"ოლიგარქის ოჯახის თემას" შევეჯახე, თითქოს ხალხი ჩამისაფრდა" - ავთო ცქვიტინიძის ცხოვრების პალიტრა
"ოლიგარქის ოჯახის თემას" შევეჯახე, თითქოს ხალხი ჩამისაფრდა" - ავთო ცქვიტინიძის ცხოვრების პალიტრა
21-01-2016
"მნიშვნელოვანია გიყვარდეს შენი საქმე... გაზრდა-ჩამოყალიბებისას, რა თქმა უნდა, შეცდომებსაც უშვებ. ამ საქმეს ხელი მეტად რთულ ვითარებაში მოვკიდე, არნაირი ხელშეწყობა არ იყო. ქვეყნისთვის უმძიმესი პერიოდი იდგა, მოდა ვის აინტერესებდა?! ეს უკვე ისტორიაა, მეამაყება, რომ ეს ჩემი ისტორიაა", - ამბობს დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე.

მართლაც არ არის ადვილი უინტერნეტო, უტელევიზიო, უშუქო, უყველაფრო, მოშიმშილე ქვეყანაში დაიწყო იმის კეთება, რაც აქტუალური სულაც არ არის და თავი მაინც დაიმკვიდრო. მერეც არ შეწყვიტო წინსვლა. მოკლედ, ამჯერად რუბრიკის - "ჩემი ცხოვრების პალიტრა" სტუმარია ავთო ცქვიტინიძე, რომელიც განვლილ ცხოვრებას ფერებად ახარისხებს და აფასებს. (ფოტოგალერეა)

- იმ თაობას მივეკუთვნები, რომელმაც ბევრი რამ დაკარგა, მაგრამ მერწმუნეთ, შანსი ყველას ეძლევა, უბრალოდ საჭიროა, რომ ყველაფერი დაინახო, მიიღო, გაითავისო და შეინარჩუნო. აკეთო მაქსიმუმი, რისი შესაძლებლობაც გაქვს, ყოველგვარი პირადი ისტორიის, ყველაფრის გარეშე, - ეს ჩემთვის, როგორც პიროვნებისთვის მნიშვნელოვანია.

- საქმიდან გამომდინარე უამრავ ფერთან გაქვს შეხება, მხატვარი ხარ, საინტერესოა, შენი ცხოვრებისეული ეტაპებს რა ფერებად ხედავ? მაგალითად, რა ფერია ბავშვობა?
- ჩემი ბავშვობაც ძალიან საინტერესო იყო, ისევე როგორც ალბათ ბევრის. იმ სამყაროს ახლა ძალიან ნათელ სივრცედ ვხედავ. ბებიის გაზრდილი ვარ, ჩემი მშობლები ხშირად ქვეყანაში არ იყვნენ და ჩემზე მზრუნველობა თავზე დედაჩემის დედამ აიღო. ძაფსახვევი ფაბრიკის მთავრი ბუღალტერი იყო და პირველი შეხება ფერებთან სწორედ მისი მეშვეობით მქონდა, როცა ფაბრიკაში ბაღიდან, ან შესვენებაზე მივყავდი ხოლმე. ვიდრე სამსახურს დაამთავრებდა, იმ სივრცეში მიწევდა ყოფნა. არასდროს მიფიქრია, თუ რა ფერია ჩემი ბავშვობა, მაგრამ ახლა ვიხსენებ და ვამბობ, რომ ნათელი ფერია, მზეა, ყვითელია, რომელიც გემრიელ სტაფილოსფერში გადადის, ალბათ უფრო ნარინჯისფერიც.
თვითონაც ბაბუაწვერას ვგავდი, - გამხდარი, დიდი ხუჭუჭა თმით. სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი იმ ადამიანებისგან (ბებია, დედა, მამა, ძმა, მეგობრები, მეზობლები, ახლობელბი), ვინც გვერდით მყავდა.

- ყვითელი ფერს ნამუშევრებში თუ იყენებ?
- წლებია, ეს ფერი არ გამომიყენებია, მაგრამ ბოლო დროს რაღაც ახლებურად დავინახე. ადრე ჩემს ფერთა პალიტრაში არც განიხილებოდა, ანუ დომინანტი არსდროს ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი მხოლოდ დადებით ემოციას იწვევს. ალბათ იმიტომ, რომ შინაგანად ფერმწერი ვარ, ფერის განსაკუთრებული აღქმის უნარი მაქვს.

შეიძლება ჩემს ცხოვრებას მაინცდამაინც ფერებად ვერ ვხედავდი, მაგრამ ნებისმიერი მდგომარეობა და განწყობა ჩემზე ყოველთვის მოქმედებდა და მოქმდებს. თუ გარეთ არ გაისვლება და ცუდი ამინდია, ამაში მხოლოდ პოზიტივს ვხედავ, ვთქვათ, სავარძელში მოვთავსდები, პლედს მოვიხვევ და რამეს წავიკითხავ, ან უბრალოდ მეუღლესთან ერთად თითო ჭიქა ღვინით ვისიამოვნებ. ყოველთვის შემიძლია პრობლემას გარედან შევხედო. მით უფრო, რომ მას აუცილებლად აქვს სამი-ოთხი პასუხი. წლების შემდეგ საკუთარი თავისთვის შეკითხვის დასმა ვისწავლე. მუდმივად პირველი კურსის სტუდენტი ვარ, მიუხედვაად იმისა, რომ უკვე პატარა აღარ ვარ...

- რა ფერს მიანიჭებდი შენი თინეიჯერობის პერიოდს?

- გარდატეხის პერიოდი არ მქონდა მარტივი, ჩემში მაგ დროს საკუთარ თავთან მუდმივად ჭიდილი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად
ვხატავდი, სტუდიაში დავდიოდი და ჩემს ემოციას ასე გამოვხატავდი. კარგად ვსწავლობდი, თუმცა ზოგ საგანს - იძულებით, ზოგს - გემრიელად. ის ჭიდილის პერიოდი ფსიქოლოგიურად არც ისე მარტივად გადავიტანე, რადგანაც მაშინ საკუთარ თავს კითხვებს ვერ ვუსვამდი, რადგანაც 14-15 წლის ბავშვს არ მოქნდა შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება, ან როგორ მექნებოდა? მქონდა ბევრი კითხვა და პასუხი არ გამაჩნდა. თუმცა ჩემი მაშინდელი შინაგანი ეიფორია მეგობრებს, მასწავლებელებს არ უგრძნიათ, ვცდილობდი, საკუთარი პრობლემები თავზე არავისთვის მომეხვია.

ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში უფრო მუქი ფერია, არა, უფრო არამყვირალა ლურჯი, ელექტრიკი, ვიდრე ნაცრისფერი, მიუხედვად იმისა, რომ ლურჯი ბევრ ადამიანთან, კარგ ემოციებთან ასოცირდება, ჩემთან ასე იყო.

მერე აბსოლუტურად უფერული პერიოდი წამოვიდა, ეს იყო დრო, როცა ხელოვნების აკადემიაში ვსწავლობდი, მანამდე მოსკოვში ვიყავი. ეს ყველაფრი საქართველოსთვის მძიმე ეტაპს დაემთხვა - იღვიძებდი დილით, გარეთ გადიოდი და არ იცოდი, სად მიდიოდი და რას აკეთებდი, ვერ ხედავდი მომავალს, ხვალინდელ დღეს, ინერცით მოქმედებდი, მიუხედვად იმისა, რომ მყავადა ფანტასტიკური მეგობრები, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ... ქვეყნიდან წასვლა მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, პერსპექტივა არ იყო. რა მხატვრობა, რა ფერწერა, - რეალური მხატვრობა იმ პერიოდისთვის ის იყო, რომ ნამუშევრები "მშრალ ხიდზე" გაგეყიდა, რომ ელემენტარულად თავი გადაგერჩინა. დიდი პატივს ვცემ ადამიანეს, ვინც დღემდე იქ დგას, მაგრამ ვერც ეს გავაკეთე, თან, ის ნახატები არავის სჭირდებოდა. მოკლედ, არ ვიცოდი, რა მექნა. გაურკვევლი, 4-5 უფერული წელი ერთმანეთს მიჰყვა. თუმცა უკვე 1995 წელს ავანგარდული მოდის პირველი ფესტივალი ჩატარდა, ამის შესახებ რომ უნდა გამართულიყო, რადიოთი შევიტყვე. ამან სტიმული მომცა, - ხომ არ ვცადო და არ გავაკეთო ჩემი ფერწერული ნაუშევრების გამოფენა, ანუ ისინი სამოსად გადავაქციო და სცენაზე სპექტაკლი დავდგა-მეთქი. ჩემში შიგნით, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ბობქრობდა... და გავაკეთე კიდეც.

- და უფერული პერიოდი რა ფერი გახდა?

- ნელ-ნელა კაშკაშა წითელ, საკმაოდ პრეტენზიულ, "ფეთქებად" ფერად გადაიქცა, რომელიც სავსე იყო ყველნაირი იდეითა და ხედვით. დავიწყე ბრძოლა არსებობისთვის, კონკურენციისთვის, გავიცანი ბევრი დიზაინერი, მხატვარი, საზოგადოება. მართალია ფესტივალში ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ჩემ მიმართ, ინტერესი გაჩნდა, თითქოს ცხოვრებაში ადგილი ვიპოვე. შესაბამისად, ჩემ გარშემო ახალი სამეგობრო წრე შეიკრიბა, ამასთანავე, ლამაზმა მოდელმა გოგოებმაც მოიყარეს თავი, რომლებთან ერთადაც ვთანამშრომლობდი. გაიხსნა რაღაც პატარა კლუბები, სადაც მომღერლებთან და მოცეკვავეებთან ჩვენც გვეძახდნენ. მოდას ვაჩვენებდით, შოუს ვმართავდით.

- ეს მკაფიო წითელი ფერი რამდენ ხანს გაგრძელდა?
- იქამდე, ვიდრე მამუკა კიკალიშვილი არ გავიცანი, რომელმაც ფესტივალი "დიზაინი" მოაწყო და მასში ჩავერთე. იმ დროს მსუბუქი მრეწველობის აღდგენის მიზნით პროექტი გაკეთდა, უნდა აგვერჩია ფაბრიკა და რატომღაც ქუთაისის ფაბრიკა "იმერეთი" ავირჩიე...  ჩემი ცხოვრების 3-4 წელი ქუთაისს დაუკავშირდა ისე, რომ ყველას ქუთაისელი ვეგონე. მერე წითელ ფერს ცოტა რეალისტური ფერები მოჰყვა, ვერ ვიტყვი, რომ ნაცრისფერი, მაგრამ უკვე მსუყე ბორდო, კარგი ყავისფერი, ამ ორ ფერთა შეხამება წარმოიქმნა. ამასთან, გავიზარდე და ჩემი ცხოვრების გარკვეული ეტაპიც შედგა. ფაბრიკა მთავაზობდა ჩვენება გამემართა, სადაც საზოგადოების ცნობილი ადამიანები, მათ შორის, პოლიტელიტა, პრეზიდენტის მეუღლეც დაესწრებდოდნენ. უკვე აღარ ვიყავი ჩვეულებრივი გურული ბიჭი, რომელიც დადიოდა და რაღაცას დაეძებდა, უკვე პიროვნების ჩამოყალიბების ეტაპი დაიწყო, - როცა საკუთარ თავს ვხედავდი, ვხვდებოდი, რა მინდოდა. თუმცა ერთი მტკივნეული მომენტი კი მქონდა, რადგანაც ფერწერას თავი დავანებე და ვაღარ გადმოვცემდი ძველებურად ჩემს ემოციას... ამ ყველაფრის ფონზე მქონდა ბევრი პრობლემა, მათ შორის, ფიანსურიც, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ ვიპოვე ცხოვრების აზრი...

