ნიკოლ კიდმანი: "ტომთან საკუთარი თავი დავკარგე!" - კვირის პალიტრა

ნიკოლ კიდმანი: "ტომთან საკუთარი თავი დავკარგე!"

ტომ კრუზი: "ნიკოლის გარეშე მხოლოდ 12 დღე მაქვს გატარებული"

ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის ათწლიანი ქორწინება, რომელიც 2001 წელს დაშორებით დასრულდა, დღემდე მითებით არის მოცული. თავისი ცხოვრების აფიშირება კიდმანს არასდროს ხიბლავდა, თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში მაინც აღნიშნა, რომ კრუზისგან ბევრი შეურაცხყოფა აიტანა და კინაღამ ფსიქიატრიულ კლინიკაში ამოყო თავი... არადა, მათი სიყვარულის ისტორია ჰოლივუდის ერთ-ერთ ულამაზეს რომანად დარჩა.

პირველად ერთმანეთი ფილმ "ჭექა-ქუხილის დღეების" სინჯებზე ნახეს. იმ დროისათვის 28 წლის ტომი უკვე ცნობილი მსახიობი იყო, 23 წლის კიდმანი კი ამერიკულ კინემატოგრაფიაში პირველ ნაბიჯებს დგამდა. რეჟისორი ტონი სკოტი ტომისადმი განსაკუთრებული ნდობით იყო გამსჭვალული და მსახიობების შერჩევაში მის რჩევებს ითვალისწინებდა. როცა კიდმანმა კრუზი დაინახა, მაშინვე მიხვდა, რომ როლზე არ აიყვანდნენ - მთავარი როლის შემსრულებლისთვის საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ ტომისთვის ეს ფაქტი მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა. მოგვიანებით ტომმა აღიარა, რომ ვნება წითურთმიანი ლამაზმანისადმი მისი დანახვისთანავე გაუჩნდა. რაღა თქმა უნდა, ნიკოლი როლზე აიყვანეს...

იმ დროისათვის ტომი ცნობილ მსახიობ მიმი როჯერსზე იყო დაქორწინებული, რომელიც ქმარზე რამდენიმე წლით უფროსი გახლდათ. ამ ქორწინებას ბედნიერს ვერ დაარქმევდი, ამიტომ კრუზს მასთან დაშორება არ გასჭირვებია. 1990 წელს ტომი და ნიკოლი დაქორწინდნენ და კოლორადოში სათხილამურო კურორტზე გაემგზავრნენ. კრუზი მეუღლეს საჩუქრებით და ყურადღებით ანებივრებდა. "პირველი, რაც ნიკოლის მიმართ ვიგრძენი, ვნება იყო, მაგრამ მისი ახლოს გაცნობის შემდეგ უდიდესი ნდობით განვიმსჭვალე", - აღიარა კრუზმა ერთ-ერთ გამოცემასთან. მოგვიანებით ტომი ჰყვებოდა, რომ ყველაზე დიდი დრო, რომელიც მან მეუღლის გარეშე გაატარა, 12 დღე იყო. მათმა სიყვარულმა აპოგეას მაშინ მიაღწია, როცა ტომმა ნიკოლს საჩუქრად თვითმფრინავი უყიდა და მეუღლის პატივსაცემად„"ტკბილი ნიკი" უწოდა.

ბედნიერი ცხოვრების გასაგრძელებლად წყვილს შვილი უნდოდა. ავსტრალიელ ლამაზმანს კი უნაყოფოდ თვლიდნენ. თავად კრუზმაც მოგვიანებით არაერთხელ განაცხადა, რომ ოჯახის დანგრევის მთავარი მიზეზი ნიკოლის უნაყოფობა იყო... 1992 წელს ცოლ-ქმარმა გოგონა, იზაბელა ჯეინი იშვილა. 1995 წელს მათ ოჯახს ნაშვილები ვაჟი, კონორ ენტონიც შეემატა. შემდეგ გავრცელდა ჭორი, თითქოს წყვილის უშვილობის მიზეზი ტომის არატრადიციული ორიენტაცია იყო, კიდმანი კი მხოლოდ ამის დასაფარავად სჭირდებოდა. ეს ჭორი ჟურნალისტებს ძვირად დაუჯდათ - ვარსკვლავურმა წყვილმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა და საქმე მოიგო.

