კახი კახიშვილი: "პირველ პირებს შორის ურთიერთობამ გაუგებარი ფორმა მიიღო" - კვირის პალიტრა

კახი კახიშვილი: "პირველ პირებს შორის ურთიერთობამ გაუგებარი ფორმა მიიღო"

ინფორმაცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე მისი მმართველობისასაც ვრცელდებოდა, თუმცა, დამადასტურებელი ფაქტების მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რადგან ამ ხარჯებს გრიფი "საიდუმლო" ედო. დღეს გრიფი მოხსნილია, სააკაშვილს კი რიგით მესამე ბრალი სწორედ სახელმწიფოს კუთვნილი 8.837.461 ლარის გაფლანგვის საქმეზე წაუყენეს. 2009 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის მიერ მასაჟისტ დოროთი შტეინის, ე. წ. დოქტორ დოტის მოწვევას იმთავითვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ამ აჟიოტაჟის შემდეგ, პრეზიდენტის ხარჯების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილშივე მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, პირადი მიზნებისათვის ფული გასაიდუმლოებულად ეხარჯა. ექსპრეზიდენტის საიდუმლო განკარგულებებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უკანონოდ დაევალა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მათი სტუმრების, როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ, მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების დაფინანსება. მაგალითად, სააკაშვილისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის შრომის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი პირობებისთვის გახარჯულია 191.643 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის ავიალაინერის დაქირავებისათვის გადახდილია 503.383 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში, იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25.237 ლარი; ტაილანდის კურორტ ფხუკეთში მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქრაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებმა ორ დღეში შეადგინა 127.858 ლარი და ა.შ. განვლილი კვირის პოლიტიკურ მოვლენებზე ინტერვიუ ექსპერტ კახა კახიშვილთან სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ:

- ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ძებნა ქვეყანაში უკვე გამოცხადდა. როგორ ფიქრობთ, მისთვის წაყენებული სამი ბრალის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ინტერპოლმაც გამოაცხადოს საერთაშორისო ძებნა?

- ყველა ვთანხმდებით, რომ კანონი უნდა იყოს უზენაესი, მაგრამ ისეთი ტიპის ორგანიზაციები, როგორიც არის ინტერპოლი ან ევროპული ქვეყნების სასამართლოები, ასეთი საქმეების განხილვისას მაინც ითვალისწინებენ პოლიტიკურ რეალობას. დასავლეთში საქართველოს განვითარებული დემოკრატიის ქვეყნად რომ მიიჩნევდნენ, მაშინ ჩვენი პრეზიდენტის მიერ ფულის გაფლანგვა და უფლებამოსილების გადამეტება, დიდი ალბათობით, აღაშფოთებდა მსოფლიოს, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანას ამ სტანდარტით არ ზომავენ. ისინი დღეს გვიყურებენ როგორც განვითარებად სახელმწიფოს, სადაც ამგვარი რამ შეიძლება მოხდეს. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის აქამდეც კარგად იყო ცნობილი, თუ რას აკეთებდა სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნისას. უბრალოდ, მათ აწყობდათ სააკაშვილი, მით უფრო, იმ რეფორმების ფონზე, რაც დასავლელი პარტნიორებისთვის იყო მისაღები. როგორ ფიქრობთ, ინფორმაცია, თუ სად და როგორ ფლანგავდა სააკაშვილი ბიუჯეტის ფულს, არ იყო ცნობილი უცხოური სპეცსამსახურებისთვის? - რა თქმა უნდა, იყო. დააკვირდით, ფული, ძირითადად, გაფლანგულია ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდნენ და ხედავდნენ, თუ რა აქტიურად იყენებდა "ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურასა და სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების გასანადგურებლად. დღესაც ხედავენ, რომ სამართალდამცავი სისტემა და სასამართლო დამოუკიდებელი და სტაბილური მაინცდამაინც ვერ არის, ამიტომაც მათ აეჭვებთ დღეს მიმდინარე პროცესები და ფიქრობენ, ხომ არ იყენებს ეს ხელისუფლებაც ამ სტრუქტურებს პოლიტიკური ოპონენტის განადგურებისთვის. მათ, სავარაუდოდ, დიდად არც სურთ ყოფილი პარტნიორი, რომელიც დღესაც აქტიურად არის ჩართული იმგვარ საქმიანობაში, რაც დასავლეთის ინტერესებშია, ციხეში აღმოჩნდეს. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რომელიმე ქვეყნის სასამართლომ ამ ბრალდებებით სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს. საკითხავია ისიც, ინტერპოლი საერთოდ გამოაცხადებს ძებნას თუ - არა. საზოგადოდ, ინტერპოლი ძალიან ფრთხილად ეკიდება პოლიტიკოსებზე ძებნის გამოცხადებას.

