სარა ჯესიკა პარკერი ქალებს სექსზე თამამად ლაპარაკში დაეხმარა - კვირის პალიტრა

სარა ჯესიკა პარკერი ქალებს სექსზე თამამად ლაპარაკში დაეხმარა

სერიალ "სექსი დიდ ქალაქში"  მომხიბლავი გმირის შემსრულებელს 49 წელი შეუსრულდა. თუმცა, სარა ჯესიკა პარკერი უწინდებურად ლაღია, ასაკისაც არ ეშინია. სარა იმ ქალების რიცხვს არ განეკუთვნება, ვისი სილამაზითაც მსოფლიოა აღფრთოვანებული, თუმცა, მრავალი ქალის მისაბაძი მაგალითია - კერი ბრედშოუ სერიალში "სექსი დიდ ქალაქში" ქალებს მორცხვობის დაძლევასა და სექსზე თამამად ლაპარაკში დაეხმარა.

სარას ოჯახი ბრუკლინში ცხოვრობდა. ის მეოთხე შვილი გახლდათ. სამი წლისა იყო, როცა  მშობლები დაშორდნენ. დედამისი მეორედ გათხოვდა და კიდევ ოთხი შვილი გააჩინა. "ხელმოკლედ ვცხოვრობდით, - იხსენებს სარა, - დღემდე მახსოვს, როგორ მიძახებდნენ დაფასთან და სკოლის სასადილოს უფასო ტალონს მაძლევდნენ. ტალონი კი ნიშნავდა: "შენ ღარიბი ხარ და ღარიბად დარჩები!"”10 წლისა იყო, როცა ოჯახი ნიუ-იორკის ახლოს, ნელსონვილში გადასახლდა. დედამ სარასთვის ამერიკული ბალეტის სკოლაში უფასო გაკვეთილები გამოძებნა. 12 წლისა ადგილობრივი თეატრის წარმოდგენებშიც მონაწილეობდა, მოგვიანებით კი ბროდვეიზე მიუზიკლში - "ენი" მთავარი როლი შეასრულა. შემდეგ ტელესერიალ "უიღბლოებში" მთავარ როლზე მიიწვიეს. მალე გადაღებებზე სარამ რობერტ დაუნი-უმცროსი გაიცნო. მაშინ ორივე 19 წლისა იყო. ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა ნარკოტიკები, რომელსაც რობერტი მამამისმა, მწერალმა და რეჟისორმა რობერტ დაუნი-უფროსმა შეაჩვია. "მაშინ საოცრად მიამიტი ვიყავი, არაფერი ვიცოდი ნარკოტიკებზე და მჯეროდა, ყველა სიძნელეს გავუმკლავდებოდი. როცა მივხვდი,  არაფერი გამომდიოდა, რობერტი ვერც მაშინ მივატოვე, ძალიან მიყვარდა. მეშინოდა, თუ წავიდოდი, დაიღუპებოდა".”

მერე მაინც მიატოვა და პრეზიდენტ ჯონ კენედის ვაჟი - ჯონ კენედი-უმცროსი გაიცნო. მათი ლამაზი, თუმცა, უპერსპექტივო რომანი ნახევარ წელიწადს გაგრძელდა. ისინი მეგობრებად დარჩნენ და სარამ ძალიან განიცადა, როცა 1999 წელს ჯონ კენედი-უმცროსი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

კენედის შემდეგ ჯესიკა პარკერს ორი ხანმოკლე რომანი ჰქონდა მსახიობ ნიკოლას კეიჯსა და კომპოზიტორ ჯოშუა კედისონთან. ჯოშუასთან განშორებიდან ცოტა ხნის შემდეგ სარას ძმამ, ტობიმ, მას ცნობილი მსახიობი, მეთიუ ბროდერიკი გააცნო. 1997 წელს სარა და მეთიუ დაქორწინდნენ. ქორწილში სარა ჯესიკას... შავი კაბა ეცვა.“"არ მინდოდა საყოველთაო ყურადღების მიპყრობა. რა თქმა უნდა, სისულელე ჩავიდინე, რომელსაც დღემდე ვნანობ. აბა, სად უნდა მიიპყრო ყურადღება თუ არა საკუთარ ქორწილში?"”- გამოტყდა მოგვიანებით.

1998 წელს სარას როლი შესთავაზეს ფილმში "სექსი დიდ ქალაქში", რომელზეც უარის თქმა დააპირა და შემდეგ მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ გადაღებები ნიუ-იორკში მიმდინარეობდა და შეეძლო ღამე შინ გაეთია... პროდიუსერებს "ყნოსვამ" არ უღალატა - კერი ბრედშოუს როლმა პარკერს სახელი და სიმდიდრე მოუტანა.

სარა და მეთიუ 16 წელია ერთად არიან და სამ შვილს ზრდიან. ბროდერიკს ვაჟიშვილი სკოლაში მეტროთი დაჰყავს, პარკერი კი გოგონებს ნიუ-იორკში ფეხით ასეირნებს.

"შინ დაბრუნებისას სამუშაოზე არ ვლაპარაკობთ, თუმცა, თუ საინტერესო წინადადება მაქვს, მეთიუს ჭკუას ვეკითხები", - ამბობს პარკერი. მეთიუს კი მიაჩნია, რომ ცოლი მასზე წარმატებულია, თუმცა, ამ თემაზე მხოლოდ ოხუნჯობს, - ოჯახში ერთი ვარსკვლავიც საკმარისიაო.