენე, ვინმეს რამე თუ ვაწყენინე. მე თვითონ ვერ გავიგე ჯერ, რა ხდება. რაც მთავარია, მე კარგად ვარ.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით, ამჟამად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ეკა ჩიკვაიძე (სპეციალურად საიტისთვის)