- ერთია, რას ფიქრობენ სააკაშვილზე ქვეყნის გარეთ და მეორე, რა დამოკიდებულებაა მის მიმართ ქვეყანაში...

- რა თქმა უნდა, დასავლეთი სხვაგვარად უყურებს ამ ყველაფერს და ჩვენ - სხვაგვარად. ამ 9-წლიანმა უბედურებამ ჩვენს თავზე გადაიარა, თორემ დასავლელ პოლიტიკოსებს თუ ანალიტიკოსებს პირდაპირ აეროპორტშივე ღვინის ბოთლებით ხვდებოდნენ, აქეიფებდნენ და დროს ატარებინებდნენ. სააკაშვილი ქართველი ბიზნესმენებისთვის წართმეული ფულით დასავლელ სტუმრებს მასპინძლობდა და რა გასაკვირია, რომ ეს ბიზნესმენები და უცხოელი პოლიტიკოსები მის საქმიანობას სხვადასხვანაირად აფასებდნენ.

- როდესაც ექსპრეზიდენტს დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების გასაიდუმლოებაზე ჰკითხეს, მან თქვა, რომ პრეზიდენტის მისვლა-მოსვლა, კვება და ა.შ. ყველა ქვეყანაში გასაიდუმლოებულია.

- როდესაც რაიმე დოკუმენტს გრიფი "საიდუმლო" ედება, ეს ნიშნავს, რომ მისი შინაარსი ორიოდე კაცმა თუ იცის. მე როგორც კომენტარებიდან გავიგე, მთელმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მშვენივრად იცოდა, სად იხარჯებოდა ფული, მეტიც, ამ პარტიის ლიდერები სააკაშვილთან ერთად ატარებდნენ დროს და ფულს გართობაში ხარჯავდნენ. მაშ, თუ ყველამ ყველაფერი იცოდა, გრიფი რისთვის დაადეს? ერთადერთი იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას, მე და თქვენ, არაფერი გაგვეგო სააკაშვილის დროს ტარებაზე. რაც შეეხება იმას, რომ თურმე რუსეთს უმალავდა ამ ინფორმაციას, ეს სასაცილო არგუმენტია, წინასწარ კი არავინ სთხოვდა, სად წავიდოდა და პიჯაკებს სად იყიდდა, ის ეცნობებინა საზოგადოებისთვის, არამედ უკვე დახარჯული ქვითრები უნდა წარმოედგინა და სწორედ ამას დაადო გრიფი "საიდუმლო". რუსეთს სულ არ აინტერესებდა, სად იყიდდა პიჯაკებს, საათებს და რომელ მასაჟისტს გააკეთებინებდა სარელაქსაციო მასაჟს. კიდევ ერთიც - თუ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს კანონიერი ხარჯებია, მაშ, რატომ აფორმებდა ამას სპეციალური დაცვის სამსახურის ხარჯებად? პრეზიდენტს ყველა ქვეყანაში აქვს თავისი ხარჯი და ეს ნორმალურია, მაგრამ ეს სპეციალურად გაწერილი თანხებია, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან ან სპეციალური ფონდიდან უნდა დაიხარჯოს. რა შუაშია დაცვის სპეციალური სამსახური იმასთან, სააკაშვილი ტელეფონს ვის ჩუქნიდა, ან ვის და სხეულის რა ნაწილით ახატვინებდა სურათს? პრეზიდენტს პიჯაკები სჭირდება და უნდა იყიდოს კიდეც, მაგრამ კანონი არ ითვალისწინებს, რომ მისი ოჯახის წევრების სწავლის ფული სახელმწიფომ იხადოს.

- თანხების ამგვარად ხარჯვა ექსპრეზიდენტმა აგვისტოს ომიდან მოკლე ხანში დაიწყო, ამას მორალური მხარეც ხომ აქვს?

- სააკაშვილი 2008 წლის ომის შემდეგ, ფაქტობრივად, უმართავი გახდა და აღარ აინტერესებდა სამოქალაქო საზოგადოების აზრი. მან მშვენივრად იცოდა ქვეყნის მოსახლეობის მისადმი დამოკიდებულება, მაგრამ ეს არ ანაღვლებდა, რადგან ხელისუფლებაში დარჩენა რეპრესიული მანქანის გამოყენებით გადაწყვიტა. მას არ აინტერესებდა მოსახლეობის აზრი, რადგან მშვენივრად იცოდა, რომ მოსახლეობაზე აღარ იყო დამოკიდებული მისი არჩევა-გადარჩევა. სააკაშვილი კი არა, მერიის რიგითი თანამშრომლები დადიოდნენ სტრიპტიზ-ბარებში სახელმწიფოს ხარჯზე. მთავრობაში რომ არ ყოფილიყო დადგენილ წესად საბიუჯეტო ხარჯებით გართობა, მერიის რიგითი მოხელეები ამას გაბედავდნენ? ძალიან მაინტერესებს ერთი საკითხიც - კარგია, რომ პრეცედენტი შეიქმნა და სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, მაგრამ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების ის ნაწილი, რომელმაც უმაღლეს თანამდებობებზე პოლიტიკური კარიერა მანქანების ყიდვითა და სხვა ფუფუნების საგნების შეძენით დაიწყო, რას ფიქრობს? იქნებ ყველა თანამდებობის პირმა, სააკაშვილის კრიტიკასთან ერთად, იმაზეც იფიქროს, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე ყოფნა ძალიან მალე სრულდება.

- ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კურტ ვოლკერის, შეფასებით, ყოფილი მაღალჩინოსნების დევნა საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია, ქვეყნის იზოლირებას გამოიწვევს, რასაც რუსეთი გამოიყენებს.

- ეს არ არის აშშ-ის ოფიციალური განცხადება, არც კარლ ბილდტის განცხადება იყო ოფიციალური შვედეთის პოზიცია, მაგრამ ეს პირები საკმაოდ გავლენიანი ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამდებობის პირები არიან. მათი განცხადებების მოტივებზე ბევრი ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ხელისუფლება მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოს. ახლახან საქართველოს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, რომლის ადრესატებიც ამერიკელი სენატორები არიან, მაგრამ ეს უფრო შიდამოხმარებისთვის იყო განკუთვნილი, ვიდრე დასავლელი პარტნიორების ინფორმირებისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ, საგარეო საქმეთა სამინიტრომ, თანამიმდევრულად და პერმანენტულად უნდა იმოქმედონ, რათა დაარწმუნონ დასავლელი პარტნიორები, რომ ჩვენში წმინდა სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს. ამბობენ, რომ სააკაშვილს მისი მეგობრები იცავენ, მაგრამ სააკაშვილმა ხომ მოახერხა და ეს ადამიანები დაიმეგობრა? ხელისუფლებამაც მოახერხოს და იპოვოს მეგობრები დასავლეთში. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა და არა მხოლოდ განცხადებების გაკეთება. თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაინახავენ, რომ კანონის უზენაესობა მხოლოდ ყოფილი თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ საქმეებზე ვრცელდება და ხელისუფლება საკუთარი გუნდის წევრების მიმართ ლოიალურია, რა თქმა უნდა, ეს გააფუჭებს დასავლეთთან ურთიერთობას და მათგან ჩვენი ქვეყნის დისტანცირებას შეუწყობს ხელს. კანონის უზენაესობის დაცვის პრინციპიდან თუ გამოდიხარ, ეს პრინციპი ყველა შემთხვევაში უნდა დაიცვა.

- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, წინა ხელისუფლების დროს ქონებაწართმეული მოქალაქეების საქმეებზე გამოძიება ბოლო ეტაპზეა. მისი თქმით, სახელმწიფო საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს, თუ რა ბედი ეწევა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს დაკარგეს ქონება.

- ვფიქრობ, "ქართულმა ოცნებამ" ამ საქმეში ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე ბევრი შეცდომა დაუშვა. წელიწადისა და რვა თვის განმავლობაში უმოქმედობამ და სასამართლოში ისეთი საქმეების წარმოებამ, რომელზეც ერთიმეორეს ასწრებდა გამამართლებელი განაჩენი, მნიშვნელოვნად დააზიანა სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც ბევრი კითხვა გაუჩინა. რაც შეეხება ქონების წართმევას, ამ ხნის განმავლობაში

ის ბიზნესმენები, რომლებმაც თავის დროზე მიიღეს წართმეული ქონებიდან წილები, ამ ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა მეტად დაიახლოვა, მათაც დრო იხელთეს და არაერთხელ გადაყიდეს წართმეული ქონების წილები.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, უკვე რამდენჯერმე გასხვისებული ქონების კეთილსინდისიერი მყიდველისგან უკან დაბრუნებას როგორ აპირებენ. ალბათ, ლაპარაკია ისეთ მექანიზმზე, რომელიც უკავშირდება ქონებას, რომელიც ისევ სახელმწიფო ბალანსზეა, მაგრამ ეს არის წართმეული ქონების მცირე ნაწილი.

- მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კინკლაობა არ სრულდება. ამჯერად საქმეში პროკურატურა ჩაერთო, რომელმაც სწორედ დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებზე გრიფის მოხსნის თაობაზე პრეზიდენტ მარგველაშვილთან მიმოწერა გაასაჯაროვა, რაც პრეზიდენტმა უკანონოდ მიიჩნია. ამას მოჰყვა პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც მიანიშნებდა, რომ მარგველაშვილმა გრიფის მოხსნა დააგვიანა.

- პირველ პირებს შორის ურთიერთობამ გაუგებარი ფორმა მიიღო. საქმე სახლობანას თამაშს კი არა, სახელმწიფოს მართვას შეეხება. ამიტომ პირადი განწყობები ყველამ გვერდზე უნდა გადადოს. საერთოდაც, ვფიქრობ, რომ კოაბიტაციის რეჟიმისას უფრო მეტი პატივისცემა იგრძნობოდა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ვიდრე ახლა. არ შეიძლება უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია. ეს კარგს არაფერს მოიტანს. დღეს თუ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოხდა, ხვალ აუცილებლად სხვა სახელმწიფო ინსტიტუტის ჯერი დადგება. რაც შეეხება გრიფს "საიდუმლო", როგორ ფიქრობთ, პროკურატურა შეგულიანებული რომ არ ყოფილიყო, მარგველაშვილისადმი მთავრობის ამგვარი დამოკიდებულებით, გაბედავდა ამ მიმოწერის გასაჯაროებას? ან პრემიერთან მსგავს მიმოწერას გაბედავს და ოდესმე გაავრცელებს პრესაში? გაურკვეველი იყო პროკურატურის პოზიციაც, პრეზიდენტმა არ გვიპასუხა და ამიტომ გადავეცით ინფორმაცია პრესასო. მაპატიეთ, მაგრამ პროკურატურა პოლიტიკური ორგანოა, რომ პრეზიდენტთან ურთიერთობა პრესით გაარკვიოს? დღეს თუ ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისი არ ემუქრება, ეს არ ნიშნავს, რომ 2016 წლის დადგომისთანავე, როდესაც მარგველაშვილი შედარებით გაძლიერდება, ასეთი ტიპის ურთიერთობები კრიზისს არ გამოიწვევს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ღარიბაშვილის მიერ სენატორებისთვის მიწერილ წერილში კირვალიძესთან დაკავშირებულ განცხადებას არ ვეთანხმებიო. რაც ალასანიამ თქვა, ამას მეც ვიზიარებ, მაგრამ თუ ერთიანი გუნდია, ეს საკითხები გუნდში უნდა გაარკვიონ და არა პრესასთან.

ალასანიას განცხადების შემდეგ პრემიერის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, შეცდომა მოგვივიდაო, ამასობაში კი უხერხულ ვითარებაში ქვეყანა აღმოჩნდა.

ნათია დოლიძე