ჩვენებებმა ის მოიტანა, რომ დამსწრე საზოგადოებისგან ინიციატივა წამოვიდა, რომ შეეძინათ კოლექცია. ამის შედეგად გაჩნდა პირველი თანხებიც და 23 წლისას უკვე საშუალება მქონდა, წავსულიყავი იმ პერიოდისთვის არსებულ კარგ კაფეში და დამეპატიჟა მეგობარი... მაშინ გავხსენი ჩემი პირველი მაღაზია, 2000 წელს კი ბაბლუანის კინოთეტარში საოცარ ჩვენება გავმართე... მაშინ მაკა ასათიანი თავის პატარა ფართებით, რომელსაც აწყობდა, ქალაქში მასობრივად ახალი გაცნობილი ჰყავდა და თბილისი ამ ფონზე, ერთ სოფლიდან ჩამოსულ, ნიჭიერ ბიჭს, დიზაინერს უკვე აიტანდა. თან, ისე მოხდა, რომ მათ თავლწინ გავიზარდე.

- მახსოვს ის პერიოდი, საზოგადოებამ კარგად მიგიღო.
- აგრესია არავისში გამომიწვევია. საერთოდ, მახასიათებს რასაც ვაკეთებ, ხარისხიანი და სერიოზული განაცხადი უნდა იყოს. ჩვენება, რომელიც ვახსენე, მახსოვს, ტელევიზიის თანამშრომლებმა, რომლებიც მას იღებდნენ, მითხრეს, თავი საქართველოში არ გვეგონაო.
მერე მაგ პერიოდში მომღერლებმა სოლოკონცერტების გამართვა დაიწყეს, კოსტიუმებს ვუკეთებდი და რადიკალურად სხვა წრეში აღმოვჩნდი. ჩემ მიმართ მეტი ინტერესი გაჩნდა. პირველი ლელა წურწუმიას კონცერტი იყო, რომელმაც ბევრ ცნობილი ადამიანი გამაცნო და დამაახლოვა. ყველას აინტერსებდა, რას ვაკეთებდი, ჩემთან ურთიერთობდნენ.

- რა ფერს მიანიჭებდი მაგ წლებს?

- რაღაც ნათელი ფერები წამოვიდა, საოცარ სინათლესთან ასოცირდება. მაშინ უკვე მივხვდი, რომ როგორც შემოქმედი, შევდექი. ეს იყო ალბათ უფრო თეთრი? - არა, უფრო სპილოსძვლისფერი. საზოაგადოებასთან ურთიერთობას შევეჩვიე, იყო ინტერვიუები, გადაცემებში მიწვევდნენ, მწერდნენ ჟურნალ-გაზეთები და მეც მათთვის ვიყავი გახსნილი რესპონდენტი.
მალევე დაიწყო პერიოდი, როცა ტელევიზიები თავიანთი წამყვანებისთვის კოსტიუმებს მაკერინებდნენ. სატელევიზიო შოუებისა თუ გადაცემების სასურველი სტუმარი გავხდი. ახალ წელს ხან მამღერებდნენ, ხან მაცეკვებდნენ, - მოკლედ, ყველგან ვიყავი.

