შენობის პრივატიზება გააპროტესტეს - კვირის პალიტრა

შენობის პრივატიზება გააპროტესტეს

საქართველოს ჟურნალისტთა კავშირმა გამომცემლობა "სამშობლოს" შენობის პრივატიზება გააპროტესტა.

ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტთა კავშირის პრეზიდენტმა თამაზ ბიბილურმა მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა, რათა აუქციონი არ შემდგარიყო. ჟურნალისტთა კავშირის წევრები ითხოვენ, შენობა სააქციო საზოგადოება "მასმედიის ცენტრალურ სახლს" გადაეცეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ აუქციონი გადაიდო. ეკონომიკურისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის თეონა გაბუნიას თქმით, "სამშობლოს" ყოფილი შენობა ნამდვილად არის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში, მაგრამ გადაწყდა, რომ ჯერ ჩატარდება აზომვითი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ შენობა აუქციონზე გავა". შეიცვლება თუ არა მომავალ აუქციონზე გამომცემლობა "სამშობლოს" საწყისი გასაყიდი ფასი, 12 მლნ დოლარი, ჯერჯერობით უცნობია.