"რაც უფრო ვუახლოვდებით ნატოს, მით მეტად ვშორდებით ოკუპირებულ ტერიტორიებს" - კვირის პალიტრა

"რაც უფრო ვუახლოვდებით ნატოს, მით მეტად ვშორდებით ოკუპირებულ ტერიტორიებს"

"აფხაზეთში არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც ყურადღებით ისმენს აქაურ გზავნილებს"

"რატომღაც ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში ის არის მთავარი მედიატორი"

როგორც ჩანს, ხელისუფლებაში განხეთქილების ვაშლად კვლავაც რჩება ე. წ.  "ფარული მოსმენების გასაღების" თემა. გარდა იმისა, რომ მთავრობასა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის არსებობს აზრთა მწვავე სხვადასხვაობა, აღმოჩნდა, რომ ამ საკითხზე ერთიანობა არც საპარლამენტო უმრავლესობაშია. პარლამენტში წარმოდგენილია ორი კანონპროექტი, რომელთაგან ერთის ავტორი რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძეა, მეორის ავტორები კი არიან დეპუტატები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ირაკლი სესიაშვილი. მათ მიერ მომზადებული პროექტი ითვალისწინებს ორგასაღებიან სისტემას, რომელთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროში იქნება, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები და ამბობენ, რომ შსს-ს ნაცვლად მოსმენის სისტემაზე წვდომა მობილურ პროვაიდერებს უნდა ჰქონდეთ. ხმალაძის ვარიანტში კი ლაპარაკია ალტერნატიულ სახელმწიფო უწყების შექმნაზე, რომელსაც გადაეცემა სისტემის გასაღები. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრიდან გამოსულმა უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს და უმრავლესობა მხარს ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტს დაუჭერს, თუმცა, განსხვავებულია რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა პოზიცია, რომლებიც აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს. გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- ამ პროცესმა ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები თუ კონკრეტული პირები ცდილობდნენ ვიღაცის წინაშე თავის მოწონებას. ამ ვიღაცაში შეიძლება ვიგულისხმოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკურად აქტიური საზოგადოება და ა.შ. შესაბამისად, ხშირად ნაკლები ყურადღება ეთმობოდა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. გამეორება ზუსტად იმ ვითარებისა, რაც ცივილიზებულ დასავლეთშია, ჩვენს შემთხვევაში ხშირად შეიძლება არც გამოდგეს. საქმე ის არის, რომ საქართველო ჯერ არ არის სრულყოფილ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებული, ამიტომაც ზოგიერთი იდეა, რომელიც მოსმენებთან არის დაკავშირებული, ჩვენში უბრალოდ რეალიზებული ვერ იქნება, რადგანაც ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს უკავშირდება. ავიღოთ პროვაიდერისთვის მოსმენების სისტემის გასაღების გადაცემის საკითხი, კი, ევროპაში ნამდვილად არსებობს ასეთი გამოცდილება, მაგალითად გერმანიაში, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ იმ პროვაიდერში, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსმენის უფლება, ძირითადად, გერმანიის დაზვერვის თანამშრომლები მუშაობენ. გამოდის, ეს თვალთმაქცობაა და მეტი არაფერი. რაც შეეხება საბერძნეთს, სადაც ასევე პროვაიდერს ჰქონდა ჩაბარებული ეს საქმე, არცთუ დიდი ხნის წინ დიდი სკანდალი ატყდა.

პროვაიდერს 76 მილიონი ევროს ჯარიმა დააკისრეს, რადგან მოსმენის სისტემაში ჩართული იყო არა მხოლოდ ის ხალხი, ვისაც ეს ევალებოდა, არამედ ამ პროვაიდერის ლამის ყველა თანამშრომელი ახერხებდა სისტემაში შეღწევას.

პირადად მეც ვიზიარებ კანონპროექტის იმ ვარიანტს, რომელიც სისტემაზე წვდომის პასუხისმგებლობას კონკრეტულ სახელმწიფო უწყებას, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიანიჭებს. ჯერ ერთი, ამ უწყებას უკვე აქვს ამის გამოცდილება, მეორეც, მას უნდა მოსთხოვოს მთელმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ მოსმენების კანონიერად წარმართვა. მითური პროვაიდერი ჩემთვის ავტორიტეტი ვერ იქნება, თანაც ხომ არ გავიწყდებათ, რომ აქ არიან მობილური კავშირგაბმულობის პროვაიდერები, რომლებიც უცხო ქვეყნებს წარმოადგენენ. ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორია პრემიერის პოზიცია და მოსმენის სისტემის ერთი გასაღები აუცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს, სწორედაც უსაფრთხოების იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც ქვეყნის გარშემოა.

