"ვშიშობ, პოლიტიკურ კრიზისამდე არ მივიდეთ" - კვირის პალიტრა

"ვშიშობ, პოლიტიკურ კრიზისამდე არ მივიდეთ"

"თინა ხიდაშელი ამ პოსტზე იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების საპასუხოდ მოხვდა, რომელიც მყისიერად წარმოიშვა ჩვენი ქვეყნის წინაშე"

ექსპერტთა ნაწილი ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს ვარაუდობდა, რომ 2015 წლის გაზაფხულზე აუცილებლად დადგებოდა მთავრობის ნდობის საკითხი, რაც განპირობებული იქნებოდა ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებითა და მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური ბლოკის შეცვლის აუცილებლობით. ზოგიერთი ანალიტიკოსი პრემიერ-მინისტრის შეცვლასაც არ გამორიცხავდა. ვარაუდი ნაწილობრივ გამართლდა. მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრმა უკვე წარმოადგინა, თუმცა ეკონომიკური ბლოკის მინისტრები თანამდებობებს კვლავაც ინარჩუნებენ, ეს მაშინ, როდესაც ეროვნული ვალუტა ისევ დღითი დღე უფასურდება. პროცესები ასე ვითარდებოდა: ჯერ საკუთარი სურვილით და ავადმყოფობის მიზეზით ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტი დატოვა დავით შავლიაშვილმა, მას მალევე მიჰყვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების აწ უკვე ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, მისი გადადგომიდან მეორე დღეს თანამდებობა დატოვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა. მისი გადადგომით ამოიწურა მინისტრთა კაბინეტში განსახორციელებელი ცვლილებების ლიმიტი და დღის წესრიგში დადგა მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების საკითხი. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს პროცესი არ იყო შემთხვევითი და მას ვიღაც მართავდა, თუმცა, რატომ? – ამ კითხვაზე პასუხი მკაფიოდ არ ჩანს. სწორედ ეს დაასახელა ერთ-ერთ მიზეზად ქვეყნის პრეზიდენტმა, როცა პრემიერის მიერ წარმოდგენილი მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო. ამ პროცესში ყველაზე გაუგებარი მაინც თავდაცვის მინისტრის შეცვლა და ამ პოსტზე რესპუბლიკელი თინა ხიდაშელის წარდგენაა. რამ გამოიწვია ბოლოდროინდელი ცვლილებები მთავრობაში და როგორ განვითარდება პროცესები ქვეყანაში? - გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- ყველა ვერსია, რომელიც სამთავრობო ცვლილებებისას გაჩნდა, მაინც ერთ კონტექსტშია განსახილველი: ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საკადრო პოლიტიკამ კრახი განიცადა და მისი დასუსტებისთვის სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და ისიც, რომ ყიფიანის შემთხვევაში, მისი წასვლისთვის მომზადებული იყო ნიადაგი და ეს ფაქტორი სხვა მიზნითაც გამოიყენეს... აღსანიშნავია, რომ სახეზე გვაქვს სახელისუფლებო კრიზისის ნიშნები და დაპირისპირება, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური ძალები კარგად იყენებენ.

- თქვენც ბრძანეთ და სხვა ექსპერტებისგანაც მოგვისმენია, რომ ღარიბაშვილის მიერ მთავრობაში მოყვანილი კადრების ნელ-ნელა ჩამოშორება მიზანმიმართულად ხორციელდებოდა და ეს პრემიერის დასუსტებისკენ იყო მიმართული. ვინ დგას ამ პროცესის უკან?

- პირდაპირ ხელის დადება გამიჭირდება, მაგრამ არსებობენ პოლიტიკური ძალები როგორც კოალიციის შიგნით, ასევე გარეთ, რომელთათვისაც ღარიბაშვილი, როგორც ძლიერი პრემიერი, მიუღებელია. უნდა ითქვას ისიც, რომ მთავრობის საქმიანობაც სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს - მიმაჩნია, რომ ორი წლის განმავლობაში ბევრი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან...

- ჩვენში ხშირად ისმის შეფასება, რომ როგორც საკადრო, ასევე სხვა საკითხებსაც ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. ბოლოდროინდელ პროცესებში თუ ხედავთ მის კვალს?

- რასაკვირველია, ეს ასეა. ივანიშვილი მონაწილეობს მთავრობის საქმიანობაში არა ყოველთვის, მაგრამ უმეტესწილად. ქვეყნის მართვის სადავეები ნაწილობრივ სწორედ მის ხელშია, ასევე მას ეკუთვნის ბოლოს სიტყვის უფლებაც... მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩემს კოლეგას არ მოსწონს, ვფიქრობ, ეს არ არის ტრაგედია, რადგან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხდება ანალოგიური რამ. მთავარი კითხვა აქ სხვაა - ამგვარად წარმართულ პროცესს რა შედეგი მოაქვს?! სამწუხაროდ, საქართველოში ამ შედეგის პოზიტიურობა საეჭვოა.

ვხედავთ, რომ მინისტრებისა და მაღალჩინოსნების დიდი უმრავლესობა გადაწყვეტილებას ვერ იღებს და სახელმწიფო სისტემის მანქანა სერიოზულადაა მოშლილი.

რაც შეეხება შიდასახელისუფლებო დაპირისპირებას, უპირველესად ვგულისხმობ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებულ პრობლემებს, რომელიც უკვე კომიკური გახდა და ყველას მოჰბეზრდა. მარგველაშვილის გადაწყვეტილება, როცა მან მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო, როგორც ჩანს, განპირობებულია იმით, რომ მასთან კონსულტაციები არ გამართეს, მით უფრო თავდაცვის მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით, რადგან, მოგეხსენებათ, პრეზიდენტი მთავარსარდალია. გარდა ამისა, მართალია, თვითონ უარყოფენ, მაგრამ ჩემთვისაც ცნობილია, რომ მარგველაშვილისა და ხიდაშელის ურთიერთობა არცთუ ისე ტკბილია. მთავრობის განცხადებაში ეწერა, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციები შედგა, თუმცა ეს არ არის დამაჯერებელი. ვფიქრობ, მარგველაშვილი ფაქტის წინაშე დააყენეს, რაც თვითონვე დაადასტურა, როდესაც თქვა, რომ წარდგენის წინასაღამოს მას ღარიბაშვილმა და უსუფაშვილმა მიაწოდეს ინფორმაცია, ანუ ყველაფერი პრეზიდენტის გარეშე გადაწყვიტეს და ინფორმაცია მერე მიაწოდეს, რაც კონსულტაციად ვერ ჩაითვლება. რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო პრემიერისა და მთავრობის წევრებისთვის, ასეთი დონის პოლიტიკურ პოსტებზე მყოფ ადამიანებს უნდა ევარაუდათ, რომ მარგველაშვილი ასე მარტივად არ მიიღებდა გადაწყვეტილებას. აქ მარტო ხიდაშელშიც არ არის საქმე, მარგველაშვილი ცდილობს, პრეზიდენტის ინსტიტუტის წონა გაზარდოს. მართალია, ეს ზოგ შემთხვევაში არასერიოზულად მოჩანს, მაგრამ გასაგებია.

- არსებული ინფორმაციით, დალაგებული ურთიერთობა არც ღარიბაშვილს და ხიდაშელს აქვთ...

- როგორც ვიცი, ღარიბაშვილი და ხიდაშელი რიგ საკითხებზე გადასარევად თანამშრომლობდნენ. სამაგიეროდ, ვერ თანამშრომლობდნენ ხიდაშელი და მარგველაშვილი,

არ გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილის წინააღმდეგ ღარიბაშვილისა და ხიდაშელის ალიანსიც შედგა.

თუმცა პოლიტიკა ისეთი რამაა, არც იმას გამოვრიცხავ, ხვალ ხიდაშელმა და მარგველაშვილმა ურთიერთობები ააწყონ. ღარიბაშვილმა წინადღეს განაცხადა, რომ  მხოლოდ ორი ახალი მინისტრის კანდიდატურას წარადგენდა და უცებ ჯანელიძის შეცვლაც გადაწყვიტა. გეოპოლიტიკური ვითარება იმდენად ცვალებადია, სამწუხაროდ, იმდენად ცოტა რამ არის დამოკიდებული ზოგ შემთხვევაში აქაურ პოლიტიკურ ლიდერებზე, სულ არ არის გასაკვირი, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მყისიერად რომ მიიღეს...

- ამაზე ვრცლად მოგვიანებით ვისაუბროთ. მანამდე იქნებ აგვიხსნათ, მაშინ, როდესაც ეკონომიკური ვითარება ასე რთულია, რატომ არ შეიცვალა ეკონომიკური ბლოკის ერთი მინისტრიც კი?

- სამთავრობო ცვლილებებზე ლაპარაკის დაწყებისთანავე სახელისუფლებო კაბინეტებიდან სხვადასხვა ინფორმაცია ჟონავდა. ლაპარაკი იყო, რომ იცვლებოდა არა ორი მინისტრი, არამედ რამდენიმე, მათ შორის ეკონომიკური გუნდის წევრებიც, აქცენტი კეთდებოდა განსაკუთრებით ფინანსთა მინისტრის შეცვლაზე, მოკლედ, როგორც ვიცი, ხადურის შეცვლას აპირებდნენ. აშკარაა, რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და ამ მოთხოვნის გათვალისწინებაზე ხელისუფლებაში ფიქრობდნენ.

სრულიად ლოგიკური იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებისა ეკონომიკურ წარმატებებზე, საზოგადოებაში ამის ნაკლებად სჯერათ. ეს წარმატებები შეიძლება რეალურიც არის, მაგრამ არ არის იმ დონისა და მასშტაბის, რაც საზოგადოებას სჭირდება. საზოგადოება ოქროს მთებსა და განსაკუთრებულ ფუფუნებას არ ითხოვს, საზოგადოება ითხოვს მყარი ეკონომიკური ბაზის შექმნას და სტაბილურ ცხოვრებას. ერთიმეორის მიყოლებით ვარდება ტენდერები, რომელიც ქვეყნის ინდუსტრიალიზაციას გულისხმობს, ჩერდება საინვესტიციო პროექტები, რომელშიც უცხოელები უამრავ ფულს დებენ... ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფო მოხელეთა ერთი ნაწილი პასუხისმგებლობას გაურბის, სხედან კაბინეტებში, არც ფულს იპარავენ, მაგრამ არც არაფერს აკეთებენ. იღებენ კარგ ხელფასებს, პრემიებს და თავს ბედნიერად გრძნობენ,

გარკვეული ნაწილი მხოლოდ გამორჩენაზე ფიქრობს... საბოლოოდ კი არაფერი გამოდის. ამას ემატება ლარის კურსის ვარდნა. ბუნებრივია, ელოდნენ ეკონომიკური გუნდის მინისტრების შეცვლას, თავდაპირველად ასეც იყო დაგეგმილი,

ისიც კი ვიცი, ვის შესთავაზეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში თანამდებობები, გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ საბოლოოდ პროცესი ისე წარიმართა, ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.

დარწმუნებული ვარ, ეს არ ყოფილა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება. ამაზე გარკვეული ჯგუფი მუშაობდა, რომელშიც პრემიერიც შედიოდა. ამ გუნდში იყო დებატებიც, კამათიც და პოლიტიკური ვაჭრობაც. საბოლოოდ კი მივიღეთ ეს სურათი. სწორედ პოლიტიკური ვაჭრობის შედეგი მგონია გიგლა აგულაშვილის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე წარდგენა. პოლიტიკურ ვაჭრობაში საშინელი არაფერია, მაგრამ ჩნდება კითხვა, - რატომ გიგლა აგულაშვილი? ეს იმის შედეგია, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელსაც დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს, სწორად დააყენა საკითხი და სწორად დასვა სათავისოდ აქცენტები, ასე მოახერხეს და შეინარჩუნეს კოალიციის მონოლითურობა. თანაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რესპუბლიკურ პარტიას სერიოზული გავლენის მოპოვება შეუძლია.

- თქვენ პოლიტიკურ ვაჭრობაზე საუბრისას არ გიხსენებიათ თინა ხიდაშელი. როგორც ზემოთ მიანიშნეთ, მისი თავდაცვის მინისტრად დანიშვნა შესაძლოა გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება იყო?

- დიახ, ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენას პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად ვერ მივიჩნევ. ვფიქრობ, თინა ხიდაშელი ამ პოსტზე იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების საპასუხოდ მოხვდა, რომელიც მყისიერად წარმოიშვა ჩვენი ქვეყნის წინაშე. მსოფლიოში დგება ახალი დღის წესრიგი, როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს ხელმძღვანელობა პარიტეტის ძებნაში არიან. ამის მანიშნებელია ინფორმაცია, რომელმაც გამოჟონა და ნელ-ნელა ვრცელდება ევროპულ და პოსტსაბჭოთა სივრცეში, -

აშშ-სა და რუსეთს შორის დაიწყო ფარული მოლაპარაკება ოთხი ქვეყნის - ფინეთის, მოლდავეთის, უკრაინისა და საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის მინიჭების თაობაზე.

ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ რუსეთს არ სურს იხილოს თავის საზღვრებთან ნატოს კონტინგენტი, მეორე მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება სტაბილური მოკავშირეები... მოკლედ, ამ მიმართულებით ჯერ პოზიციების მოსინჯვა მიმდინარეობს. თუ ეს ორი მოთამაშე შეთანხმდება ამ ოთხი ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის გარანტორობაზე, გეოპოლიტიკური ვითარება კარდინალურად შეიცვლება. ერთი შეხედვით, სად ეს გლობალური მოვლენა და სად თავდაცვის მინისტრის პოსტი, მაგრამ ასეც ნუ ვიტყვით, - თუ ეს პროცესი დაიძრა, საქართველოს ამ ვითარებაში თავდაცვის მინისტრად სჭირდება პოლიტიკურად ძლიერი ფიგურა, რომელსაც აქვს ერთ-ერთი მხარის სრული ნდობა, ამ შემთხვევაში ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ვფიქრობ, ნორლანდის სტუმრობა ბიძინა ივანიშვილთან ამ თემებსაც შეეხებოდა.

ვერ ვიტყვით, რომ ნორლანდმა თინა ხიდაშელის დანიშვნა მოითხოვა, მაგრამ მაინც მგონია, მან და ივანიშვილმა ამ საკითხზეც ისაუბრეს.

- აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემულმა ბრძანებებმა, რომლის თანახმადაც, მან პარლამენტის მიერ მთავრობის ნდობის გამოცხადებამდე მინისტრებად დანიშნა ხიდაშელი, აგულაშვილი და ხეჩიკაშვილი... კონსტიტუციონალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს უკანონო ბრძანებებია, ნაწილი ამბობს, რომ პრემიერს ამის უფლება ჰქონდა...

- უბედურებაა, რომ ვერა და ვერ გავიგეთ, კონსტიტუციაში რა წერია.

წინა ხელისუფლებამ იმდენი ქნა, ისე აბურდა კონსტიტუცია, პირადად ჩემთვის, სრულიად გაუგებარია, ვინ არის ქვეყნის პირველი პირი და რეალური ხელმძღვანელი. დღევანდელ ხელისუფლებას უპირველესად კონსტიტუციის დალაგებასა და გამარტივებაზე უნდა ეზრუნა,

მაგრამ არც ამათ გაანძრიეს ხელი. ახლა კი ვისმენთ კონსტიტუციონალისტებისგან ერთი საკითხის სულ სხვადასხვა განმარტებას.

- მთავრობაში რესპუბლიკური პარტიის ასეთი მასშტაბით წარმოდგენამ ბევრს აფიქრებინა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციამ და ბიძინა ივანიშვილმაც ფსონი ამ ძალაზე დადეს...

- საკითხი ასე დავსვათ - ეს მთავრობა, რომელსაც რამდენიმე დღეში  დაამტკიცებს პარლამენტი, რამდენ ხანს იარსებებს?! - არა მგონია, ისეთი სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდეს, 2016 წლის არჩევნებამდე გაძლოს. საქმე ისაა, რომ ვერ ვხედავ ფინანსურ-სოციალური კრიზისის დაძლევის იმ ძალისხმევას, რაც საჭიროა, ამიტომ, ვფიქრობ, მთავრობის ეს შემადგენლობაც დროებითი უნდა იყოს. ქვეყანაში ყველა მიმართულებით კრიზისი მწიფდება, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ვშიშობ, პოლიტიკურ კრიზისამდე არ მივიდეთ. შედეგად, არ არის გამორიცხული, დღის წესრიგში დადგეს რიგგარეშე არჩევნები... სამწუხაროდ, საქართველოში პროცესები ისე ვითარდება, ძალიან ძნელია ხვალინდელი დღის პროგნოზის გაკეთებაც კი, ყველაზე ცუდია ქვეყნის განვითარების პროცესში ეს არასტაბილურობა...

ქვეყანა დღეს ურთულეს მდგომარეობაშია. სტატისტიკის სააგენტომ გამოაქვეყნა აღწერის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მოსახლეობა 1991 წლის შემდეგ, თითქმის 1/3-ითაა შემცირებული. მართალია, იყო ომები და კატაკლიზმები, მაგრამ მაინც ძალიან სახიფათო მაჩვენებელია. სოციალური მდგომარეობა, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან მძიმეა... საქართველოს მდგომარეობა დამძიმდა იმითაც, რომ თავი იჩინა ისეთმა მოვლენამ, როგორიცაა ისლამური ხალიფატი, ამ დროს კი საქართველოს საზღვრები, ფაქტობრივად, მოშიშვლებულია, დემარკირებული არ არის ჩვენი ქვეყნის საზღვრის უდიდესი ნაწილი... ამ და სხვა

უამრავი პრობლემის გადაჭრაზე ფიქრისა და ზრუნვის ნაცვლად დაკავებული ვართ პოლიტიკანობითა და შიდაპარტიული დაპირისპირებებით...

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამკვიდრა ტერმინი - უსუსური და უნიათო მთავრობა, არადა, სულაც არ არის უნიათო. ბევრი რამ გააკეთეს და უფრო მეტის პოტენციალი აქვთ, თუ გამოფხიზლდებიან...  ვიცი, რომ თქვენს გაზეთს ხელისუფლებაში ყურადღებით ეცნობიან, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი: - გონს მოვიდნენ და საქმეს მიხედონ! კარგი იქნება, თუ უკვე გაკეთებულის გაფუჭებასაც დაანებებენ თავს. საქართველოში არის დარგები, რომელსაც წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული ადამიანები წარმატებით უძღვებიან, მეტიც, მათ გამოაცოცხლეს ეს მიმართულებები. ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, მაგრამ ვერაფრით ვიტყვი, რომ მათ დროს გაკეთებული ყველა საქმე წყალშია გადასაყრელი. მათ მიერ დანიშნულია ორი ისეთი პიროვნება, რომელთაც ნებისმიერი ხელისუფლება კი არ უნდა ათავისუფლებდეს, ხელს უნდა უწყობდეს, რომ რაც შეიძლება მეტი საქვეყნო საქმე გააკეთონ... ესენია: გიორგი კალანდია, რომელიც დიდი წარმატებით უძღვება თეატრისა, და კინოს მუზეუმს, რომელმაც ფეხით შემოიარა ტაო-კლარჯეთი და უნიკალური მასალა ჩამოიტანა, და ბუბა კუდავა, რომელმაც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სული ხელახლა შთაბერა და უამრავი საქვეყნო საქმე გააკეთა...

ახლახან კი ვიგებთ, რომ განათლების მინისტრი სანიკიძე თანამდებობიდან მის გათავისუფლებას აპირებს... ეს არის სრულიად გაუგებარი და გაუმართლებელი საქციელი. ბუბა კუდავას ასე ხელაღებით მოშორება, თუნდაც რაღაც შეცდომების გამო, არ შეიძლება.

ნათია დოლიძე