"სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, მის ჩანაცვლებაზე ბოკერია და მისი გუნდი იზრუნებენ" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, მის ჩანაცვლებაზე ბოკერია და მისი გუნდი იზრუნებენ"

"რომ არ ყოფილიყო შიში იმისა, ვაითუ "ნაციონალები" დაბრუნდნენო, კიდევ უფრო დაბალი იქნებოდა ამომრჩევლის აქტივობა"

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგით, პროპორციული სისტემით "ქართულმა ოცნებამ" - 44, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 27, "პატრიოტთა ალიანსმა" კი 6 მანდატი მიიღო. ამასთან, 53 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურია დანიშნული, რომლებშიც "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ. დიდი ალბათობით "ქართული ოცნება" მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, რასაც ჩვენში უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. სწორედ არჩევნების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- დავიწყოთ იმით, რომ თავისუფალი გარემოს ხარისხით ეს არჩევნები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა წინა საპარლამენტო არჩევნებისგან - ამომრჩეველმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და შეუძლებელია დაეჭვდე, რომ მას გაუყალბეს ეს გადაწყვეტილება. როგორ და რატომ მივიღეთ ასეთი შედეგი? - ამის სრულფასოვან ანალიზს დრო სჭირდება. ჩემი აზრით,

ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა, დაახლოებით 30%-მა, არჩევნებამდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში გადაწყვიტა საკუთარი ხმის ბედი. ეს ის ელექტორატია, რომლის მხარდაჭერა არა "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობაზე", არამედ ე.წ. მესამე არჩევანზე უნდა განაწილებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა...

ზემოთ დასახელებულმა ორივე ძალამ მოახერხა ისე დაეშინებინა ამომრჩეველი, რომ მას არჩევანი ისევ მათზე შეეჩერებინა. "ქართულმა ოცნებამ" ეს მოახერხა იმის ძახილით, რომ თუ მას არ აირჩევდნენ, ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობა" დაბრუნდებოდა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი იმის მტკიცებით, რომ ნებისმიერ ფასად დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში, რითაც დაკარგულ ამომრჩეველს დააჯერა, რომ თუ მხარს დაუჭერდნენ და ძალაუფლების დაბრუნებაში დაეხმარებოდნენ, იმავე პრივილეგიებს მიიღებდნენ, რაც "ნაცმოძრაობის" მმართველობისას ჰქონდათ. აი, ასეთი ვითარება შეიქმნა და ამომრჩეველმაც ბოლო დღეებში, შეიძლება ბოლო საათებშიც კი, მიიღო გადაწყვეტილება. ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ამომრჩევლის აქტივობაზე. ჩემი აზრით, რომ არ ყოფილიყო შიში იმისა, ვაითუ "ნაციონალები" დაბრუნდნენო, კიდევ უფრო დაბალი იქნებოდა ამომრჩევლის აქტივობა, იმიტომ, რომ "ქართული ოცნებისადმი" ამომრჩევლის დამოკიდებულება საკმაოდ გაცივებულია.

მიუხედავად მცდელობებისა, "ქართულმა ოცნებამ" ელექტორატს ახალი ვერაფერი შესთავაზა. საბოლოოდ, ადგნენ და ისევ მტრის ხატის შექმნითა და შიშით მიიყვანეს ამომრჩეველი ურნებთან. როცა ვლაპარაკობთ საკონსტიტუციო უმრავლესობისა და არჩევნების შედეგის პრობლემებზე, ამის საფუძველს ის ვარაუდიც იძლევა, რომ "ქართული ოცნებით" იმედგაცრუება საზოგადოებაში გაგრძელდება, თუ ხელისუფლებამ არ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი და მიზანმიმართული გადაწყვეტილებები. ამის ბაზას და რესურსს კი, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ.

- საკონსტიტუციო უმრავლესობა ახსენეთ და დიდი ალბათობით "ქართული ოცნება" მოახერხებს მის მოპოვებას.

- საკონსტიტუციო უმრავლესობა ტრაგედია არ არის, მაგრამ აქ ერთი სერიოზული პრობლემა იჩენს თავს. კერძოდ, არჩევნებზე მივიდა ამომრჩეველთა 51%, ანუ ნახევარზე ოდნავ მეტი, რომელთაგან "ქართულ ოცნებას" მხარი დაუჭირა ნახევარზე ნაკლებმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის ძალიან დიდი უმრავლესობა "ქართული ოცნების" მხარდაჭერის მიღმაა. შესაბამისად, მეორე ტურის შედეგად, როდესაც ეს ძალა, ალბათ, მართლაც მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მისი მანდატები არ იქნება ამომრჩევლის მხარდაჭერის ადეკვატური, რამაც შეიძლება დიდი პრობლემები შექმნას.

მალე დაიწყება განხიბვლა და მივიღებთ ხელისუფლებას, რომელსაც ექნება, ერთი მხრივ, საკონსტიტუციო უმრავლესობა, მეორე მხრივ კი, ელექტორატის ნახევრის ნახევრის მხარდაჭერა. ამან შეიძლება ის დიდი პრობლემები შექმნას, რაც საქართველოში ასეთ ვითარებაში ტრადიციულად იქმნებოდა ხოლმე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია დაირღვევა, თუმცა ხიფათს ვგრძნობ და ამას უპირველესად "ქართული ოცნების" ლიდერების გასაგონად ვამბობ. მათ ეს უნდა იცოდნენ, კარგად გააანალიზონ და ფრთხილად იყვნენ, არ წაუცდეთ ხელი, როგორც წინა ხელისუფლებას, და არ წაიყვანონ ქვეყანა ისევ ავტორიტარიზმისკენ.

- ბარიერი ვერ გადალახეს პროდასავლურმა ძალებმა, მაგალითად, "თავისუფალმა დემოკრატებმა" და რესპუბლიკურმა პარტიამ, ამ დროს კი პრორუსულ ორბიტას მიკუთვნებულმა "პატრიოტთა ალიანსმა" მოახერხა პარლამენტში შესვლა.

- ძალიან საწყენია, რომ "თავისუფალი დემოკრატები" და რესპუბლიკური პარტია პარლამენტს გარეთ დარჩნენ, მაგრამ ამას მაინცდამაინც საგარეო ორიენტაციის მიმართულებით არ განვიხილავდი. ვერაფრით ვიტყვით, რომ მომავალ პარლამენტში პროდასავლური ძალები ნაკლებად იქნებიან წარმოდგენილი. ოდნავ ობიექტური თუ არის ანალიტიკოსი, ვერ იტყვის, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში "ქართული ოცნება" პროდასავლურ პოლიტიკას არ ატარებდა. არ ვიცი, ხვალ-ზეგ რას გააკეთებს, მაგრამ დღეს ნამდვილად არ არსებობს საფუძველი იმის თქმისა, რომ "ქართული ოცნება" არ არის პროდასავლური ძალა. აღარაფერს ვამბობ "ნაციონალურ მოძრაობაზე", რომელმაც ლამის ერთადერთ პროდასავლურ ძალად გამოაცხადა თავი. ამ ვითარებაში პროდასავლური ძალების შესუსტებაზე ლაპარაკი, არასწორი მგონია.

კი ბატონო, "პატრიოტთა ალიანსი" საქართველოში იმ ძალად მიიჩნევა, რომელიც უფრო რუსეთისკენ იხრება, მაგრამ ექვსკაციანი ფრაქცია ბევრს ვერაფერს შეცვლის. ჩემი აზრით, "პატრიოტთა ალიანსს" ამომრჩეველთა მხარდაჭერა პრორუსულობის გამო სულაც არ მიუღია.

"პატრიოტთა ალიანსი" ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო ერთადერთი ძალა, რომელიც მუდმივად აკრიტიკებდა "ნაციონალურ მოძრაობას", სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდა და თუ ხელისუფლებას უპირისპირდებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის სათანადოდ არ სთხოვდა სააკაშვილის ჩინოსნებს პასუხს.

მათ სწორედ იმ ამომრჩევლის მიმხრობა მოახერხეს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ რადიკალური ზომების გატარებას მოითხოვდა და ეს რომ არ მოხდა, "ქართულ ოცნებაზე" განაწყენდა. მათი წარმატების მიზეზი ეს მგონია და არა მათი საგარეო ორიენტაცია.

რაც შეეხება "თავისუფალი დემოკრატებისა" და რესპუბლიკური პარტიის მარცხის მიზეზებს, ძნელია ერთმნიშვნელოვანი კომენტარის გაკეთება, რადგან კომპლექსური თემაა და ამას არაერთი ფაქტორი განსაზღვრავს. ცხადია, თავადაც დაუშვეს შეცდომები.

"თავისუფალ დემოკრატებს" პარლამენტში შესვლის დიდი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ შეძლეს და, ჩემი აზრით, ამის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ვერ მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის განსაზღვრა. არ დაუსვეს საკუთარ თავს კითხვა: ვინ დაუჭერდა მათ მხარს? ეს შეცდომა დაუშვეს "რესპუბლიკელებმაც".

მათ, ფაქტობრივად, მთელ ელექტორატზე იმუშავეს და მიიღეს ის, რაც მიიღეს. მათ "ქართული ოცნებიდან" წამოსულ ამომრჩეველზე უნდა ემუშავათ, უნდა განესაზღვრათ, რატომ თქვა ამ ხალხმა "ქართული ოცნების" მხარდაჭერაზე უარი და რატომ ეძებდა მესამე ძალას. ეს რომ მოეხერხებინათ, ალბათ, ადვილად შეძლებდნენ საჭირო გზავნილების ჩამოყალიბებას და მათ მიმხრობას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რესპუბლიკური პარტია გვიან ჩაერთო საარჩევნო პროცესებში, ხოლო "თავისუფალმა დემოკრატებმა" ე.წ. კაბელების საქმის საარჩევნო თემად გადაქცევით დაუშვეს შეცდომა. მათი ადამიანურად მესმის, მაგრამ პოლიტიკურად ეს არ იყო სწორი.

- როგორ აფასებთ ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას და იმ პროცესებს, რაც "თავისუფალ დემოკრატებში" განვითარდა? საინტერესოა, თუ ელით ამ პარტიის უკვე ყოფილი ლიდერების ხელისუფლებაში გამოჩენას, მოგეხსენებათ, მითქმა-მოთქმა არ წყდება, რომ ნაწილმა უკვე მიიღო "ქართული ოცნებისგან" შეთავაზებები.

- ალასანიას გადაწყვეტილებას და ამ პარტიაში შექმნილ ვითარებას უკიდურესად უარყოფითად ვაფასებ. ძალიან დამწყდა გული. ჩემთვის "თავისუფალი დემოკრატები" იყო ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ერთ-ერთი ნათელი წერტილი, რომელსაც ნამდვილად ჰქონდა პერსპექტივა. როდესაც ასეთი პროფესიონალი, განათლებული ადამიანების გუნდი ტოვებს პოლიტიკურ ასპარეზს, ეს სცდება პიროვნულ გადაწყვეტილებას და ქვეყნისთვის ძალიან წამგებიანია. ვიხილავთ თუ არა ყოფილ "თავისუფალ დემოკრატებს" "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში? დიდი ალბათობით, კი, რადგან "ქართულ ოცნებას" აქვს პროფესიონალი კადრების დეფიციტი.

ჩემი აზრით, ეს ადამიანებიც მზად იქნებიან, თავიანთი კარიერა საჯარო ან დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელონ. პირდაპირი მინიშნებები თანამშრომლობაზე უკვე მოვისმინეთ როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან, ასევე "თავისუფალი დემოკრატების" რიგი ექსლიდერებისგან. თუმცა, ჩემი აზრით, ეს არ შეეხება ირაკლი ალასანიას, რომელსაც, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში არცთუ დაბალ თანამდებობაზე ვიხილავთ.

- არჩევნების შემდეგ დაიძაბა ვითარება "ნაციონალურ მოძრაობაშიც". სულ უფრო აშკარა ხდება, რომ პარტიის აქაური ლიდერები სააკაშვილისგან დისტანცირებას ცდილობენ, რაც აშკარად გამოჩნდა, როდესაც სააკაშვილის მოწოდება, არ მიეღოთ მონაწილეობა მეორე ტურში და უარი ეთქვათ მანდატებზე, პარტიამ არ გაიზიარა.

- თუ ბოლო ოთხ წელს გადავავლებთ თვალს, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობისთვის" ერთდროულად იყო ლოკომოტივიც და მუხრუჭიც. ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ განახორციელა რებრენდინგი და საფრთხობელად დარჩა, რაც საარჩევნოდ კარგად გამოიყენა ხელისუფლებამაც და თავად "ნაციონალურმა მოძრაობამაც", ეს მიხეილ სააკაშვილის "დამსახურებაა". სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნისასაც და მერეც იყო ამ პარტიის ერთპიროვნული მმართველი, რომლის სანქციის გარეშეც ვერაფერი გაკეთდებოდა, თუმცა ისიც იგრძნობოდა, რომ პარტიაში დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი და მისგან დისტანცირების აუცილებლობა ნელ-ნელა ფეხს იკიდებდა. ამ პროცესის ლოგიკური დასასრული იყო ის, რომ უთანხმოებამ, რომელზეც კულუარულად იყო ლაპარაკი, აშკარად იჩინა თავი არჩევნების შემდგომ. დღეს შეიძლება უკვე ითქვას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა ლიდერებმა მოახერხეს, არ დამორჩილებოდნენ სააკაშვილის ნებას.

როგორც კი სააკაშვილი ამ ინიციატივით გამოვიდა, მაშინვე ვთქვი, რომ შეუძლებელი იყო, "ნაციონალურ მოძრაობას" ეს გაეზიარებინა და პარლამენტში შესვლაზე უარი ეთქვა. "ნაცმოძრაობაში" არიან ჭკვიანი ადამიანები, რომელთაც ანალიზის უნარიც აქვთ და პოლიტიკურ პროცესებსაც კარგად ხედავენ. პარლამენტში შეუსვლელობა ნიშნავდა ამ ძალის ქუჩაში დარჩენას მაშინ, როდესაც ქუჩაში ყოფნა საზოგადოებას არ სურს. ეს კი იქნებოდა ამ ძალის რეიტინგის საბოლოოდ დაცემის ტოლფასი და პარტიაში სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობაც შენარჩუნდებოდა. მივიღეთ უნიკალური ვითარება - "ნაციონალურმა მოძრაობამ" საჯაროდ თქვა უარი ლიდერის ასევე საჯაროდ გაცხადებულ რეკომენდაციებზე.

სააკაშვილს არჩევანი არ ჰქონდა - ან უნდა დაჰყოლოდა პარტიის გადაწყვეტილებას, ან წასულიყო ქართული პოლიტიკიდან, და მან, როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა, გადაწყვიტა, დაჰყოლოდა თანაპარტიელების ნებას და ეს დემოკრატიის საბურველით შეეფუთა, არადა, რეალურად ეს ურჩობა იყო. სააკაშვილის ხასიათიდან გამომდინარე, ის არ მოისვენებს და შეეცდება, დაიბრუნოს დაკარგული პოზიცია პარტიის კულისებში მუშაობით, რაც გაჩენილ ბზარს, ჩემი აზრით, კიდევ უფრო გააღრმავებს.

ეს პროცესი დასრულებული არ არის, "ნაციონალებს", რომელთაც მხარი არ დაუჭირეს სააკაშვილს, კიდევ ბევრჯერ მოუწევთ სააკაშვილთან დაპირისპირება. საბოლოოდ კი "ნაციონალური მოძრაობის" ამ ორ ნაწილს, ადრე თუ გვიან, მოუწევს ერთმანეთთან დაშორება.

ვფიქრობ, იმ ნაწილს, რომელიც დაუპირისპირდება სააკაშვილს, ამ უკანასკნელის საპირწონედ ახალი ლიდერი დასჭირდება, რომელიც, ჩემი აზრით, მალე გამოჩნდება.

- "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა ნაწილი ასეც აყენებს საკითხს: სააკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს - ოდესის გუბერნატორი თუ ქართული ოპოზიციის ლიდერი.

- სააკაშვილს ყველაფერი ერთად უნდა, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ის რთულ ვითარებაშია - მას უნდა, შეინარჩუნოს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობა, თუმცა ამ ეტაპზე ეს დასრულებული ამბავი მგონია. ღმერთმა გვაშოროს და, თუ ქვეყანაში არ დაიწყო ისევ რევოლუციური პროცესები, სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, მით უფრო, "ნაციონალურ მოძრაობაში". მის ჩანაცვლებაზე ბოკერია და მისი გუნდი იზრუნებენ, დარწმუნებული ვარ, კარგადაც. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბოკერია იქნება ლიდერი, რაც თვითონაც მშვენივრად იცის. ვფიქრობ, ის თავად შეუწყობს ხელს სააკაშვილის საპირწონის მოძებნას, აქცევს მას ლიდერად, თვითონ კი კულისებში დარჩება.

- დიდი მსჯელობაა დაწყებული იმაზე, თუ ვინ გახდება პარლამენტის თავმჯდომარე. სახელდება რამდენიმე კანდიდატურა, მათგან ყველაზე ხშირად ირაკლი კობახიძის.

- ჯერ ძნელია რაიმეს თქმა, რადგან საარჩევნო პროცესი არ დასრულებულა. ვფიქრობ, ამ პოსტზე დავით უსუფაშვილის მსგავსი პოლიტიკოსის მოძებნა გაძნელდება, თუმცა პირადად ჩემთვის მისაღებია ირაკლი კობახიძის კანდიდატურაც. მას დიდი ხანია ვიცნობ, მივიჩნევ კარგ კონსტიტუციონალისტად, თუმცა ნამდვილად არა აქვს საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება.

- 8 ოქტომბერს საარჩევნო პროცესს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია, დაპირისპირება მოხდა მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოსა და ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. დღეს უკვე ცნობილია, რომ დაკავებულია როგორც ერთი, ისე მეორე ინციდენტის რამდენიმე მონაწილე, თუმცა ყიზილაჯლოს შემთხვევაში ოპონენტები სვამენ კითხვას, რა საჭირო იყო 6 კაცის დასაკავებლად მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარება? ამბობენ იმასაც, რომ დაკავებულთაგან სამი ნაცემია.

- ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ვინც კანონი დაარღვია, უნდა დაისაჯოს. არა აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების მომხრე იქნება თუ მოწინააღმდეგე. როგორც ვიცი, ჯიხაშკარის ამბავზე დაკავებულები "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან. რაც შეეხება მარნეულის რაიონს, თუ ძალის გადამეტებითა და კანონის დარღვევით მოხდა იმ პირთა დაკავება, ესეც უნდა გამოიძიონ. გამიჭირდება სხვა შეფასების გაკეთება, ერთს ვიტყვი მხოლოდ - მარნეულის რაიონში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც.

ეს საქართველოს განსაკუთრებული რეგიონია, ეთნიკური უმცირესობით დასახლებული და არავის უნდა მიეცეს საშუალება, რაიმე პროვოკაციები დაგეგმოს და განახორციელოს. ამ შემთხვევაში დაპირისპირება ორ პარტიას შორის ეროვნული ინტერესების ზღვარზე გადის,

მით უფრო, რომ წინ მეორე ტურია და თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ აქ შფოთითა და არეულობით, შესაძლოა, არაერთი შინაური თუ გარეული მტერი იყოს დაინტერესებული.

- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის თაობაზე მიღებული რეზოლუციების კენჭისყრის შედეგების ნახვისას აღმოჩნდა, რომ ქართული დელეგაციის წევრებმა მასში მონაწილეობა არ მიიღეს. ეს იმით ახსნეს, რომ სხვა საქმით იყვნენ დაკავებული და არ იცოდნენ, როდის იმართებოდა კენჭისყრა. თუმცა გაჩნდა ეჭვი, რომ ეს, შესაძლოა, უკრაინის ხელისუფლების მიმართ განაწყენებითაც იყო განპირობებული.

- მინდა მჯეროდეს, რომ ეს მართლაც შემთხვევით მოხდა და სააკაშვილის გამო არ დაგეგმეს შურისძიება. სააკაშვილზე გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი და უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობა. შეიძლება უკრაინის ხელისუფლებასთან გვქონდეს პრეტენზია, მაგრამ ეს უნდა მოგვარდეს დიპლომატიური გზით და არავითარ შემთხვევაში ეს ორი ქვეყნის ურთიერთდამოკიდებულებაზე არ უნდა აისახოს, მით უფრო, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობისას.

- ქართველი საზოგადოება აღაშფოთა საქართველოში ვიზიტად მყოფი ყირგიზეთის პრეზიდენტის განცხადებებმა რუსული ოკუპაციის შესახებ. მართალია, მან განაცხადა, რომ აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ისიც დაამატა, რომ ოკუპაციაში დამნაშავე მხოლოდ ერთი მხარე არ არის თურმე, ასევე ჭკუა დაგვარიგა, რომ ზოგჯერ სიამაყეზე უნდა ვთქვათ უარი... მისივე თქმით, ის გადაწყვეტილების მიღებისას თურმე არც მოსკოვში რეკავს და არც ვაშინგტონში.

- ამ განცხადებებით მეც აღშფოთებული ვარ, ყირგიზეთის პრეზიდენტმა ატამბაევმა ყველანაირი პოლიტიკური ეთიკა დაარღვია, როდესაც ჭკუის დარიგება დაგვიწყო. კარგად ვიცით, ვინ სად რეკავს და ვინ ვის ორბიტაზე მოძრაობს.

ვფიქრობ, მისთვის პასუხი იმ შეხვედრაზევე უნდა გაეცათ, თუმცა, შესაძლოა, ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც ისეთი მოულოდნელი იყო, უცებ პასუხი არ გასცეს. თუმცა შემდგომ მაინც უნდა გაკეთებულიყო განცხადებები და განმარტებებიც მოეთხოვათ. სამწუხაროდ, ჯერ არ მინახავს ხელისუფლების პასუხი, როგორც პრეზიდენტმა, ისე მთავრობამ, ეს განცხადებები "გაატარეს", რაც არასწორია!

იხილეთ ასევე: მეუღლის გარდა არავისთან შეთანხმებული გადაწყვეტილება - ამბობენ, სააკაშვილს "ნაცმოძრაობიდან" გარიცხავენო...

ნათია დოლიძე