”ბილდტის კომენტარებს ყურადღება არც ჩვენმა მთავრობამ უნდა მიაქციოს” - კვირის პალიტრა

”ბილდტის კომენტარებს ყურადღება არც ჩვენმა მთავრობამ უნდა მიაქციოს”

რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, ხშირად ავლებენ პარალელს საქართველო-რუსეთის 2008 წლის კონფლიქტთან. როგორც ქართველი, ისე უცხოელი პოლიტოლოგები ბოლო დროს არცთუ იშვიათად ამბობენ, რომ რუსეთს დასავლეთისგან 2008 წელს უფრო ადეკვატური პასუხი რომ მიეღო, შესაძლოა, უკრაინის მოვლენები დღეს მსოფლიოს თავიდან აეცილებინა. საქართველოში კი ომის ექვსი წლისთავი აღნიშნეს. ხელისუფლებისა თუ საზოგადოების წარმომადგენლები იხსენებდნენ რა ომის ქარცეცხლიან დღეებს, გაღებულ მსხვერპლს, დაკარგულ ტერიტორიებს, ყველაზე ხშირად სვამდნენ კითხვას - შესაძლებელი იყო თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან განვლილი კვირის მოვლენების შეფასება ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- ვფიქრობ, ომის თავიდან აცილება შეუძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა პუტინთან შეხვედრისას მისთვის მიცემული დაპირებებიდან არაფერი შეასრულა. თავის დროზე სალომე ზურაბიშვილი იკვეხნიდა, რუსეთის ბაზები საქართველოდან მე გავიყვანეო, სინამდვილეში კრემლმა ბაზები იმიტომ გაიყვანა, რომ ომისთვის მზადება დაიწყო. პუტინმა ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას პირდაპირ თქვა, რომ ომისთვის 2006 წლიდან ემზადებოდა. მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო, პუტინის ხელმძღვანელობით შემუშავებული უსაფრთხოების კონცეფციის მიხედვით ემოქმედათ და აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში თავისი ადმინისტრაცია დაეყენებინათ. ამიტომაც, მიმაჩნია, რომ ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, მაგრამ ამ ყველაფრის უმსხვერპლოდ დასრულება შეიძლებოდა, ანუ ომი უნდა გადასულიყო ლატენტური, დიპლომატიური ომის პირობებში. ვფიქრობ, რუსეთს რისი გაკეთებაც უნდოდა, იმას მაინც გააკეთებდა, მაგრამ თუ მოხერხდებოდა და კრემლს ომის პროვოცირების პროცესში არ გავყვებოდით, ადამიანების მსხვერპლს თავიდან ავიცილებდით, ასევე ახალგორის, კოდორის ხეობის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლებს შევინარჩუნებდით. ომობანასა და მთავარსარდლობანას თამაში საშინელება იყო. იმათგან, ვისაც იმ წლებში ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებთან უწევდა სუფრაზე შეხვედრა, მომისმენია, რომ ისინი 2007 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, სვამდნენ ომში გამარჯვების სადღეგრძელოს.

- ცნობილია, რომ აგვისტოს ომის გამოსაძიებლად სისხლის სამართლის საქმე 2008 წელსვე აღიძრა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი პროკურატურამ ”აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში, სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესასწავლად” სპეციალური 8-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შექმნა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდებს აგვისტოს ომის საქმე გამოიძიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას თავად ჰააგა უზრუნველყოფს...

