"ლუკაშენკო პუტინის ფოსტალიონი არ არის" - კვირის პალიტრა

"ლუკაშენკო პუტინის ფოსტალიონი არ არის"

ვიდრე გიორგი ქადაგიძე იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ლარს კარგი არაფერი ელოდება

გასულ კვირას განსაკუთრებულად გააქტიურდა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის საკითხი. მოვისმინეთ განცხადებები, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის შეზღუდულ უფლებამოსილებას ამხელა სასახლე არ შეეფერება, ამიტომაც გიორგი მარგველაშვილი ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში, რომლის ძირფესვიანი განახლებაც დასრულდა, უნდა გადასულიყო. თავის დროზე, სწორედ ავლაბრის რეზიდენციაში მარგველაშვილის შესვლა გახდა მასა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს შორის განხეთქილების მიზეზი. ამჯერადაც, პრეზიდენტის განცხადებით, სასახლესთან დაკავშირებული პროცესების უკან სწორედ მისი და ივანიშვილის გართულებული ურთიერთობა უნდა გვეძებნა. ქვეყანაში არსებული რთული ვითარების ფონზე ეს დაპირისპირება ქილიკის საგნად არცთუ უსაფუძვლოდ იქცა. "საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, გარდა სოხუმისა", - ვიზიტის დასაწყისშივე ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამ განცხადებამ ცხადყო, რომ ის მაქსიმალურად შეეცდებოდა ჩვენი ხელისუფლების თუ საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებას, თუმცა, კითხვაზე: რა მიზნით? - პასუხი ვიზიტის დასრულების შემდეგაც არ არის მკაფიო. როგორც ამ ვიზიტის მიმართ მოლოდინი იყო სხვადასხვაგვარი, ასევე სხვადასხვაგვარია შეფასებებიც. ნაწილი ანალიტიკოსებისა მიიჩნევს, რომ ლუკაშენკომ საქართველოს ხელისუფლებას გზავნილები ჩამოუტანა რუსეთიდან, ნაწილის აზრით კი, ის რუსეთსა და დასავლეთს შორის თამაშს ცდილობს და საქართველოს მოკავშირეობა სწორედ დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებისთვის სჭირდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ბელორუსიის სამთავრობო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ათზე მეტი შეთანხმება გაფორმდა. როგორც გაირკვა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა უახლოეს მომავალში 200 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. ინტერვიუ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან სწორედ ამ ვიზიტის შეფასებით დავიწყეთ:

- უკვე 21 წელია, რაც ბელორუსიას ალექსანდრ ლუკაშენკო მართავს და ლამის უაზრობად აქციოს გამონათქვამი, "დრონი მეფობენ და არა მეფენიო".

ხუმრობა იქით იყოს და, ეს ქვეყანა ბევრი მიმართულებით არის საინტერესო, თუმცა, ცხადია, რომ მის დემოკრატიულ განვითარებაზე ლაპარაკი, ჯერჯერობით, უსაფუძვლოა. ერთი კია, თანამედროვე მსოფლიოში უკვე საჯაროდ ლაპარაკობენ ლუკაშენკოს ბოლოდროინდელ ტრანსფორმაციაზე. ბელორუსიის პრეზიდენტი, რომელსაც ბევრი კრემლის მოკავშირედ მიიჩნევს, იმავე კრემლისთვის მუდმივი გამაღიზიანებელი ფაქტორია. რუსეთში სულ იმედი აქვთ, რომ ლუკაშენკო უსიტყვოდ დაემორჩილება მათ სურვილებს, თუმცა, ხშირად ასე სულაც არ ხდება. ბევრისთვის მოულოდნელი და გასაოცარიც კი აღმოჩნდა ბელორუსიის დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი - ლუკაშენკოს რუსეთისთვის დიდად მოსაწონი პოზიცია არ ჰქონია. ვიცით, რომ მან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა.

საქართველოში ლუკაშენკოს ვიზიტს რამდენიმე მიზანი ჰქონდა. ცხადად ჩანს, რომ ბოლო წლებში მას ჩვენი ქვეყნისადმი სიმპათია გაუჩნდა. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობისას არაერთხელ მიმართა დასავლეთის ლიდერებს თხოვნით, არ გაერიყათ ბელორუსია ევროპული სივრცისგან, არ დაეტოვებინათ რუსეთის ბრჭყალებში. ვფიქრობ, ეს ვიზიტიც გარკვეული გზავნილი იყო ევროპისთვის, რადგან ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში ის ჩავიდა როგორც მეგობარი და პარტნიორი. განცხადება, რომ ერთი ქვეყნის "ევრაზიულ კავშირში" ყოფნა და მეორის ევროკავშირისკენ სწრაფვა ამ ქვეყნების ურთიერთობას ხელს არ შეუშლის, აქამდეც გვსმენია, განსაკუთრებით, სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრებისას, და ეს გაიმეორა ლუკაშენკომაც. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისითაც საქართველო შესაძლოა, მნიშვნელოვანი პარტნიორი იყოს ბელორუსიისთვის, სწორედ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით. ეკონომიკური თვალსაზრისითვე ჩვენთვისაც საინტერესოა ბელორუსიის გამოცდილება. იქ უმუშევრობა უცხო ხილია, მუშაობს უამრავი ფაბრიკა-ქარხანა. ამ ქვეყანას უზარმაზარი კვების მრეწველობის პოტენციალიც აქვს; ამასთან, ბელორუსია ჩვენთვის საინტერესო პარტნიორი შეიძლება იყოს სასოფლო-სამეურნეო სფეროში. ლაპარაკი წარსულზე, როდესაც ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მოიხსენიებდნენ, ყავლგასული მგონია. მოგეხსენებათ, დაწესებული სანქციების გამო საფრანგეთსა და გერმანიაში ბელორუსიის პროდუქტი არ შედის, თუმცა, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, ამ ორი ევროპული სახელმწიფოს პირველი პირები არ თაკილობენ მასთან სტუმრობას და კმაყოფილნი არიან სამშვიდობო პროცესში ლუკაშენკოს შეტანილი წვლილით.

- ბრძანებთ, რომ ამ ეტაპზე ლუკაშენკოს სჭირდება საქართველო სწორედ დასავლეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, თუმცა, მის განცხადებებს თუ გავიხსენებთ, ეს უფრო რუსეთის ინტერესებს ემსახურება...

- სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ უკავშირებენ ლუკაშენკოს მაინცდამაინც პუტინს და ამბობენ, რომ მან პუტინის გზავნილები ჩამოიტანა? როგორც ვიცი, ლუკაშენკო პუტინის ფოსტალიონი არ არის, რაც კარგად ჩანს ხოლმე მინსკის შეხვედრებზე, სადაც რუსულ-უკრაინული კონფლიქტი განიხილება.

- "ვფიქრობ, უახლოეს ხანებში ჩვენ ვიპოვით პასუხს ერთ კითხვაზე: რა ნაბიჯი გადავდგათ იმისთვის, რომ დავაახლოოთ სახელმწიფოების პოზიცია და ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ეს ერთ დროს იყო. ქართველ, ბელორუს და რუს ხალხებს შორის არ არის წინააღმდეგობა. არის გაუგებრობა პოლიტიკურ დონეზე და ამის დაძლევა შეიძლება, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო" - მაშ, როგორ უნდა აიხსნას მისი ეს განცხადება და "რუსი ხალხისა" და "ერთი ოჯახის" ხსენება?

- ჯერ უნდა გითხრათ, რომ ლუკაშენკოს ადვოკატად ვერ გამოვდგები, რადგან ამისთვის მეტად სუბიექტური მიზეზი მაქვს.

საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს ლუკაშენკო მე დივერსანტად მომიხსენიებდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2005 წელს ბელორუსიის "ინტელიგენციის რადის" მე-5 კონგრესს დავესწარი.

ღონისძიება ჩატარდა ხელისუფლებისგან მალულად, სადღაც ტყეში, რომელსაც ომონმა მაინც მიაგნო და დაარბია, თუმცა, მე მანამდე გამიყვანეს იქიდან. მეორე დღეს ლუკაშენკომ განაცხადა, საქართველოდან დივერსანტები შემოიპარნენ, ამიტომ უვიზო რეჟიმი ამ ქვეყანასთან უნდა გავაუქმოო...

ახლა რაც შეეხება თქვენ მიერ მოყვანილ ფრაზას. მე მასში უფრო ამგვარი კონტექსტი წავიკითხე: რომ რუსეთს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს და პოლიტიკურ გაუგებრობას ქმნის, თუმცა, ვიღაც ამას, ალბათ, მიიჩნევს რუსეთის ინტერესების გამომხატველ განცხადებად.

რაც შეეხება ოჯახისა და თანაცხოვრების ხსენებას, შესაძლოა, ლუკაშენკოს მართლმადიდებლური სივრცეც ჰქონდა მხედველობაში;

შესაძლოა, სიმბოლურად ახსენა ოჯახი. უბრალოდ, საბჭოთა კავშირის გამოცდილება ამგვარ ნათქვამს უარყოფით კონტექსტს ანიჭებს...

- გასული კვირის ლამის მთავარ თემად იქცა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან პრეზიდენტ მარგველაშვილის ათონელზე მდებარე შენობაში გადასვლის საკითხი.

- სამწუხაროა, რომ რეზიდენციის თემა ასეთი მასშტაბური მსჯელობის საგანი გახდა ქვეყანაში, რომლის წინაშეც უამრავი პრობლემა დგას.

მაინტერესებს, რატომ არავინ სვამს კითხვას: რა პერსპექტივა ექნება ამ სასახლეს, რომლის დატოვებასაც პრეზიდენტს სთხოვენ, იმ შემთხვევაში, თუ ის საპრეზიდენტო რეზიდენცია აღარ იქნება? ვის და რისთვის სჭირდება ეს შენობა? იქნებ ისეთ იდეას გვთავაზობენ, რომ ყველა ერთხმად დავთანხმდეთ, მათ შორის - პრეზიდენტიც...  კვადრატული მეტრებით აპელირება და სხვის უფლებამოსილებაზე ლაპარაკი საკმარისი არგუმენტი არ არის. ჩემი აზრით, ამ საკითხზე ლაპარაკი მას მერე მაინც უნდა დასრულდეს, რაც ვნახეთ ის საზეიმო მიღება, რაც ავლაბრის სასახლის ეზოში ბელორუსიის პრეზიდენტს მოუწყვეს. ათონელზე მდებარე შენობის ეზო ამის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა, არადა, ღირსების მქონე ქვეყანაში აუცილებელია ასეთი სიმბოლოების არსებობა.

ქვეყანა სიმბოლოების გარეშე კოჭლი სახელმწიფოა, სიმბოლოები კი მხოლოდ დროშა და გერბი არ არის.

მოკლედ, ვერ ვხედავ ვერანაირ სიკეთეს იმაში, რომ პრეზიდენტმა დატოვოს რეზიდენცია. იმედია, ამაზე ლაპარაკი დასრულდება, მით უფრო, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

მგონი, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ღარიბაშვილის განცხადება ასე განსხვავდებოდა ივანიშვილის განცხადებისგან, რომელიც დღესაც იმაზე ლაპარაკობს, საზოგადოება გასცემს პასუხს მარგველაშვილსო... ვინ ეგულება ბატონ ბიძინას ასეთ საზოგადოებად, არცთუ ძნელი გამოსაცნობია. არ გამოვრიცხავ, ცოტა ხანში პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლების აქციები ვიხილოთ...

- თავდაცვის ექსმინისტრისა და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას, მწვავე განცხადებების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: "ალასანიამაც გაიმეორა იგივე, რასაც ამბობენ გიგა ბოკერია და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომ მე ქვეყნის მთავარი პრობლემა ვარ, მის ამ განცხადებას კი ჩემი გუნდიდან არავინ გამოეხმაურა, რამაც გამაოცა".

- ბიძინა ივანიშვილს ერთი დიდი ღირსება აქვს, ეს არის უკიდურესად გულწრფელი ადამიანი. გულში დიდხანს არაფერს ინახავს, ის საჯაროდ იწყებს წყენასა თუ სიხარულზე ლაპარაკს. რეალობა საკმაოდ მკაცრია: გულდასაწყვეტია როდესაც მავანთაგან ჯერ ხოტბასა და დიდებას იღებ, მერე კი არათუ მხოლოდ კრიტიკას, არამედ შეურაცხყოფასაც. ის, რომ ალასანიას განცხადებებს მისი გუნდიდან არავინ გამოეხმაურა, ბუნებრივია, გაუკვირდა, რადგან ივანიშვილი მლიქვნელთა წრეშია მოქცეული, რომელთაგან უარეს ნაბიჯებსა და გამონათქვამებსაც უნდა ელოდოს, მაგალითად, მაშინ, როგორც კი ეს ხალხი ვეღარ მოხვდება 2016 წლისთვის დაგეგმილი არჩევნების სიაში.

- შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა უცხოელი ინვესტორების საწინააღმდეგოდ რეგიონებში შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. ჩვენ ვიცით, უცხოელი დიპლომატები ყოველთვის სიფრთხილეს იჩენენ ამგვარი განცხადებების გაკეთებისას, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ელჩს მეტად სერიოზული საფუძველი ჰქონდა ასეთი სიმკაცრისთვის. რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ?

- ჯერ ის უნდა ითქვას, რომ ბატონი ბეხლერი არის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი, რომელსაც აქამდეც არაერთხელ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რაც არ იყო ასეთი რანგის დიპლომატის ვალდებულება, მაგრამ სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უმოქმედია. ის აქტიური იყო მუდამ და მისი გზავნილები ხელისუფლებისადმი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, თუმცა, ხშირად უყურადღებოდ რჩებოდა. სხვას რომ თავი დავანებოთ, ის არის კავკასიის მთიანეთის განვითარებისა და აღორძინების ინიციატორი. მან საკუთარი ინიციატივით მოიწვია გერმანელი პროფესიონალები ამ მასშტაბურ პროექტზე სამუშაოდ. ვეჭვობ, ბეხლერი ვიდრე ამ განცხადებას საჯაროდ გააკეთებდა, მანამდე მიუთითა ხელისუფლებას ამ პრობლემაზე, მაგრამ რადგან ამას რეაგირება არ მოჰყვა, მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტა საკითხის საჯაროდ გამოტანა. დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება დაინტერესდება ამ საკითხით. ჩვენ მოვისმინეთ პრემიერისა და პარლამენტარების განცხადებები, მაგრამ მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის. ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც დროულად თუ არ აღმოიფხვრა, ქვეყანას უდიდეს თავსატეხად ექცევა. საკითხზე დროული რეაგირების იმედს მაძლევს ისიც, რომ ამ თემით დაინტერესდა უზენაესი სასამართლოს ახალდანიშნული თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქალაქ პატრას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც საქართველოს კიდევ ერთხელ უარი ეთქვა დავით ახალაიას ექსტრადიციაზე. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უცნობია ის გარემოებები, რაც გადაწყვეტილების მიღების დროს საბერძნეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო.

- ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან საქართველოს პროკურატურაში არსებითად არაფერი შეცვლილა.

კვლავაც ინარჩუნებენ თანამდებობებს ადეიშვილის დროინდელი კადრები, ასევე კვლავაც არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომელიც სამართლიანობის აღდგენას სჭირდება.

ის, რომ ადეიშვილის ძებნა ინტერპოლმა შეწყვიტა, უპირველესად პროკურატურის უმოქმედობის ბრალი მგონია. ჩვენ ჯერ ვერ ვნახეთ ერთი პროკურორიც კი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს უკანონო საქმიანობისთვის დაისაჯა... ხანდახან ვფიქრობ, ის დროა, საზოგადოებამ აიღოს ხელში ინიციატივა, ავდგეთ და ყველა საჩივარი, რომელშიც ადეიშვილის სახელია ნახსენები, შევკრიბოთ, ვაქციოთ საჩივრების წიგნად, ვთარგმნოთ ინგლისურად და გავუგზავნოთ ინტერპოლს. ასევე კარგი იქნება, უკრაინულადაც გვეთარგმნა და გაგვეგზავნა უკრაინელებისთვის, რომლებიც საოცარ გადაწყვეტილებებს იღებენ. ურიგო არც ის იქნებოდა, უნგრულად თარგმნილ ეგზემპლარებს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ამომრჩეველს თუ დავურიგებდით...

- გურჯაანში რამდენიმე დღე გრძელდებოდა დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებსა და "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის. საბოლოოდ საქმეში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც ჩაერთნენ... მოგეხსენებათ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა ანტიკორუფციული კომისია, რომელიც აპირებს რაიონული მუნიციპალიტეტების გამგეობებში დარღვევებისა და ნეპოტიზმის ფაქტების შესწავლას. მათ მოქმედება გურჯაანიდან დაიწყეს, რაც კვერცხების სროლითა და არეულობით დასრულდა. სავარაუდოდ, ყველა რაიონში ასეთივე დაპირისპირების მოწმენი გავხდებით...

- ჩემთვის სიახლე არ არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ქვეყანაში არეულობისა და ქაოსის შექმნას და სწორედ ამას ემსახურება ამ ვითომ კომისიის შექმნაც. მეეჭვება, მას სხვა ფუნქცია ჰქონდეს. ამ კომისიის ამა თუ იმ რაიონში გამოჩენით ისინი მუდმივად მოახერხებენ არეულობის კერის შექმნას. ეს აშკარა პროვოკაციაა, რომელსაც კარგი იქნება, თუ არ წამოეგებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. თუ ასე ძალიან უნდათ, მისცენ მათ მშვიდად მუშაობის საშუალება.

მთავარია, ხელისუფლებამ მოახერხოს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ შეძლოს საზოგადოების მოტყუება.

- ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურების გზას ადგას, ბოლოს და ბოლოს, როგორ და როდის უნდა დასრულდეს ლარის დევალვაცია?

- შეიძლება, სუბიექტური ვარ, მაგრამ მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ვიდრე გიორგი ქადაგიძე იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ლარს კარგი არაფერი ელოდება. როდესაც მთავრობის წარმომადგენლები გაზრდილ ინვესტიციებზე ლაპარაკობენ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნაცვლად შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისა, მთავრობას აძლევს რეკომენდაციებს, რაც არცთუ მიღებული პრაქტიკაა. ბუნებრივია, ლარის გაუფასურება საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს. სწორედ ეს მგონია ქადაგიძის მიზანი. საზოგადოებაში უკმაყოფილების გამოწვევა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოლიტიკურ ინტერესებშია.

ნათია დოლიძე