გაგა გაჩეჩილაძე დაჭრეს
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი გაგა გაჩეჩილაძე, რომელიც რესტორან "მატრიოშკაში" დაბადების დღეს აღნიშნავდა, დანით დაჭრეს. გაგა გაჩეჩილაძეს დაზიანება
გულმკერდის არეში, მარჯვენა მხარეს აქვს მიყენებული, დაზიანებული აქვს ფილტვიც. ექიმების განცხადებით, დაზიანება სიცოცხლისთვის საშიში არ არის. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი შელაპარაკებას მოჰყვა. ჩხუბში რამდენიმე კაცი მონაწილეობდა. გაგა გაჩეჩილაძის გარდა სხეულის დაზიანება კიდევ რამდენიმე ახალგაზრდამ მიიღო.
"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც შვილთან ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა: "გაგა სიკვდილს გადაურჩა, ექიმები მის მდგომარეობას აკვირდებიან. ჯერ არ გადაუწყვეტიათ, გაუკეთებენ თუ არა ოპერაციას", - გვითხრა ლევან გაჩეჩილაძემ. კითხვაზე, ხომ არ იყო ინციდენტი პროვოცირებული, ლევან გაჩეჩილაძემ გვიპასუხა: "არ ვიცი, რა გითხრათ, არ მინდა ნაუცბადევად რამის თქმა. არ მინდა დავიჯერო, რომ ადამიანებს ასეთი რამის გაკეთება შეუძლიათ. ფაქტია, რომ ჩემი შვილი სიკვდილს გადაურჩა".