- ომში ჩადენილი დანაშაულებისა თუ დაშვებული შეცდომების გამოძიება რამდენიმე მიმართულებით უნდა წარიმართოს. პირველია ადამიანის უფლებები, გენოციდი, ეთნიკური წმენდა, რაც აინტერესებს ჰააგის სასამართლოს. ამის გამოძიება ნამდვილად შეიძლება, როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებული უამრავი მასალა უკვე დევს საქმეში. მეორე სამხედრო მიმართულებაა, ანუ იმის შესწავლა, რა შეცდომები იყო ამ მხრივ დაშვებული. ომის დროს დანაშაულებრივი არაკომპეტენტურობის ფაქტები აუცილებლად გამოსაძიებელია. მაგალითისთვის გავიხსენოთ ომში რეზერვისტების ყოვლად გაუგებარი მონაწილეობა, მათი ნაწილის ტყეში ყოველგვარი ხელმძღვანელობის გარეშე მიტოვება, რის შედეგადაც, 50-მდე ახალგაზრდა დაიღუპა. ასევე გამოსაძიებელია, როგორც სხვა სამხედრო ქმედებები, ასევე ამ ქმედებებისას ცენტრალური სარდლობის მუშაობა და ა.შ. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამგვარი შეცდომებისა თუ დანაშაულების შიდა მოკვლევა სამინისტრომ უკვე დაასრულა. მესამე მიმართულება ისევ საერთაშორისო სისხლისსამართლებრივ სივრცეს მიეკუთვნება, ანუ უნდა დადგინდეს, როგორ დაიწყო ომი, ვინ გაისროლა პირველად, მოხდა თუ არა რუს სამშვიდობოებზე თავდასხმა და ა.შ. ვფიქრობ, აქაც შესაძლებელია ობიექტური გამოძიების ჩატარება და მტკიცებულებების შეგროვება. შემდგომი მიმართულება საზოგადოებრივია, ანუ იმის გარკვევას ითვალისწინებს, რამდენი ადამიანი დაზარალდა როგორც ქართული, ასევე ოსური მხრიდან. მშვიდობიან მოსახლეობაში რა მსხვერპლი იყო, რა მატერიალური დანაკარგი განიცადეს და ა.შ. დასასრულ, გამოძიების პოლიტიკურმა მიმართულებამ უნდა შეისწავლოს სამხედრო ქმედებების პოლიტიკური შედეგები. შეგახსენებთ, რომ ომამდე ერთი თვით ადრე საქართველოში ჩამოვიდა აშშ-ის იმჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი კონდოლიზა რაისი, რომელიც ეხვეწებოდა სააკაშვილის მთავრობას, რომ ტყვია არ გაესროლათ, აფრთხილებდა, რომ საქართველოს ამერიკა ომის შემთხვევაში ვერ დაეხმარებოდა, ამის თაობაზე ის თავის მოგონებებშიც წერს.

- ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, ახალ ხელისუფლებას ომის მოვლენების გამოძიება მხოლოდ პოლიტიკური მიმართულებით აინტერესებს, რათა როგორმე მოახერხონ და გამოკვეთონ წინამორბედი მთავრობისა და მისი მეთაური სააკაშვილის ბრალეულობა.

- როგორც გითხარით, აუცილებელია ჩატარდეს მრავალმხრივი კვლევა-ძიება. პოლიტიკური გამოძიებისთვის კარგი იქნება თუ შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რომელშიც როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრების წარმომადგენლები შევლენ. სისხლისსამართლებრივი მხარე, რა თქმა უნდა, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, რის შემდეგაც სასამართლო დაადგენს ამა თუ იმ პირის ბრალეულობას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, სასამართლო ასეთი თავისუფალი აქამდე არასდროს ყოფილაო, ჰოდა, მას მაინც ენდოს ”ნაციონალური მოძრაობა” და სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაელოდოს.

რაც შეეხება მთავრობას, მან უნდა გამოიძიოს ის მიმართულება, რასაც ჰააგის სასამართლო ითხოვს, ანუ ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ფაქტები. აქ ყოფილი ხელისუფლება არაფერ შუაშია, ეს ჩვენი მოწინააღმდეგის ქმედებებს შეეხება. რაც მთავარია, მთავრობამ და საზოგადოებამ თავ-თავისი საქმე უნდა აკეთონ და რაც შეიძლება ნაკლები უსმინონ ”ნაციონალურ მოძრაობას”. დროა, ისე ვიცხოვროთ, თითქოს ”ნაციონალური მოძრაობა” აღარც არსებობს.

- პროკურატურის მიერ ექსპრეზიდენტ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებასა და სასამართლოსგან მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას უცხოეთიდან გამოხმაურება მოჰყვა. ოთხმა ამერიკელმა სენატორმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირადი წერილი გამოუგზავნა. ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებულად აქტიურობდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, რომელმაც ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ეს ადამიანები სააკაშვილის მეგობართა კლუბის წევრები არიან, ასე უპასუხა: ”თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს მოუსმინოს ევროკავშირში თავისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია. ჩვენ ამას გავითვალისწინებთ”.

- ვემხრობი ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებას, როდესაც მან სააკაშვილის სამართლებრივი დევნით შეშფოთებული ბატონები სააკაშვილის მეგობართა კლუბის წევრებად მოიხსენია. ასევე გაგახსენებთ ერთსაც, თავის დროზე, ვანო მერაბიშვილის დაკავებისას, დაწერეს სენატორებმა წერილი, რომელსაც ლამის 37 კაცი აწერდა ხელს, დღეს კი მას ოთხი სენატორი აწერს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

ამგვარ გამოხმაურებებს სერიოზული ევროპელი პოლიტიკოსები ყურადღებას არ აქცევენ, იმავე ბილდტის კომენტარებს ყურადღება არც ჩვენმა მთავრობამ უნდა მიაქციოს. ერთია ეს განცხადებები და მეორე საქართველოს კანონი, რომელზე მაღლაც არავინ დგას. საბოლოო ვერდიქტი უნდა გამოიტანოს სასამართლომ, კეთილი ინებოს ყველამ და დაელოდოს ამ გადაწყვეტილებებს და შერჩევით მართლმსაჯულებაზე მას მერე ილაპარაკოს, თუ ამის რეალური საფუძველი იქნება. ჯერჯერობით ასეთი საფუძველი არ ჩანს. რამდენიც უნდა იყვირონ სენატორებმა, კანონის უზენაესობა უმთავრესია. მთავრობას ვურჩევ, ნაკლები ყურადღება მიაქციოს ამ გამოხმაურებას და თავისი საქმე აკეთოს. კარლ ბილდტი ისეთი გავლენიანი ფიგურა არ არის, რომ მისი პოზიცია არსებით გავლენას ახდენდეს ევროპულ პოლიტიკაზე. ჩემი აზრით, ეს განცხადებები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

- უკრაინაში ვითარება კვლავაც ურთულესია, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის სამხედრო ტექნიკა უკონტროლოდ შედის. კრემლი უკან დახევას არ აპირებს, დასავლეთის მიერ გამოცხადებულ სანქციებს სანქციებითვე პასუხობს და დასავლური ქვეყნებიდან რიგი პროდუქციის შეტანას კრძალავს...

- მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი უნდა განვიხილოთ, პირველია, წარმოშობით ქართველი რუსი მწერლის ბორის აკუნინის ნათქვამი, რომ უნდა მოხდეს გადატრიალება რუსეთში და პუტინი გადააგდონ. აშკარაა, რომ რუსეთი დაშლისკენ მიდის. როგორც კორეული თვითმფრინავის ჩამოგდება იქცა საბჭოთა კავშირის დაშლის სიმბოლოდ, ასევე იქცევა ჰოლანდიური თვითმფრინავის ჩამოგდება რუსეთის, როგორც ფედერალური სახელმწიფოს დაშლის სიმბოლოდ. თუ რუსეთმა არ შეწყვიტა ეს პოლიტიკა და უკან არ წაიღო უკვე მიღებული გადაწყვეტილებები, მოხდება ის, რაც მოხდა რეიგანის დროს - რუსეთი გამოცხადდება ბოროტების იმპერიად, გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები მისი იზოლაციისა და ეკონომიკური შეზღუდვისკენ, რაც რუსეთს შიმშილს, რუბლის გაუფასურებას მოუტანს... ცივილიზებულ სამყაროს მოწყვეტილ რუსეთში კი დატრიალდება ის, რაც 1991-1992 წლებში იყო - შიმშილი, ბანდიტიზმი, განუკითხაობა. ამას საბჭოთა კავშირმა ვერ გაუძლო, ვერც რუსეთი გაუძლებს და ეს ქვეყანა მალე დღევანდელ ფედერალურ საზღვრებში აღარ იარსებებს. რუსეთისთვის გაცილებით უკეთესი სცენარია გადატრიალება, რაც მაქსიმუმ ერთ წელიწადში უნდა მოხდეს.

- გადატრიალების შესაძლებლობას რეალურად ხედავთ?

- კი. რუსეთში ყველაზე გავლენიან მასას მდიდარი ადამიანები შეადგენენ, რომელთა საშუალო ასაკი 40-45 წელია, მათი უმრავლესობის ოჯახები უცხოეთში ცხოვრობენ, მათი ბიზნესები კი პირდაპირ მიბმულია დიდ უცხოურ კომპანიებსა და ბანკებთან. რუსეთის ეკონომიკურ მარწუხებში მოქცევა ამ ადამიანების გაკოტრებას ნიშნავს, რასაც ადვილად არ შეეგუებიან. შესაბამისად, ისინი შეეცდებიან დაუსვან წერტილი პუტინის კონფრონტაციულ პოლიტიკას, მათ ნამდვილად არ აძლევს ხელს დასავლეთთან დაპირისპირება. დარწმუნებული ვარ, ისინი ახლა სხედან და ფიქრობენ, როგორ დააღწიონ თავი პუტინს, ჩემი აზრით, ამ მიმართულებით გარკვეული სცენარები უკვე არსებობს.

- თუმცა მანამდე რუსეთი თვითონ აწესებს დასავლეთისთვის სანქციებს, თანაც ახლოვდება ზამთარი, სავარაუდოდ, ევროპას რუსული გაზის გარეშე ძალიან გაუჭირდება.

- არა მგონია. არსებობს რუსული გაზის ბევრი ალტერნატივა, რაზეც ევროპა და ამერიკა უკვე ინტენსიურად მუშაობენ, ერთი მათგანია ამერიკის შეერთებული შტატებიდან თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტირება, ამას გარდა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ირანის მიმართულება, რომლის ბუნებრივი აირის მარაგი რუსეთისაზე ბევრად მეტია.

- დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ლაპარაკობს რა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე, ნატოს მოუწოდებს, მეტი პრაქტიკული დახმარება გაუწიონ ალიანსის არაწევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც უსაფრთხოების გასაძლიერებლად...

- განცხადება ნამდვილად საინტერესოა, თუმცა არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს და რაიმე კონკრეტული მოლოდინი გავაჩინო. ერთი რამაა აღსანიშნავი, მართალია ამორალურია ამის თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ

დღეს ნატოსკენ ჩვენი მოძრაობის თვალსაზრისით, უკრაინის მოვლენები ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს.

ნატოს დღეს ყოფილი საბჭოთა სივრციდან გაცილებით მეტი მოკავშირე სჭირდება.

- იმ შემთხვევაში თუ საქართველოსა და ნატოს შორის მნიშვნელოვანი დაახლოება მოხდა, რა რეაქცია ექნება რუსეთს?

- ძნელი სათქმელია, თუმცა ვფიქრობ, რუსეთი ორ ფრონტზე ვერ იბრძოლებს. უკრაინის დაკარგვა რუსეთისთვის არის სასიკვდილო მნიშვნელობის, ეს არის მისი დაშლისკენ პირველი ნაბიჯი, ეს იცის და ამიტომაც იბრძვის ასე გააფთრებით. უკრაინა საქართველო არ არის, ის უზარმაზარი ქვეყანაა, ბოლოს და ბოლოს რუსეთი ისტორიულად კიევში იშვა. ვფიქრობ, არც ნატო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რამაც შეიძლება ნატოსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გამოიწვიოს. ამიტომ არ მჯერა, რომ ჩვენ უელსის სამიტზე ”მაპ-ს მოგცვემენ, თუმცა ალბათ იქნება დაახლოება პოლიტიკურ, სოციალურ სფეროებში. პირველ რიგში უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით გადაიდგმება ნაბიჯი.

- ”ნაციონალი” დეპუტატის გიორგი კანდელაკის განცხადებით, შინ მიმავალს, გზა მანქანამ გადაუჭრა, საიდანაც გადმოსულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა ალექსი მელაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კანდელაკი ამას პოლიტიკას უკავშირებს და აცხადებს, რომ მელაძე ”ქართული ოცნების” აქტივისტია.

- სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ეს ბოლო შემთხვევა არ იქნება, თუმცა კანდელაკთან დაკავშირებული ინციდენტი უფრო ყოფით კონფლიქტს ჰგავს, დაველოდოთ გამოძიების შედეგს. ზოგადად კი, ცხადია, რომ საზოგადოების ნაწილი ”ნაციონალური მოძრაობის” მიმართ არცთუ კეთილგანწყობილია. რას ვიზამთ, ცხრა წლის განმავლობაში ლამის ნახევარი საქართველოს ნათესაობა ციხეში იჯდა, ახლა ეს ხალხი შურისძიებას ცდილობს, ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი და მიუთითებს იმაზე, რომ კიდევ ბევრი გვაკლია ევროპულ ქვეყნამდე.

- როგორ შეაფასებთ პრეზიდენტსა და პროკურატურას შორის გამართულ პოლემიკას. საქმე შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რომელზეც საიდუმლო გრიფის მოხსნის თაობაზე პრეზიდენტს პროკურატურამ მიმართა და ეს მიმოწერა გაასაჯაროვა. პრეზიდენტმა კი მიიჩნია, რომ მასსა და პროკურატურას შორის საიდუმლო მიმოწერის გახმაურებით კანონი დაირღვა... ეს ყველაფერი ხომ არ უკავშირდება მითქმა-მოთქმას, რომ თითქოს სახელისუფლებო შტოებს შორის გარკვეული დაძაბულობაა.

- ეს არის გაუგებრობა, რომლის აჟიტირებაც ორივე მხრიდან ხდება, რაც გაუმართლებელია. ამ დაპირისპირებაში პრეზიდენტია მართალი თუ პროკურატურა, ჩემთვის ძნელი გასარჩევია, რადგან იურისტი არ ვარ, თუმცა ყველა შემთხვევაში კანონი უნდა იყოს დაცული.

ამგვარი კინკლაობა ხელისუფლების იმიჯს რომ არ არგებს, ესეც ცხადია. გაცილებით მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს ქვეყანას. პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში ან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრობლემები გამოელიათ, თუ როგორ არის საქმე?! სჯობს, ხელისუფლებამ სერიოზულ საქმეებს მიხედოს და ნაკლები იკინკლაოს.

ნათია დოლიძე