- და წარმატებული და შემდგარი ავთანდილი მერე დაოჯახდა...
- კი, სწორედ მაშინ ჩემი მომავალი მეუღლე, ხათუნა გავიცანი როგორც კლიენტი, მაგრამ ისეთი ინტერესი არც ერთ კლიენტს არ გამოუწვევია ჩემში, როგორც მას. შემდეგ დაიწყო პერიოდი, როცა ერთმანეთის გარეშე არ შგვეძლო ყოფნა. მივხვდით, რომ ეს უკვე დამკვეთისა და მხატვრის ურთიერთობა აღარ იყო. ჩვენი ურთიერთობა დიდი სიყვარულში გადაიზარდა და შევქმენით ოჯახი, მაგრამ დაოჯახების შემდეგ მოულოდნელად შევეჯახე თემას, რასაც "ოლიგარქის ოჯახის თემას" დავარქმევდი. თითქოს ხალხი ჩამისაფრდა, ჩემ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამბობდნენ, რომ ავთოს მეუღლე პატარკაციშვის ოჯახიდან არის (ხათუნა ბადრი პატარკაციშვილის დისშვილია. - ავტ.). ამიტომ რაღაც გაურკვეველი სტატუსებს მაწებებდნენ, იმას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რომ როგორც დიზაინერმა იმ დროისთვის თბილისში, მოსკოვში, ბაქოში, გერმანიაში, უკრაინაში ბაქოში დამოუკიდებლად გავიკვალე გზა, მაღაზიები მქონდა. მოკლედ, ამისთვის მაშინ მზად არ აღმოვჩნდი და დავიბენი... მაგრამ მერე ამასაც შევეჩვიეთ...
მე და ხათუნა 12 წელია ერთად ვართ და ჩვენი ურთიერთობა თანდათან ვითადება და სხვადასხვა ეტაპზე გადადის. ნამდვილი წყვილი ვართ, ორი ადამინისგან შემდგარი წყვილი და გვაერთიანებს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, - შვილი.

- ჰოდა, რა ფერია ეს ყველაფერი?

- აქ უკვე ბევრი ფერი შეიკრიბა ერთად. ჩემს ცხოვრებაში მთელი ფერწერა გაჩნდა, რომელიც ერთი ფერით აღარ შემოიფარგლება. ეს ფერთა სუფთა პალიტრაა, დახვეწილი, ნატურალური, გაუზავებელი ფერებით, რომლთაგანაც უნდა შექმნა ტილო.

"ანასტასია ანგელოზია და ჩემთვის თეთრისა და ცისფრის სინთეზი - ღია წყლისფერია, ოქროსფერი გვირგვინი"

- ანასტასიაზე რას გვეტყვი?

- ანასტასია ჩვენი დაქორწინებიდან, ზუსტად ერთ წელიწადში გაჩნდა. ის პატარა ანგელოზი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში. მანამდე, მის გარეშე რა იყო ზოგადად, რაზე ვნერვიულობდი, რაზე ვიბრძოდი, რა მინდოდა, აღარაც მახსოვს, - მივხვდი, რომ ამ პატარა ადამიანმა შეცვალა ჩემი ფსიქიკა, მდგომარეობა. ჩემი გული ბოლომდე დაიპყრო. უკვე 10 წლის არის.

- დიზაინერობა ხომ არ უნდა?
- ძალიან ნიჭიერი ადამინია, ლიდერია ბუნებით, არაჩვეულებრივად სწავლობს, ფანტასტიკურად ხატავს. არ მერიდება ამ ყველაფრის თქმა, რადგანაც რეალობაა, არ ვიგონებ, - ცურავს, დოკუმენტურ ფილმებს იღებს, ამონტაჟებს და ახმოვანებს, გაიმარჯვა მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში, იმარჯვებს ფესტივალებში. სამეჯლისო ცეკვებს ცეკვავს, აქვს დროის შეგრძნება, ოსტატურად სრიალებს. აბსოლუტური ბაზა აქვს იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდროს. ვინც უნდა ის გამოვიდეს, მივესვალმები მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

- ის თავად რა ფერს წარმოადგენს შენს ცხოვრებაში?
- ანასტასია ანგელოზია და ჩემთვის თეთრისა და ცისფრის სინთეზი -  ღია წყლისფერია, ოქროსფერი გვირგვინით.

- ზოგადად შენს ნამუშევრებში ნაცრისფერი ჭარბობს, ცხოვრებაში ეს ფერი არცერთი ეტაპისთვის მიგინიჭებია.
- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ნაცრისფერი ჩემს ცხოვრებაში ეს ფერი არ ყოფილა, რაც შეიძლება ჩემი ემოციის ბრალია. პერიოდი, როცა შეიძლება იყოს ნაცრისფერი, ყოველთვის ფერს ვანიჭებ. ხომ ვამბობ, ეს ჩემი ხასიათიდან გამომდინარეობს.
თუმცა როგორც ფერი მარტივად იღებს ნებისმიერს, ამიტომ კარგია მისი შეხამება. ამიტომ სუფთა ნაცრისფერს გაურკვეველს ფერს, ასე მგონია, ჩემს ცხოვრებაში არ დავუშვებ.

იხილეთ ფოტოგალერეა: ავთანდილის ცხოვრების პალიტრა


ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)
anuka
24 თებერვალი 2016 16:37
მართლაც ნიჭიერია,ყველაფერს თავისი დაუღალავი შრომით მიაღწია და მგონია რომ უბრალო ადამიანია,ისეთი კიარა ჩვენი ვაი ბომონდელები რო არიან,მამიკოს ფულებით და მდიდარი საყვარლებისგან განებივრებულები,თავაწეულები რო დადიან,მაგრამ მაინც მაქვს ერთი შენიშვნა,ეს ერთი შვილი რა არი,არ გრცხვენიათ ერის წინაშე?:)) გამრავლდით,გამრავლდით.
სსს 21
23 თებერვალი 2016 17:05
უფრო კარგი იქნებოდით მეტი შვილი, რომ გყავდეთ ქართველები ისედაც ცოტა ვართ და თქვენნაირებმა ჯიშიანებმა უნდა იმრავლოს.
სხვა სიახლეები
ნიკე კეშელავა ის ადამიანია, ვინც გასული 3 თვის განმავლობაში, უამრავი ქართველი გოგონასთვის საოცნებო მამაკაცთან - სტანისლავ ბონდარენკოსთან ერთად ყველაზე მეტ დროს ატარებდა.
დაწვრილებით...
200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი -  Black Sea Arena, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ ააშენა, საკუთრებაში სახელმწიფოს გადასცა
დაწვრილებით...
ამერიკაში ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ, ნუკი კოშკელიშვილის საქართველოში დაბრუნებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა: ჭორი გავრცელდა, თითქოს ქართველი ტელესახე ამერიკელ მეუღლეს დაშორდა...
დაწვრილებით...
"X Factor-ის მესამე "ლაივი" ყველასთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ალბათ, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ აუტსაიდერებში ნინა ყიფშიძე და მალიბუ ტუღუში აღმოჩნდებოდნენ. სამწუხაროდ, მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტი მალიბუმ დატოვა.
დაწვრილებით...
"გაგებული მქონდა, რომ მეგობრული, სტუმართმოყვარე ხალხი ხართ, ქართველებთან ერთად ვმუშაობ და ასე თუ ისე, გიცნობთ, მაგრამ რაც აქ დამხვდა, არ ველოდი"
დაწვრილებით...
"ჯოჯოხეთური შრომა, 24-საათიანი მუშაობა მიწევს ჩემი ნამუშევრების შესაქმნელად და ეს საქმე სულაც არ არის ისეთი სახალისო, როგორც ადრე მეგონა, მაგრამ ბედნიერი კაცი ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და სხვაგვარად მართლა ვერ ვიცხოვრებ"
დაწვრილებით...
მეტად მოუხელთებელი რესპონდენტი, რეჟისორი ლევან წულაძე, იგივე" "ჭოლა" თავს გადახდენილ მხიარულ ამბებს ჟურნალ "გზასთან" იხსენებს, რომლიდანაც ერთ ისტორიას გთავაზობთ:
დაწვრილებით...
"ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი და მე აშკარად დაბადებისას განგვაცალკევეს. ანუ გამოდის, ახლა 800 წლის ვარ"
დაწვრილებით...
იყიდება 2 -ოთახიანი ბინა
ქირავდება ბინა ბათუმში. ბინა წარმოადგენს
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
სასწრაფოდ! იყიდება სახლი ბორჯომში, კეთილმოწყობილი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები