"ხელისუფლება ნეპოტიზმს უფრო აქტიურად უნდა ებრძოლოს..."
"ხელისუფლება ნეპოტიზმს უფრო აქტიურად უნდა ებრძოლოს..."
12-12-2016
"ისე არ მოხდეს, რომ ახლაც სამსახურიდან "უპატრონო" პროფესიონალები გაუშვან და "პატრონიანი" უსაქმურები დატოვონ"

"ხარჯი უნდა შეამცირონ საპრემიო და სახელფასო დანამატების გაცემისას, ასევე ამ უმაქნისი და გაბერილი აიპ-ებისა და სსიპ-ების ნაწილის გაუქმებით"


8 დეკემბერს ბრიუსელში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) "შეჩერების მექანიზმზე" გადაწყვეტილება მიიღო, "შეჩერების მექანიზმზე" შეთანხმდნენ ასევე ევროსაბჭო და ევროპარლამენტი. შესაბამისად, საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება, ფაქტობრივად, დაძლეულია. ახლა "შეჩერების მექანიზმს" კენჭი უნდა უყაროს ევროპარლამენტის სესიამ, რომელიც მიმდინარე კვირას სტრასბურგში გაიმართება. რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, სავარაუდოდ, ევროპარლამენტში ამ საკითხზე კენჭისყრა მომავალი წლის იანვარში უნდა გაიმართოს, თუმცა ჩვენშიც და ევროპაშიც ჯერ კიდევ არიან სკეპტიკოსები, რომლებიც პროცესის კვლავაც გაჭიანურებას ვარაუდობენ. ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- ჩემი ანალიზით, ვიზალიბერალიზაცია პრინციპულ საკითხად იქცა არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის, არამედ ევროპელი პოლიტიკოსებისთვისაც. ბოლო დროს ევროპულ პოლიტიკურ ელიტაში ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენი და უკრაინის ვიზალიბერალიზაციაც არის. თუ გადაავლებთ თვალს ამ საკითხზე მოსაუბრეთა სიჭრელეს, მიხვდებით, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური ბრძოლა თემაზე: აქვს თუ არა ევროპას შნო, აჯობოს რუსეთის პოზიციას?! გაგეცინებათ, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი იმ კოლეგას, ვინც საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მიცემას ეწინააღმდეგება, ლამის რუსეთის აგენტობაში სდებს ბრალს. სხვათა შორის, ამ პროცესში დადებითი როლი შეასრულა პრემიერის ბოლოდროინდელმა ვიზიტმა ბრიუსელში და მისმა გამოსვლამ, რაც ერთგვარად ევროპის დანამუსება იყო.

ასე იქცევიან უკრაინელი პოლიტიკოსებიც და ამ საქმეში ჩართულია აშშ-ის ადმინისტრაციაც. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს დასავლეთში ამ თემაზე პოლიტიკოსთა დაპირისპირებაა არა მხო­ლოდ ევროკავშირში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში, არამედ უკვე დაპირისპირების ასეთი ჰორიზონტალიც გაჩნდა - აშშ და ევროპა. მიიღებს თუ არა ეს ორი ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას, იქცა პრინციპული მნიშვნელობის საკითხად, რის გამოც, ვფიქრობ, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა მაინც მგონია, რომ მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა, რეგულაციამ, რომელზეც შეთანხმდნენ და რომელსაც "შეჩერების მექანიზმი" ჰქვია, სასწორი სწორედ ჩვენი და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის მომხრეთა სასარგებლოდ უნდა გადაწონოს.

- ვიზალიბერალიზაციის სკეპტიკოსთა ერთ-ერთი არგუმენტი არის ქართული კრიმინალური სამყაროს ევროპაში ექსპორტზე გაუთავებელი აპელირება. თქვენი აზრით, ევროკომისიაში "შეჩერების მექანიზმზე" მსჯელობამდე რამდენიმე დღით ადრე ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაცია, როდესაც საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააკავეს, იყო თუ არა ამ პროცესთან დაკავშირებული?

- რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალია ევროპის პოლიტიკურ ჯგუფებზე, მედიასა და არასამთავრობო სტრუქტურებზე რუსეთის ე. წ. რბილი ძალის გავლენა. სწორედ ამ ძალის მუშაობის შედეგი იყო გაუთავებლად წერა ქართველ კრიმინალებზე, განსაკუთრებით სწორედ ესპანეთსა და გერმანიაში.

ქართველი კრიმინალების თემის არგუმენტად გამოყენებას ცდილობდნენ, ოღონდ ეს არგუმენტი უსაფუძვლო და სპეკულანტურია. ჩვენი მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, აქაურ კრიმინალებს რა გავლენა შეიძლება ჰქონდეთ ევროპაზე?! ეს არ არის ის რიცხვი, რაც ევროპულ ქვეყნებს შეუქმნის საფრთხეს, რაც ყველასთვის ცხადია, თუმცა ესპანეთსა და გერმანიას ეს არგუმენტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაუთავებლად მოჰყავდათ. მათი მოწინააღმდეგეები კი მიანიშნებდნენ სხვა ეთნიკურ კრიმინალურ ჯგუფებზე, მაგალითად, ხორვატების, რუმინელების და ა.შ. გარდა ამისა, არაბული ქვეყნებიდან ემიგრირებულთა დანაშაულების რიცხვი განუზომლად დიდია ქართველების დანაშაულებთან შედარებით. მოკლედ, საქართველოსთვის ამ რეგულაციის მინიჭება გახდა ბევრი ევროპელი პოლიტიკოსისთვის ბრძოლის იარაღი.

- რუსეთისთვის რამდენად პრინციპული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ვიზალიბერალიზაციას?

- რუსეთისთვის უმთავრესია, როგორმე მოახერხოს და ევროპულმა გავლენებმა არ გაიმარჯვოს! ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს თავისი ინტერესის გატანა! პატარა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ თუ არა შენგენის სივრცეში უვიზოდ მოგზაურობა, წესით, კრემლს არ უნდა აღელვებდეს, მაგრამ რადგან ცდილობს კვლავაც საკუთარ გავლენაში მოაქციოს პოსტსაბჭოთა სივრცე, ყველა მიმართულებით იბრძვის.

- მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით ადევნებს თვალს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტებას. უკვე ცნობილი გვარ-სახელებიდან გამომდინარე, რომელთა უმეტესობა რუსეთისადმი საკმაოდ ხისტი პოლიტიკით გამოირჩევა, შეგვიძლია მიახლოებით ვივარაუდოთ, როგორი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა?

- ურთულესი საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის დაკომპლექტებას მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს და კონტურებიც გამოჩნდა, ჯერ მაინც ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება. ცხადია, აშშ-ის მთავარი ხედვები მსოფლიო ჰეგემონიაზე არ შეიცვლება, თუმცა ტრამპის წინასაარჩევნო რიტორიკიდან გამომდინარე, ის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ეკონომიკურ საკითხებსა და აშშ-ის ეკონომიკურ ჰეგემონიაზე. ამგვარი კურსის აღების შემთხვევაში, ამერიკის მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთი კი არა, ჩინეთი იქნება. ასეთ ვითარებაში რუსეთი, შესაძლოა, ტრამპის პოლიტიკის მოკავშირედაც კი იქცეს. ტრამპის განცხადებებს თუ გავიხსენებთ, მას სურს, შეარყიოს ჩინეთის ეკონომიკური სიძლიერე და დაიბრუნოს ის სიმძლავრეები, რაც აშშ-ს დაახლოებით 15 წლის წინ ჰქონდა და რაც მთავარია, დააბრუნოს ჩინეთიდან აშშ-ში ბოლო წლებში გადასული საწარმოები.

რაც შეეხება ამ საკითხში რუსეთის მოკავშირეობას, საქმე ის არის, რომ რუსეთს ჩინური კაპიტალისგან სულ უფრო და უფრო დიდი დისკომფორტი ექმნება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს სულ რაღაც ეკონომიკურ ხელშეკრულებებს აწერენ ხელს. საქმე ისაა, რომ ყველა მათგანში ჩინეთი დომინანტია, რუსეთი კი უმცროსი პარტნიორი, რაც მოსკოვს ძალიან აღიზიანებს. აქედან გამომდინარე, აშშ-ს, შესაძლოა, კულუარულადაც დაუჭირონ მხარი. გარდა ამისა, იმ საფრთხის გათვალისწინებით, რაც ახლო აღმოსავლეთიდან მოდის, შესაძლოა, ამ მიმართულებითაც მოუწიოთ თემატურმა პარტნიორობამ.
თუმცა ვიმეორებ, აშშ თავის ჰეგემონიურ მისწრაფებებს და მთელი მსოფლიოს კონტროლს არ მოეშვება. ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი მიდგომიდან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ძნელია საბოლოო პროგნოზის გაკეთება და თქმა, ვინ იქნება აშშ-ის მუდმივი და ვინ თემატური პარტნიორი.

- ერთ-ერთი ექსპერტის განცხადებით, არ არის გამორიცხული, კრემლმა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის რეაქციის გამოცდა მოინდომოს და რაიმე ავანტიურა მოიფიქროს. მისივე ვარაუდით, ამ მხრივ სიტუაცია განსაკუთრებით უკრაინასა და საქართველოშია საფრთხილო...

- ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ჩვენთან შედარებით უკრაინაში უფრო დიდია საფრთხე. საქმე ის არის, რომ საქართველოში რუსეთს რაც სურდა, ყველაფერი გააკეთა, ფაქტობრივად, ჩვენი ტერიტორიების სრული ანექსია მოახდინა. გარდა ამისა, ჩვენში აქტიურად მუშაობს ე.წ. რბილი ძალა.

უკრაინაში კი კრემლს კვლავაც ძალიან ბევრი რამ აქვს გასარკვევი და საფუძველიც მისი ახალი ავანტიურისთვის იქ უფრო მეტი შეიძლება იყოს, თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავთ, ამიტომ სიფრთხილე აუცილებელია.

- რუსული ე.წ. რბილი ძალის მუშაობა ახსენეთ, რამდენად შედეგიანია ეს მუშაობა?

- ჩვენში საზოგადოების ნაწილი შეშფოთებულია იმით, რომ ამ ე.წ. რბილ ძალას დიდი გავლენა აქვს მედიაში, არასამთავრობო სექტორში, ინტერნეტსივრცეში, თუმცა კვლევა ჩავატარეთ და როგორც აღმოჩნდა, ამ პრორუსული გავლენის ძალებს თუ მედიასაშუალებებს ბევრი გულშემატკივარი არა ჰყავს და მათზე დახარჯული რუსული ფული წყალში გადაყრილია. როგორც ჩანს, ეს თვითონაც დაინახეს და ამიტომაც შეაჩერეს ზოგიერთი მედიასაშუალების მოქმედება, მაგრამ გარდა ზემონახსენები სივრცეებისა, სავარაუდოდ, ეს "რბილი ძალა" მუშაობს სხვადასხვა სიბრტყეშიც, მათ შორის პოლიტიკურ წრეებში და არა მხოლოდ ხელისუფლებაში...
თუმცა ერთი რამ ცხადია - რა ძალაც უნდა მუშაობდეს საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის პრინციპული საკითხები არ გადაწყდება, საქართველოში ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გაბედავს იმის თქმას, რომ ჩვენი პრინციპების უგულებელყოფით შეიძლება რუსეთთან ურთიერთობა, რასაც რუსეთშიც აცნობიერებენ.

- არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტის პერმანენტულმა გაუფასურებამ შეაშფოთა ქვეყნის მოსახლეობა. თქვენი აზრით, რამდენად სწორია ამ საკითხზე მთავრობის პოზიცია? იმ გეგმებზე საუბრისას, რისი განხორციელების შედეგადაც, მათი თქმით, ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდება, ახერხებენ კი მოქალაქეების სწორად ინფორმირებასა და დარწმუნებას?

- ამ საქმეში მთავრობას რომ ერთი პირი ჰქონდეს, ბევრად უკეთესი იქნებოდა. მთავრობის წევრების, უმრავლესობის დეპუტატების გამოსვლები ამ საკითხებზე ხანდახან დიამეტრულად განსხვავდება და აჩენს ეჭვს, რომ ისინი თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებული, რა უნდა გააკეთონ. ერთი შეხედვით, გუნდის ერთმა ნაწილმა იცის რაღაც, მეორეს კი კარგად არ ესმის. ლარის კურსის ვარდნა დამოკიდებულია ბევრ კომპონენტზე, მათ შორის დოლარის ზოგად მდგომარეობაზე. ჩვენს სამეზობლოშიც ეროვნულ ვალუტას იგივე სჭირს, რაც ჩვენსას, მაგრამ ეს არ არის მთავარი.

ჩემი აზრით, ამ საკითხზე და ზოგადად ეკონომიკაზე ლაპარაკისას, მთავრობა ვერ არის დამაჯერებელი. ამიტომაც აიღო პრემიერმა საკუთარ თავზე დეკლარირებული გეგმის შესრულება. დააკვირდით, მთავრობამ კი არა, ერთმა კაცმა იკისრა პასუხისმგებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მიანიშნებს, რომ გუნდში ყველაფერი რიგზე ვერ არის. რამდენად რეალურია მთავრობის გეგმები? - მეც არ ვიცი, ისევე, როგორც მოქალაქეების უმრავლესობამ, რადგან ეს ხელისუფლებამ ვერ გვაჩვენა, ექსპერტები კი, რომლებიც ამას აფასებენ, ძირითადად, პოლიტიკურ კონიუნქტურას უფრო წინ აყენებენ, ვიდრე ეკონომიკურ პროცესს. ამიტომ იბნევა საზოგადოება.
მინდა მჯეროდეს, რომ მთავრობის გეგმა გაამართლებს, დაიღალა ქვეყანა გაუგებარი ექსპერიმენტებით, მაშინ, როდესაც მარტივად შეიძლება ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა - ადგილობრივი საწარმოების მასობრივად ამოქმედება; საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და ადგილობრივი პროდუქციის დაცვა. ისეთი რეგულაციების ამუშავებაა საჭირო, რაც მსო-ს წესდებას არ დაარღვევს, მაგრამ საშუალებას მისცემს ადგილობრივ მეწარმეებს, შექმნან ხარისხიანი პროდუქცია და იმპორტირებულ უხარისხო პროდუქციას კონკურენცია გაუწიონ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო გაუბედავია! არადა, სწორედ ახლაა საჭირო რისკი, ოღონდ რისკი გათვლილი უნდა იყოს.

- ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობენ მთავრობაში დაპირისპირებაზე...

- არ მჯერა კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილს შორის დაპირისპირებისა. ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან და თუ რომელიმე საკითხზე იკამათეს, ეს დაპირისპირებას სულაც არ ნიშნავს. პრობლემა სულ სხვა რამაა. სიმართლე გითხრათ, მე მთავრობაში რეალურ ცვლილებებს ვერც ვხედავ. მინისტრთა კაბინეტის ახლანდელი კოსმეტიკური გადანაცვლებები ცვლილებად ვერ ჩაითვლება. რამაზ საყვარელიძემ ამას წინათ აბსოლუტურად სწორად შენიშნა, თუ მთავრობა ახალ გეგმას ამუშავებს, მის შესასრულებლად ახალი ხალხია საჭიროო, რადგან ეს ბუნებრივად იმას ნიშნავს, რომ ძველმა გუნდმა ძველი გეგმა ვერ შეასრულა.

- ხშირად ვისმენთ ხელისუფლების განცხადებებს "ქამრების შემოჭერაზე". ახლაც ლაპარაკია ოპტიმიზაციასა და ადმინისტრაციული რესურსის შემცირებაზე, ამჯერად მაინც მოხერხდება ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადადგმა?

- ვერ მოხერხდება, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას დასჩემდა გაუბედაობა, არადა, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები. ჯერ თქვეს, ადმინისტრაციული რესურსი 10%-ით უნდა შევამციროთო, მერე 5%-მდე ჩამოვიდნენ.
აქ ადამიანების შემცირებაზე არ ვლაპარაკობ და არც მგონია, რომ ყველაფერი კადრების ხარჯზე უნდა მოხდეს. ხარჯი უნდა შეამცირონ საპრემიო და სახელფასო დანამატების გაცემისას, ასევე ამ უმაქნისი და გაბერილი აიპ-ებისა და სსიპ-ების ნაწილის გაუქმებით. გარდა ამისა, წინა ხელისუფლების დროს მიღებული რეგულაციების მიხედვით, ზოგიერთ უწყებას, მაგალითად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, იმხელა სახელფასო ხარჯი აქვს, აუცილებლად უნდა შემცირდეს. რაც შეეხება კადრების ოპტიმიზაციას, ვერ ვიტყვი, რომ თუ კვალიფიციური და პროფესიონალია ადამიანი, ის საჯარო სამსახურში სხვა მოხელესთან ნათესაობის გამო არ უნდა მიიღონ, მაგრამ ხელისუფლებას მართებს უფრო აქტიური ბრძოლა ნეპოტიზმთან. ისე არ მოხდეს, რომ ახლაც სამსახურიდან "უპატრონო" პროფესიონალები გაუშვან და "პატრონიანი" უსაქმურები დატოვონ. გადასახედია ის საკონკურსო წესიც, რომლითაც საჯარო სამსახურებში კადრებს იღებენ.

- გასულ კვირას აშკარად გამძაფრდა ბრძოლა "ნაციონალურ მოძრაობაში". თქვენი აზრით, პარტიას დაშლა ემუქრება?

- არა, მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიას არ დაშლის. ხომ ფაქტია, რომ მან ამ დაპირისპირების პირველი ეტაპი მოიგო. თუ ვინმე წავა პარტიიდან, ეს იქნება გიგა ბოკერიას გუნდი და ეს 20 იანვრის ყრილობის შემდეგ მოხდება. ვერ მოიგო ბოკერიამ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალა და ენერგია მოახმარა ამას. ბოკერიას გუნდი საკმაოდ მნიშვნელოვანია, მის გვერდით არიან ლიდერები, მაგრამ სააკაშვილის გვერდით რიგითი წევრები დგანან. სააკაშვილი არ დაუშვებს პარტიის მნიშვნელოვან დასუსტებას, "ნაციონალური მოძრაობა" მისთვის არის ბაზა, რომელიც პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად სჭირდება მთელ მსოფლიოში.

"ქართულმა ოცნებამ" ხელიდან გაუშვა მნიშვნელოვანი შანსი იმისა, რომ გამოეტანა ამ პარტიისთვის პოლიტიკური განაჩენი. ამ პარტიის მერყევი წევრები დღესაც გადადიან "ქართულ ოცნებაში", სანაცვლოდ კი იღებენ თანამდებობებსა და მდგომარეობას, რაც საზოგადოებას ძალიან აღიზიანებს. სააკაშვილი ამასაც სათავისოდ იყენებს. ყველგან ამბობს, თუ დამნაშავეები ვიყავით, რატომ არ მიეცა ჩვენს საქმიანობას პოლიტიკური შეფასებაო.

- "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" რუსთაველის გამზირზე, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, აქცია გამართა, რომლის დროსაც გადაკეტეს ქუჩა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის...

- აქციის მონაწილეები ვერ აცნობიერებენ, ან არ სურთ გააცნობიერონ, რომ მსუბუქი ნარკოტიკიდან ძლიერ ნარკოტიკამდე ერთი ნაბიჯია, თუმცა, მეორე მხრივ, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ნარკოტიკების შემომტანებსა და გამსაღებლებთან ბრძოლა, ვიდრე მომხმარებლებთან, და ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს მთავარი აქცენტი. ნარკომოვაჭრეებს უნდა მიხედონ სამართალდამცავებმა და არა ავადმყოფებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ არც მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება უნდა იყოს დაშვებული და ამ შემთხვევაში, ჩემზე არ მოქმედებს არც ჰოლანდიის და არც სხვა რომელიმე ქვეყნის მაგალითი. ამ მიმართულებით კანონმდებლობა შესაძლოა შემსუბუქდეს, მაგრამ, თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკის სრული დეკრიმინალიზაციის მომხრე არ ვარ. თუ ამ მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები, მაშინ ამაში მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს, არადა, დღეს იმდენი პრობლემაა, მეეჭვება ამისთვის ეცალოს ვინმეს. რაც შეეხება ზოგიერთ პოლიტიკოსს, ვინც ამას ლობირებს, ეს მათგან უფრო პოლიტიკური პოპულიზმი მგონია - ხმაურიანი განცხადებებით საზოგადოებისთვის თავის შეხსენების მცდელობა.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
"სააკაშვილის ტიპის ადამიანებს გაჩერება არ შეუძლიათ და საკუთარ მოღვაწეობას ტრაგიკულად ასრულებენ ხოლმე"

"გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულება არც მე მომწონს და მიმაჩნია, რომ წინა პირობები ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იყო"
დაწვრილებით...
PRIME
თურქმა ახალგაზრდებმა მითხრეს, - გვიჩნდება განცდა, რომ ვართ დაჩაგრული ერი, რომელსაც პირველმა მსოფლიო ომმა ამხელა ტერიტორიები წაართვა, მაგრამ მომავალში ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად უნდა გავერთიანდეთ

"არ მესმის, ადამიანი პოლიტპატიმარი როგორ უნდა იყო, როდესაც 800 კაცს ბიუჯეტიდან არაფერში უხდიდა ხელფასს, რაც თვითონვე აღიარა..."
დაწვრილებით...
"აქვს თუ არა ევროპას შნო, აჯობოს რუსეთის პოზიციას?!"
დაწვრილებით...
"ლართან დაკავშირებით, ალბათ, განსაკუთრებული ზომების მიღების დროც დადგება"

"როდესაც პოლიტიკა ცდილობს, "მიჯირყნოს" ეკონომიკა, იქ შფოთი უსასრულოდ გრძელდება"
დაწვრილებით...
"ონლაინსესხები მუქთახორების ბიზნესია, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად აშენებენ ფინანსურ პირამიდებს"
დაწვრილებით...
"კვირიკაშვილის პიროვნება ბევრ ოპონენტს უქმნის უხერხულობას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის არ ჰგავს ადამიანს, ვინც უსიტყვოდ დაექვემდებარება ვინმეს"

"რას ნიშნავს ტრამპის განცხადებები ძლიერ ამერიკაზე? - ბუნებრივია, არა იმას, რომ აშშ სადმე გეოპოლიტიკური გავლენის დათმობას აპირებს"
დაწვრილებით...
"ხელისუფლებას ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ აბსოლუტური ძალაუფლება, უპირველესად, აბსოლუტური პასუხისმგებლობაა და არა - უფლება, აკეთო ყველაფერი, რაც მოგეპრიანება"

"ტურიზმით თუ საახალწლოდ გადანახული 100 დოლარით ნაყიდი ინდაურით დაბალანსებული კურსი, რასაც მე "ინდაურის ეკონომიკა" შევარქვი, ეფემერულია"
დაწვრილებით...
"მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ ნატოში ყოფნა უკვე პანაცეა აღარ არის, რითაც შეიძლება თავი გადავირჩინოთ"

"1995 წლიდან მოყოლებული, არ მახსენდება სპიკერი, რომელსაც ასეთი მწირი პოლიტიკური გამოცდილება ჰქონოდეს"
დაწვრილებით...
"ცოტა ხნის წინ გახლდით აშშ-ში, სადაც არაერთი კოლეგა ვნახე, რომლებიც განცვიფრებული იყვნენ იმით, რომ არაფორმალურ შეხვედრებზე საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აშკარად გამოხატავდა იმედს, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი დაბრუნდებოდა"
დაწვრილებით...
ბინა არის ახალი აშენებული, თეთრი
LTD ,,NDS” გთავაზობთ დიღმის მასივში
გირავდება ბინა ცხოვრების უფლებით იპოთეკის
სასწრაფოდ და იაფად! იყიდება
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები