"მსოფლიოში კონსერვატიული კონტრრევოლუცია დაიწყო!.."
"მსოფლიოში კონსერვატიული კონტრრევოლუცია დაიწყო!.."
"ხელისუფლებას ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ აბსოლუტური ძალაუფლება, უპირველესად, აბსოლუტური პასუხისმგებლობაა და არა - უფლება, აკეთო ყველაფერი, რაც მოგეპრიანება"

"ტურიზმით თუ საახალწლოდ გადანახული 100 დოლარით ნაყიდი ინდაურით დაბალანსებული კურსი, რასაც მე "ინდაურის ეკონომიკა" შევარქვი, ეფემერულია"


18 ნოემბერს ახალმოწვეული პარლამენტი მუშაობას შეუდგა. პირველი სხდომა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვრცელი მიმართვით გახსნა და არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ოფიციალურად განაწილდა საპარლამენტო თანამდებობები. ამ თანამდებობებზე, ძირითადად, "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის ე.წ. ახალი სახეები
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაინიშნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, სპიკერად ირაკლი კობახიძე აირჩიეს, რომლის პოლიტიკური გამოუცდელობა ყველაზე ხშირად სახელდება მის სუსტ მხარედ. საკანონმდებლო ორგანოს გამოწვევებსა და პერსპექტივაზე გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- ვფიქრობ, რთული ოთხი წელი უდევს წინ პარლამენტის ახალ შემადგენლობას. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მის სწორ გადაწყვეტილებებზე. "ქართულ ოცნებას" ახლა იმ მასშტაბის ძალაუფლება აქვს, რომ პრობლემების გადაუჭრელობის შემთხვევაში, სხვისთვის რამის გადაბრალება აღარ გამოუვა. რაც შეეხება საპარლამენტო თანამდებობებს, სიმართლე გითხრათ, წინასაარჩევნო პერიოდში ირაკლი კობახიძე ჩემზე მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა - იყო მეტისმეტად აგრესიული და ნეგატივზე ორიენტირებული; აქტიურად
ავითარებდა შეთქმულების თეორიას, რაც, ძირითადად, მიმართული იყო არა "ნაციონალური მოძრაობის", არამედ ე.წ. მესამე არჩევანის წინააღმდეგ. ეს, ჩემი აზრით, შეცდომა იყო და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. თუმცა, მას შემდეგ, რაც არჩევნებმა ჩაიარა, მას თავი უკეთესად უჭირავს, თითქოს მისი ტრანსფორმაცია მოხდა, რაც იმედს
მაძლევს, რომ შესაძლებელია, ის ჩამოყალიბდეს სახელმწიფო მოღვაწედ. როგორც ამბობენ, კობახიძე კვალიფიციური კონსტიტუციონალისტია და მაშინ, როდესაც ხელისუფლება სერიოზულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გეგმავს, ეს მის ღირსებად უნდა მივიჩნიოთ.

როგორც ვატყობ, მას ამ საკითხზე საკმაოდ მწყობრი მოსაზრებებიც აქვს. მომავალი საკონსტიტუციო ცვლილებებისას ის კომფორტი, რაც აბსოლუტური ძალაუფლების სახით დღევანდელ უმრავლესობას აქვს, შესაძლოა, პროცესების პოზიტიური განვითარებისთვისაც გამოიყენონ და ნეგატიურისთვისაც, თუმცა ამის წინასწარ განსაზღვრა რთულია, ყველაფერს დრო გვაჩვენებს.
რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს და იმ სიახლეებს, რაც ვნახეთ, ეს ცალსახად პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
მოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან პოლიტიკური პროცესებით გარყვნილები და არსებობს დიდი მოლოდინი, რომ ისინი ქვეყნისთვის სიკეთის მოტანაზე იფიქრებენ.

ირაკლი კობახიძის და სხვების საერთო ნაკლად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ არ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება, მით უფრო - ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოს მართვისა, როგორიც პარლამენტია, აქედან გამომდინარე, პირველ ეტაპზე არაერთი პრობლემა შეექმნებათ, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ ისინი სწრაფად გაივლიან ადაპტაციას და მოახერხებენ სიტუაციის მართვას.

პოლიტიკური გამოუცდელობის კიდევ ერთ ნაკლზე გავამახვილებ ყურადღებას: ვიცით ბანალური ჭეშმარიტება, რომ
აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის ადამიანებს და ეს განსაკუთრებით ემუქრებათ პოლიტიკურად გამოუცდელ კადრებს.
მათთვის ძალაუფლების ხიბლი უფრო სახიფათო ხდება. ამიტომ არსებობს საფრთხე, რომ აბსოლუტური ძალაუფლება გახდეს უზურპაციისკენ მიდრეკილი, თუმცა ამის პრევენციისთვის არსებობს ქართველი საზოგადოება, მედია და სხვა შემაკავებელი ფაქტორები. ხელისუფლებას ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ აბსოლუტური ძალაუფლება, უპირველესად, აბსოლუტური პასუხისმგებლობაა და არა - უფლება, აკეთო ყველაფერი, რაც მოგეპრიანება.

- პირველივე სხდომაზე გამოჩნდა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტში კონფრონტაციული გარემო იქნება, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვითარების გამწვავება დასაწყისშივე სცადა...

- დიახ, პარლამენტში მწვავე დაპირისპირებების მოწმე, ალბათ, ხშირად ვიქნებით. საკანონმდებლო ორგანოში შემარბილებელი ფაქტორები არ არსებობს, რაც ისევ და ისევ ხელისუფლების დამსახურებაა. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ პარლამენტში ბუფერის როლის შემსრულებელი ძალები არ მოხვედრილიყვნენ. მათ პოლიტიკური სივრცე მოუსუფთავეს "ნაციონალურ მოძრაობას" და დანიშნეს "ქართული ოცნების" ერთადერთ ალტერნატივად. გასაგებია, რომ უახლოეს მომავალში ვერ ვიხილავთ ვერც "აგუგუნებულ საქართველოს" და არც ქართველებს შეუყვარდებათ ერთბაშად ერთმანეთი, რასაც კვირიკაშვილი გვპირდებოდა, რაც აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოებაში უკმაყოფილებას. ამის გამოყენებას აუცილებლად ეცდება "ნაციონალური მოძრაობა, "ქართული ოცნების" მხრიდან კი, ალბათ, კვლავაც ხშირად გავიგონებთ სისხლიან ცხრა წელზე ლაპარაკს...

- როგორ ხედავთ პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" როლს? როგორც ამბობენ, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ცხრა წლის შეხსენებას "ქართული ოცნება" სწორედ მათ დეპუტაციას გადააბარებს...

- ალბათ, ასეც მოხდება, თუმცა "ქართულ ოცნებაშიც" არაერთი მეგულება, რომ არ მოიშლის ამაზე ლაპარაკს. სიმართლე გითხრათ,
"პატრიოტთა ალიანსი" დღევანდელი პარლამენტის ეგზოტიკური ელემენტია და მათი როლი უმნიშვნელო იქნება.
ისე კი, საზოგადოება ცხრა წელზე ლაპარაკით დაიღალა...

- პარლამენტის პირველ სხდომაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებს სიტყვით მიმართა და თანამშრომლობის შეთავაზებასთან ერთად, ისიც გაიხსენა, რომ პარლამენტის წინა შემადგენლობა მაინცდამაინც არ სწყალობდა. მან არაერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მიანიშნა "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობის საფრთხეზე. მისი რეკომენდაციით, პარლამენტმა უნდა გააძლიეროს მედიის დაცვის მექანიზმები და უნდა შემუშავდეს ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგია... მიუხედავად კეთილი სურვილებისა, მისი სიტყვა უმრავლესობაში მაინცდამაინც არ მოეწონათ...