საქართველოს ტერიტორიაზე, ჩემი ვარაუდით, 6-7 ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს, ამიტომ მაქსიმალური დაცვაა საჭირო, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს იმ უწყებას, რომელიც ამ საქმეს ჩაიბარებს.

რაც შეეხება მეორე გასაღებს, ეს შეიძლება იყოს რომელიმე ისეთი ორგანიზაციის ხელში, რომელიც საზოგადოების ნდობას იმსახურებს. წინადადება, რომ მეორე გასაღები იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის ხელში, ვფიქრობ, საინტერესოა, ოღონდ ამ ინსტიტუტს გარკვეული უფლებები დაემატება. მგონი, პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელისუფლებო გუნდიდან გამოსულ ინიციატივას ვეთანხმები.

- "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, თუ მოსმენის სისტემის გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროში დარჩა, შესაძლებელია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადოსო.

- რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ პრეზიდენტის ვეტო სახელმწიფოს დააზარალებს და გაახარებს ხელისუფლებაში, განსაკუთრებით კი ძალოვან სტრუქტურებში მოკალათებულ მეხუთე კოლონას, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება გააჭიანუროს დრო იმისთვის, რომ ეს სფერო არ დარეგულირდეს და კვლავაც შეძლონ მოქალაქეთა უკონტროლოდ მოსმენა. მერწმუნეთ, თუ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ეს სასიკეთოს არაფერს მოიტანს. მინდა, ხელისუფლებამ, მათ შორის პრეზიდენტმა და მთელმა საზოგადოებამ გააცნობიერონ, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს, რათა კანონის ჩარჩოებში მოექცეს მთელი ეს პროცესი.

- ამ საკითხზე მსჯელობა ლამის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის დაპირისპირებად გადაიქცა. პრემიერმა საკმაოდ ხისტი განცხადებები გააკეთა: "მათი მთავარი მიზანია შსს-ს პარალიზება, ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს და ვის ინტერესებშია სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლა, ძალიან კარგად ვიცით. სანამ პრემიერ-მინისტრი ვარ, არავის მივცემ უფლებას, ექსპერიმენტები ჩაატარონ ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობაზე, ეს გამორიცხულია. ჩვენ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც მორგებულია ჩვენს რეალობაზე..."

- თქვენ ახსენეთ სიტყვა "ხისტი", სწორედ ამაშია პრობლემა.

როდესაც პრემიერს სურს, კატეგორიული იყოს, ის აკეთებს არა კატეგორიულ, არამედ ხისტ განცხადებებს, რაც მაინცდამაინც კარგი მოსასმენი არ არის და არც მთავრობის მეთაურს ეკადრება.

ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, რომ პრემიერმა იზრუნოს თავისი გამოთქმების სტილისტიკაზე, შეიძლება იყო მკაცრი, მაგრამ არ არის საჭირო ამისთვის ოპონენტის შეურაცხყოფა. ობიექტურობა მოითხოვს ვთქვათ ისიც, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გაცილებით მეტს იღებს საკუთარ თავზე, ვიდრე მისი მდგომარეობიდან და დებულებიდან არის გამომდინარე. რატომღაც ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში ის არის მთავარი მედიატორი, სამწუხაროდ, მედიამაც შეუწყო ხელი ამაში. არ შეიძლება ყველა საკითხზე ერთნაირად კომპეტენტური მხოლოდ რამდენიმე  არასამთავრობო ორგანიზაცია იყოს. ვფიქრობ, საზოგადოებამ, და არა ხელისუფლებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უნდა მოსთხოვოს პასუხი იმაზე, თუ რა უფლებით იღებენ საკუთარ თავზე მთავარი მედიატორის როლსა და ფუნქციას.

- პრემიერ-მინისტრი ამ ცოტა ხნის წინ შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს, ასევე ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ამ ვიზიტისას, მისი ყოველი საჯარო განცხადება იყო იმის მტკიცება, რომ საქართველოს საგარეო კურსი შეუცვლელია, მეტიც, მან საკმაოდ მკაცრად შეაფასა უკრაინაში მიმდინარე პროცესები და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაგრძელებად მოიხსენია. მას აქამდე ოპონენტები ხშირად საყვედურობდნენ, რომ უკრაინისა და საქართველოს მოვლენებს შორის პარალელს ვერ ხედავდა...

-  მე იმ ადამიანების ჯგუფს განვეკუთვნები, ვინც ამ პროცესებს აკვირდება და მერწმუნეთ, ქვეყნისთვის კურსის შეცვლა ასე ადვილი ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, ეს კარგად იციან დასავლეთში, განსხვავებით ზოგიერთი ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისა და პოლიტიკოსისგან. არსებობს ვალდებულებების მთელი სისტემა, რომელიც საქართველოს აქვს აღებული დასავლეთის წინაშეც და მათზე უარის თქმა ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას, უპირველესად კი დღევანდელ ხელისუფლებას. ამიტომაც ეს ასე მარტივად არ ხდება, ძალიანაც რომ უნდოდეს ვინმეს ჩვენს ხელისუფლებაში.  გარდა ამისა, რუსეთი იქცევა ისე, რომ ძალიანაც რომ გვინდოდეს მასთან სიახლოვე, ეს ძალიან გაჭირდება.

რაც შეეხება პრემიერის ვიზიტს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნატოს ახალ გენერალურ მდივანთან შეხვედრა და მისი განცხადებები, მათ შორის ის, რომ ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის შექმნა უკვე გადაწყვეტილია. სხვათა შორის, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სოროსის აქ ჩამოსვლა და მისი განცხადებები წინა ხელისუფლების თაობაზე, თუმცა, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - რაც უფრო ვუახლოვდებით დასავლეთსა და ნატოს, მით მეტად ვშორდებით ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ოპოზიცია ხშირად უკიჟინებს ხელისუფლებას, რომ უფრო აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს მეტი ყურადღება სჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც შეიძლება ხელისუფლებას მოვთხოვოთ, ის არის, მოახერხოს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ამ ორი რეგიონის საკითხი მუდმივად იყოს დღის წესრიგში. მაგრამ პრობლემა რომ ასე არ გადაწყდება, ნათელია. დღეს არც დასავლეთს აქვს საამისო რესურსი და თავი და ჩვენი შესაძლებლობებიც ძალიან შეზღუდულია. რუსეთი პრაქტიკულად ახდენს ამ ორი რეგიონის თავის პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სამხედრო სივრცეში გაწევრებას, რჩება მხოლოდ პოლიტიკური ინტეგრაციის ნაწილი, მაგრამ ამას არ აკეთებს, რადგან მოსკოვს ეს დღეს არ სჭირდება.

- რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლის თანახმად, სთხოვენ პრეზიდენტს, ხელი მოაწეროს რუსეთსა და აფხაზეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას.

- მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელშეკრულების გარშემო კიდევ იქნება ხმაური, საბოლოოდ მაინც გაფორმდება და თან იმ პუნქტებით, რაც რუსეთს სურს.

კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში ძირისძირამდე  ვიცოდეთ ის მოვლენები, რაც აფხაზეთში მიმდინარეობს და გვქონდეს დროული რეაქციები, თუნდაც სახალხო დიპლომატიის დონეზე. ღარიბაშვილის ფრაზამ, რომელიც აფხაზეთის ფართომასშტაბიანი ავტონომიის შესახებ ითქვა, აქ ღიმილი გამოიწვია, სხვათა შორის, ღიმილი გამოიწვია სოხუმშიც, მაგრამ არა ყველაში... აფხაზეთში არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც ყურადღებით ისმენს აქაურ გზავნილებს.

ერთ-ერთმა აფხაზმა ბლოგერმა დაწერა კიდევაც, რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მოარტყა.

საქმე ის არის, რომ ღარიბაშვილმა აფხაზებს ამით მიანიშნა, თქვენი პრობლემები მარტო თქვენი არ არისო. ეს შეთავაზება საინტერესო იყო რუსეთთან ამ შეთანხმების გაფორმების პროცესშიც, აფხაზებს მისცა ვაჭრობის საშუალება, ანუ  აფხაზების პოზიცია დაახლოებით ასეთი შეიძლება ყოფილიყო - თუ თქვენ დაიჩემებთ ამ მუხლების გატანას, რაც ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენც გვაქვს ალტერნატივა, აგერ არის საქართველო და დასავლეთი და იქით  გავიხედავთო. ამას, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ეს ილექება ადამიანთა გონებაში და თუ მოხდა ისე, რომ რუსებსა და აფხაზებს შორის ვითარება გამწვავდა, ამან შეიძლება თავისი როლი შეასრულოს. მსგავსი შეთანხმების პროექტი კრემლმა ე. წ. სამხრეთ ოსეთსაც შესთავაზა. იქ ვითარება განსხვავებულია, მოსკოვიდან რაც უნდა გამოგზავნონ, ცხინვალში ხელს აუცილებლად მოაწერენ, თუმცა, საპროტესტო განწყობა რუსეთის მიმართ ბოლო დროს აქაც იგრძნობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში, რაც გასაკვირია, რადგან ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც საქართველოს სიძულვილით გაიზარდნენ. მართალია, მათი აზრი ამ ეტაპზე იქ არავის აინტერესებს, მაგრამ ჩვენთვის ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს.

-  ამ ორიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო რვა თვის განმავლობაში მინისტრებისა და მათი მოადგილეების სახელფასო დანამატებსა და პრემიებზე 3 მილიონზე მეტი ლარი გაიცა...

- ასეთი მიდგომის დემონსტრირება პირველად სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხდა, როდესაც კორუფციის აღმოფხვრის მიზნით სახელმწიფო ჩინოსნებს ოფიციალური შემოსავლები გაუზარდეს. ვფიქრობ, ეს არ არის ცუდი მიდგომა, მაგრამ ყველაფერს სჭირდება ზომა და წონა. ეს არც პანაცეაა, რადგან

მიუხედავად დიდი შემოსავლებისა, სულ გვესმის სამინისტროებში გამოვლენილ კორუფციულ ფაქტებზე ინფორმაცია, ანუ მიუხედავად მაღალი ხელფასებისა, მაინც იპარავენ.

სხვა რამ არის მოსაფიქრებელი. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად არ მესმის იმ სახელმწიფო მოხელეებისა, რომლებიც ხედავენ, ქვეყანაში რა მძიმე ვითარებაა, მაგრამ ეს სულაც არ უშლით ხელს, პირად კეთილდღეობაზე გადაჭარბებულად იზრუნონ. ვფიქრობ, აქ საკადრო პოლიტიკის პრობლემაც არის. კადრების სწორად შერჩევაა საჭირო.

ხშირად მაღალ თანამდებობაზე ინიშნება არაპროფესიონალი, დიდწილად არაფრისმაქნისი პირი, რომელიც მხოლოდ იმას ცდილობს, სახელმწიფოს ხარჯზე რაც შეიძლება კარგად მოიწყოს ცხოვრება.

რა თქმა უნდა, ეს ყველაზე არ ითქმის. ვფიქრობ, უნდა დაწესდეს კრიტერიუმები იმისა, თუ რა დამსახურებისა და საქმიანობის გამო მიიღებენ სახელმწიფო მოხელეები სახელფასო დანამატსა თუ პრემიას.

- საქართველოში გუანტანამოს ციხის სამი ყოფილი პატიმარი ჩამოიყვანეს, რასაც საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა...

- ეს განეკუთვნება დასავლეთის წინაშე აღებულ საქართველოს იმ ვალდებულებათა წყებას, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. როდესაც 2010 წელს გუანტანამოდან პირველად ჩამოიყვანეს სამი პატიმარი, იმავე დროს პატიმრები ჩაიყვანეს სლოვაკეთსა და სლოვენიაშიც. ასე რომ, ეს მარტო საქართველოში არ ხდება, მახსოვს, მაშინაც შეშფოთდა ჩვენი საზოგადოება, მაგრამ მალე დაივიწყა ეს ამბავი. დღეს ვითარება ცოტა შეცვლილია. 2010 წელს ისლამური ხალიფატი არ იყო ასეთი ფეხმოკიდებული არც მსოფლიოში და მით უფრო, არც ჩვენს რეგიონში, დღეს კი მარტო ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში 40 000 კაცამდეა ხალიფატის მხარდამჭერი, საქართველოშიც არიან ჯგუფები, რომლებიც ხალიფატს თანაუგრძნობენ, ჩემი ვარაუდით, 1 000 კაცამდე მაინც იქნება. მართალია, გუანტანამოელ პატიმრებს, რომლებიც, როგორც ვიცი, იემენელები არიან, ბრალი არ დაუმტკიცდათ, მაგრამ გამორიცხული არ არის, ისინი ისლამისტური ორგანიზაციების მხარდამჭერები ან სულაც წევრები იყვნენ.

ამიტომ საჭიროა მკაცრი კონტროლი, რათა არ დაამყარონ კავშირი აქაურ ისლამისტებთან. ეს ადამიანები პოლიტიკური ისლამის განვითარებისთვის შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს.

ნათია დოლიძე