დაშორების შემდეგ კრუზმა განაცხადა, რომ მეუღლეს მის ჩრდილში ყოფნა უჭირდა, რადგან იმ დროისათვის კიდმანი ისეთი პოპულარული აღარ იყო. კიდევ ერთი დამაბრკოლებელი გარემოება ის გახლდათ, რომ ტომი საენტოლოგი იყო (იხ. შეჭრა), საენტოლოგები ოჯახში ბავშვის ყოლას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ, კიდმანმა კი ტომს მემკვიდრე მაინც ვერ აჩუქა...

1998 წელს ოჯახი ლონდონში, ახალ სახლში გადავიდა, რომელიც 3 მლნ დოლარად შეფასდა. მათი ურთიერთობის ნგრევა მაშინ დაიწყო, როცა ფილმ "ფართოდ დახუჭულ თვალებზე" დაიწყეს მუშაობა. სულ უფრო ხშირად ჩხუბობდნენ და 2001 წელს დაშორდნენ კიდეც. შვილებმა არჩევანი კრუზის სასარგებლოდ გააკეთეს და საცხოვრებლად მასთან გადავიდნენ.

რამდენიმე წლის შემდეგ ნიკოლი ცოლად მუსიკოს ქით ურბანს გაჰყვა, ხოლო ტომი კეტი ჰოლმსზე დაქორწინდა. ჰოლმსთან კრუზს ქალიშვილი შეეძინა, რის შემდეგაც აყვანილი შვილები პრაქტიკულად გაასახლა, ნიკოლმა კი ისინი სიხარულით მიიღო და უნაყოფობის მითიც დაამსხვრია - მას ურბანთან 2 შვილი შეეძინა და ახლა 4 შვილის დედაა.

"ტომთან ჩემი სიყვარული ექსპლუატირებული იყო. მშობლები მკაცრად მზრდიდნენ და მასწავლიდნენ, რომ ოჯახის უფროსი მამაკაცი უნდა ყოფილიყო, მისი სიტყვა კი ცოლისთვის - კანონი. ალბათ, ძალაუფლების მოყვარულმა ტომმა ამიტომაც მომხიბლა", - აღიარა მსახიობმა, - ტომთან საკუთარი თავი დავკარგე"...

საენტოლოგია

საენტოლოგია საერთაშორისო მოძრაობაა, რომელიც დაფუძნებულია ამერიკელი ფანტასტი მწერლის, ლაფაიეტ რონალდ ჰაბარდის (1911-1986) მიერ შექმნილ რელიგიურ სისტემაზე. მას საფუძვლად უდევს 4 ძირითადი პრინციპი: 1. ადამიანი თავისი არსით კარგია; 2. ადამიანი იბრძვის თვითგადარჩენისთვის; 3. თვითგადარჩენა თავად ადამიანზეა დამოკიდებული და 4. მხოლოდ სული გადაარჩენს ადამიანს. საენტოლოგებს აქვთ თავიანთი ჯვარი და სიმბოლო.

მოძღვრებაში ორი მიმდინარეობაა: "საენტოლოგიის ეკლესია" და "თავისუფალი ზონა". საენტოლოგიის ეკლესიაში გაერთიანებული 3200 თემი, მისია თუ ჯგუფი მსოფლიოს 154 ქვეყანაში. წევრებსა და მომხრეებს შორის არიან კულტურის ცნობილი მოღვაწენი.

საენტოლოგიურ ორგანიზაციებს რელიგიური იურიდიული სტატუსი და შესაბამისად, საგადასახადო შეღავათები აქვთ  ამერიკაში, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში, ხოლო რელიგიური სტატუსი არ გააჩნიათ გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ირლანდიაში, კანადაში,  ისრაელში, მექსიკასა და ფილიპინებზე.

საენტოლოგიას ერთ-ერთ ყველაზე კონფლიქტურ ორგანიზაციად მიიჩნევენ და მას ტოტალიტარულ სექტას უწოდებენ. საენტოლოგიის მეთოდები აღიარებულია როგორც ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაზე დამანგრევლად მოქმედი.

მეცნიერთა ნაწილის აზრით, საენტოლოგთა ძირითადი დებულებები და სიმბოლიკა ახლოს არის სატანიზმთან, მათი პროპაგანდისტული იდეები კი ანტიმეცნიერულია. სხვათა შორის, რუსეთში საენტოლოგიური მოძღვრების ნაწილი ექსტრემისტული მასალების სიაშია შეტანილი, რომლის გავრცელება და შენახვა აკრძალულია.