- ვფიქრობ, პრეზიდენტისგან ადეკვატური სიტყვა მოვისმინეთ. მის გამოსვლაში ხელისუფლების კრიტიკა არ ყოფილა, ის უფრო ორიენტირებული იყო პროცესების უარყოფითად განვითარების საფრთხესა და მის პრევენციაზე. ჩემი აზრით, მის გამოსვლას ადეკვატური რეაქცია მოჰყვა, თუ არ ჩავთვლით ორი-სამი ადამიანის შეფასებას, რომლებიც კვლავ წარსულ დაპირისპირებაში არიან ჩარჩენილი და ფიქრობენ, რომ ამ განცხადებებით იმას ასიამოვნებენ, ვისზეც, მათი აზრით, დამოკიდებულია თითოეული მათგანის პოლიტიკური კარიერა. ჩემთვის გაუგებარი იყო სალომე ზურაბიშვილის შეფასება, რომ თურმე ეს სკოლის დირექტორის სიტყვა იყო... არ ვიცი, ეს სად დაინახა! სახელმწიფოს ინტერესებშია, ხელისუფლების სხვადასხვა შტომ ითანამშრომლოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც საგარეო საფრთხე ან საკონსტიტუციო ცვლილებებია, ეს თუ ვინმეს არ ესმის, ძალიან ცუდია!

- პრეზიდენტმა პრემიერის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პარლამენტს უკვე წარუდგინა. როდესაც ჩვენი გაზეთი გამოვა, სავარაუდოდ, უკვე გვეცოდინება, როგორი იქნება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა. საინტერესოა, თქვენ სად ელით ცვლილებებს?

- პერსონალურ საკითხებზე ლაპარაკისგან თავს შევიკავებ. მთავარია, ჩვენ ვიხილოთ მთავრობა, რომელიც ერთ გუნდად შეკრული, ერთ რეფორმისტულ გეგმაზე მომუშავე, კოორდინირებული და ეფექტიანი იქნება. დღეს მთავარი კითხვებია: გადავდივართ ინსტიტუციურ მართვაზე თუ ყველაფერს ვტოვებთ ისე, როგორც არის? არის კვირიკაშვილი რეალური პრემიერ-მინისტრი, რომელიც გადაწყვეტილებებს თვითონ მინისტრთა კაბინეტთან ერთად იღებს და პასუხისმგებელია ამ გადაწყვეტილებებზე, თუ კვლავაც პოლიტიკური ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე აპელირების მოწმე ვიქნებით?

სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანაში გაჩნდეს ინსტიტუციური მმართველობის აღქმა! როდესაც ქვეყანაში იქმნება რაღაც პრობლემა, პრეტენზიების ობიექტები უნდა იყვნენ ქვეყნის პრემიერი და მთავრობა და არ უნდა ვისმინოთ გაუთავებელი ლაპარაკი ვიღაც მესამეზე, რაც დიდწილად სპეკულაციური ხასიათისაა ხოლმე.
დარწმუნებული ვარ, იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც ბიძინა ივანიშვილს ბრალდებოდა, მეტწილად არც მონაწილეობდა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს ამ ქვეყნისთვის მხოლოდ კარგი უნდა, მაგრამ პოლიტიკური პროცესისგან მისი დისტანცირება სისხლხორცეული ამოცანაა.

- ახალი მთავრობის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა ეროვნული ვალუტა იქნება, რომლის დევალვაცია პერმანენტულად გრძელ­დება...

- არ მინდა ამ დევალვაციაში ამჟამინდელი ხელისუფლების განსაკუთრებულად დადანაშაულება. იგივე პრობლემები არსებობდა წინა ხელისუფლების დროსაც, თუმცა იმჟამად ახერხებდნენ გარკვეული ვირტუალური კეთილდღეობის ილუზიის შექმნას და მოკლევადიანი სტაბილიზაციის ელემენტების შემოტანას, რაც ხშირად ძალიან დრამატულ მოვლენებზე იყო დაშენებული, მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომზე, როდესაც მრავალმილიარდიანი დახმარება მიიღო ქვეყანამ როგორ ფორმირდება ლარის კურსი? - ეს არის მოთხოვნა-მიწოდების პროცესზე დამოკიდებული, ანუ თუ მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე იმაზე მეტია, რისი მიწოდებაც ბაზარს შეუძლია, იწყება ლარის გაუფასურება. ასეთ ვითარებაში ლარის სტაბილიზაციის ყველაზე გრძელვადიანი ფაქტორი შეიძლება იყოს იმპორტ-ექსპორტის ნულთან მიახლოებული სალდო. ჩვენ იმპორტს ვყიდულობთ ვალუტაზე, რისი დაბალანსებაც უნდა მოხდეს ჩვენი საექსპორტო საქონლიდან შემოსული შემოსავლებით, ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის - ტურიზმით თუ საახალწლოდ გადანახული 100 დოლარით ნაყიდი ინდაურით დაბალანსებული კურსი, რასაც მე "ინდაურის ეკონომიკა" შევარქვი, ეფემერულია. საახალწლოდ ინდაურის ყიდვა ლარის კურსზე რომ ახდენს გავლენას, იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არ გვაქვს. ვიდრე ჩვენთან არ ამუშავდება ეკონომიკის რეალური სექტორი და ექსპორტიდან შემოსული შემოსავალი გარკვეულ რიცხვებში არ აისახება, დავრჩებით მომხმარებელ ქვეყნად, რომლის ვალუტის სტაბილურობა მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება.

- მსოფლიოში ძალიან საინტერესო მოვლენები ვითარდება. მას შემდეგ, რაც ამერიკამ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია, უკვე ევროპაში, კერძოდ, მოლდავეთსა და ბულგარეთში, საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსმა და სოციალისტმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს...

- სამყარო მართლაც იცვლება და ვფიქრობ, გარკვეული ისტორიული კანონზომიერება ამ პროცესს ახასიათებს. ლიბერალური გლობალიზაციის კონცეფციას ხარვეზები აღმოაჩნდა. საერთოდ, როდესაც სისტემა კარგავს სიცოცხლისუნარიანობას, ეს ორი შესაძლო მიზეზით არის ხოლმე გამოწვეული: ერთ შემთხვევაში ის საწყისშივე უტოპიურ იდეას ეფუძნება და ამოწურავს ხოლმე თავის შესაძლებლობებს; მეორე შემთხვევაში კი დროში აცდენა ხდება. ამ შემთხვევაში ლიბერალური გლობალიზაციის პროცესის იდეა უტოპიური არ ყოფილა და ვფიქრობ, უფრო დროსთან აცდენასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, სამყარო არ იყო მზად იმისთვის, რომ მიეღო ყველაფერი, რასაც სთავაზობდა ლიბერალურ დემოკრატიაზე დაშენებული სისტემა. პროცესს, რომელსაც ახლა ვაკვირდებით, მოდი, პირობითად ვუწოდოთ მსოფლიოში კონსერვატიული კონტრრევოლუცია, რომელიც დაიწყო "ბრექსიტის" სახით და მას მოჰყვა ეს პროცესები.

ვფიქრობ, ტრამპი ნაკლებად არის პრობლემა. მართალია, ფუნდამენტური საკითხია, პიროვნებები ქმნიან ისტორიას თუ ისტორიას მოჰყავს გარკვეულ ეტაპზე შესაფერისი ადამიანები, მაგრამ ვფიქრობ, ტრამპის შემთხვევაში, სწორედ ამ უკანასკნელთან გვაქვს საქმე.
ჩემი აზრით, გლობალური პროცესის განვითარებამ გამოავლინა გარკვეული პრობლემები და ისტორიას დასჭირდა ისეთი ფიგურა, როგორიც ტრამპია.
ისტორიული ანალოგიით რომ ვილაპარაკოთ, ჩემი აზრით, ტრამპი ელცინის ამერიკული ვარიანტია. როდესაც საბჭოთა კავშირმა დაკარგა გავლენა და დაშლის პირას მივიდა, აუცილებელი გახდა მისი ტრანსფორმაცია, რათა ისტორიული განვითარება გაგრძელებულიყო, თუმცა, თავის მხრივ, საბჭოთა სისტემა იბრძოდა გადარჩენისთვის... საჭირო იყო ისეთი ლიდერის გამოჩენა, რომელიც მოახერხებდა ამ სისტემის დასუსტებას და შექმნიდა საფუძველს ახალი სისტემის მშენებლობისთვის. ასე მოხდა ელცინის შემთხვევაში. მან ეს ნეგატიური ამოცანა შეასრულა და ამით შექმნა საფუძველი, პუტინის სახით ქვეყნის სათავეში მოსულიყო ახალი ლიდერი ახალი "ველიკოდერჟავული" იდეით და განახლებული პოლიტიკური ველით.
ჩემი აზრით, ისტორიულმა კანონზომიერებამ ტრამპიც ამიტომ მოაქცია აშშ-ის სათავეში, რათა მან სისტემა, რომელსაც ამდენი პრობლემა აღმოაჩნდა, მაქსიმალურად დაასუსტოს და მოასუფთაოს ველი ახალი ამერიკული იდეისთვის.
მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის მხო­ლოდ ამერიკის პრობლემა. აქამდე შეგუებული ვიყავით სამყაროს გარკვეულ მოდელს, მაგრამ ეს იცვლება და საქმე ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბებისკენ მიდის. როგორ დალაგდება ეს საბოლოოდ, რთული სათქმელია. თუმცა ის წესრიგი, რაც აქამდე იყო, იბრძოლებს თავის გადასარჩენად და ეს მძიმე ბრძოლა იქნება.
რაც შეეხება ჩვენს პერსპექტივებს, ჩვენთვის მთავარი ევროპასთან გეოგრაფიული ინტეგრაცია კი არ არის, არამედ მთავარია ის ისტორიულად ჩამოყალიბებული ღირებულებები, რაც ევროპის ნაწილად გვაქცევს. ამიტომაც, ის საგარეო ვექტორი, რაც გამოცხადებული გვაქვს, უნდა გაგრძელდეს. როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ მაინც უნდა ვაშენოთ ევროპული ტიპის სახელმწიფო და იმის მიხედვით, როგორ დალაგდება ვითარება, ევროპაში და ზოგადად, სამყაროში ვიპოვოთ ჩვენი ადგილი.
სამყაროს ამ მასშტაბურ გადანაწილებაში ჩვენ არ ვართ დიდი მოთამაშეები და ჩვენი ამოცანაც უფრო მარტივია, ვიდრე დიდი მოთამაშეების...
გადარჩენილები ვართ, რომ ამ ცვლილებების ეტაპზე მიხეილ სააკაშვილი არ არის ჩვენი ქვეყნის სათავეში. ის აუცილებლად შეეცდებოდა ფრონტის წინა ხაზზე გაჭრას და ახალ უბედურებაში გადაგვჩეხდა.

იმედი მაქვს, ჩვენს ხელისუფლებას ესმის, რომ დღეს საქართველოსთვის ზომიერება და სიფრთხილე უმნიშვნელოვანესია. საფრთხე რომ გაზრდილია, ამ მოსაზრებას მეც ვიზიარებ. ტრამპის სახით აშშ-ს მოევლინა რეალური პოლიტიკის მიმდევარი, რომლისთვისაც პრიორიტეტული ნაციონალური ინტერესებია და ამ ინტერესების განხორციელებისთვის მან შეიძლება პოლიტიკური ვაჭრობისთვის ნებისმიერი თემა გამოიყენოს. ამ დახლზე, შესაძლოა, საქართველოც აღმოჩნდეს. ამ კუთხით დაზღვეული ვიყავით წინა ადმინისტრაციისას, რომელიც უფრო გლობალურად უყურებდა პრობლემებს...
ვნახეთ, რა მოხდა მოლდავეთსა და ბულგარეთში, გაზაფხულზე იწყება პროცესი საფრანგეთში, სადაც, ალბათ, კონსერვატორებს აქვთ წარმატების შანსი...

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები