გზა ევროპისკენ - კვირის პალიტრა

გზა ევროპისკენ

"აქვს თუ არა ევროპას შნო, აჯობოს რუსეთის პოზიციას?!"

მას შემდეგ, რაც 2015 წელს გადაწყდა, რომ საქართველო მიიღებდა ვიზალიბერალიზაციას, მთელი 2016 წლის განმავლობაში ქვეყანა ცხოვრობდა მოლოდინით, რომ ბოლოს და ბოლოს დაფასდებოდა ჩვენი ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა და ევროპაც გადმოდგამდა ჩვენკენ ნაბიჯს. რამდენადაც იგვიანებდა ეს ნაბიჯი, მით მეტად მრავლდებოდნენ ჩვენში ევროსკეპტიკოსები, რომელთაც ბრექსიტმა და ევროპაში კონსერვატიული ძალების გაძლიერებამ უფრო გაუმყარა პოზიცია. წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ევროკომისია და სხვა ევროსტრუქტურები შეთანხმდნენ ე.წ. შეჩერების მექანიზმზე, გაცხადდა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა ოფიციალურად ეს 2017 წელს გაფორმდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა, რაზეც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამახვილებდნენ ყურადღებას, საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება იყო, რაც მეტ-ნაკლებად მოხერხდა. შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის მთავარი მოვლენა სწორედ არჩევნებია, რომელშიც დიდი უპირატესობით "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. გადავხედოთ განვლილ წელს ჩვენი რუბრიკის პრიზმიდან:

"აქვს თუ არა ევროპას შნო, აჯობოს რუსეთის პოზიციას?!"

მამუკა არეშიძე: "ვიზალიბერალიზაცია პრინციპულ საკითხად იქცა არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის, არამედ ევროპელი პოლიტიკოსებისთვისაც. ბოლო დროს ევროპულ პოლიტიკურ ელიტაში ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ თემად ჩვენი და უკრაინის ვიზალიბერალიზაციაც იქცა. თუ გადაავლებთ თვალს ამ საკითხზე მოსაუბრეთა სიჭრელეს, მიხვდებით, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური ბრძოლა თემაზე: აქვს თუ არა ევროპას შნო, აჯობოს რუსეთის პოზიციას?! გაგეცინებათ, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი იმ კოლეგას, ვინც საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მიცემას ეწინააღმდეგება, ლამის რუსეთის აგენტობაში სდებს ბრალს. ამ საქმეში ჩართულია აშშ-ის ადმინისტრაციაც. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს დასავლეთში ამ თემაზე პოლიტიკოსთა დაპირისპირებაა არა მხოლოდ ევროკავშირში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში, არამედ უკვე დაპირისპირების ასეთი ჰორიზონტალიც გაჩნდა - აშშ და ევროპა. მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა, რეგულაციამ, რომელზეც შეთანხმდნენ და რომელსაც "შეჩერების მექანიზმი" ჰქვია, სასწორი სწორედ ჩვენი და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის მომხრეთა სასარგებლოდ გადაწონა.

სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალია ევროპის პოლიტიკურ ჯგუფებზე, მედიასა და არასამთავრობო სტრუქტურებზე რუსეთის ე. წ. რბილი ძალის გავლენა. სწორედ ამ ძალის მუშაობის შედეგი იყო გაუთავებლად წერა ქართველ კრიმინალებზე, განსაკუთრებით სწორედ ესპანეთსა და გერმანიაში. პატარა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ თუ არა შენგენის სივრცეში უვიზოდ მოგზაურობა, წესით, კრემლს არ უნდა აღელვებდეს, მაგრამ რადგან ცდილობს, კვლავაც საკუთარ გავლენაში მოაქციოს პოსტსაბჭოთა სივრცე, ყველა მიმართულებით იბრძვის".

"დღეს პრეზიდენტს არასერიოზულად აღიქვამენ"

რამაზ საყვარელიძე: "ერთ-ერთ გადაცემაში პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰკითხეს, იყო თუ არა ის ოპოზიციაში, რაზეც უპასუხა, ვის ოპოზიციაში უნდა ვიყო, როდესაც მე თვითონ ვარ უმაღლესი ხელისუფალიო. ვფიქრობ, ის არ თვალთმაქცობდა და ამ ნათქვამში სიმართლის მარცვალიც არის. დავუშვათ, მარგველაშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკური თამაში. მაინც ვის მხარეზე უნდა ითამაშოს, როდესაც ის არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი? პოლიტიკა არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ მას უკვე აქვს ამჟამად ეს ძალაუფლება, მაშ, რისთვის უნდა იბრძოდეს ახლა? არსებობს ვარაუდი, რომ ის პოსტსაპრეზიდენტო პერიოდისთვის ემზადება, თუმცა მე უსაფუძვლოდ მეჩვენება, ისევე როგორც მავანთაგან მისი გამუდმებული მიტმასნება "ნაციონალურ მოძრაობაზე"". ბოლო დროს ხშირად მიანიშნებენ, რომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოიკრიბა საკმაოდ კარგი გუნდი და ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა, სწორედ მათთან ერთად აპირებს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმას. მართლაც საინტერესო და გონიერი ადამიანები არიან პრეზიდენტის გარშემო, მაგრამ კარგი გუნდი სულაც არ ნიშნავს კარგ პოლიტიკურ გუნდს. თუ პრეზიდენტს მართლაც აქვს ამგვარი გათვლები, მაშინ უფრო აზრიანი მუშაობაა საჭირო და არ უნდა ჰქონდეს ის პრობლემა, რასაც ვხედავთ - დღეს პრეზიდენტს არასერიოზულად აღიქვამენ. გავიხსენოთ მისი სიძის ჩხრეკის ფაქტი, იმჟამინდელი მისი განცხადება, არიქა, ჩემზე ზეწოლაა და მიშველეთო. რომც იყოს ასეთი ზეწოლა, პრეზიდენტია ის პირი, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ძალოვან სტრუქტურებზე და სირცხვილია ამაზე საჯარო განცხადების, თანაც ერთი თვის დაგვიანებით გაკეთება".

"ალასანიამ პოლიტიკური მომავალი საკუთარი ხელით დაისამარა"

ლადო პაპავა: "ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ პარტიები ვერ განვითარდნენ, ანუ პოლიტიკური მენიუ ქვეყანაში ძალიან მწირია. ვერ შესთავაზეს ამომრჩეველს რაიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი. პარტიებში ისევ და ისევ დაქსაქსულობა, გაუგებარი გადაწყვეტილებები და უფულობაა... არ არის გამორიცხული, კორუფციაც იყოს, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად იხარჯება. საზოგადოება თანდათანობით ვითარდება, მაგრამ ჩამოყალიბებული არ არის... ამ არჩევნებში მთავარი ფაქტორი ხომ სააკაშვილის დაბრუნებით შეშინება იყო... თვითონ სააკაშვილიც იმუქრებოდა, ჩამოვალო.

ჩვენ ვნახეთ, რომ, მაგალითად, გორში მე-2 ტურში სახელისუფლებო კანდიდატთან ერთად გავიდა ირაკლი ალასანია, მაგრამ ადგა და ყველას უღალატა. მას ჰქონდა გამარჯვების შანსი, მაგრამ გაუგებარი ნაბიჯი გადადგა და პოლიტიკიდან წავიდა. ალასანიას განცხადება, ერთი კაცი ვერაფერს გავაკეთებო, აბსურდია. რა, ექვსკაციანი ფრაქციით რომ შესულიყო, რას გააკეთებდა?! როგორც ჩანს, თავიდანვე ჰქონდა წასვლა დაგეგმილი და ამომრჩეველი მოატყუა.

დავით უსუფაშვილის"რესპუბლიკური პარტიიდან წასვლის მესმის, მაგრამ ალასანიასა და მისი ყოფილი პარტიის პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებები გაუგებარია. უსუფაშვილის გადაწყვეტილება სულ სხვაა. მან დაინახა, რა გამოწვევებია ქვეყანაში, რას ელოდება ხალხი და რომ რესპუბლიკური პარტია ამას სრულიად აცდენილია. შესაბამისად, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი და მოაზროვნე, სხვანაირად მიუდგა საქმეს და გადაწყვიტა, აღარ ყოფილიყო ამ პარტიაზე ჩამოკიდებული. უსუფაშვილი არსად წასულა, მან მიატოვა "რესპუბლიკელთა" პოლიტიკური კლუბი, მაგრამ არ მიუტოვებია ქვეყანა. უსუფაშვილს სხვა პერსპექტივა გაეხსნა, ალასანიამ კი პოლიტიკური მომავალი საკუთარი ხელით დაისამარა".

"არა მგონია, ვინმემ დათმოს საქართველო"

ზაზა ფირალიშვილი: "2010-2011 წლებში ანგელა მერკელი, ნიკოლა სარკოზი და დეივიდ კემერონი ერთმანეთის მიყოლებით აცხადებდნენ, რომ მულტიკულტურალიზმის პოლიტიკამ მარცხი განიცადა. უკვე მაშინ შეგვეძლო გვევარაუდა, რომ ბრექსიტი მოსალოდნელი იყო. ის მოდელი, რითაც დაიწყო ევროპამ ცხოვრება, აშკარად ნაკლოვანი, ზერელე იყო და ახლაც არის მისი რაობის წინააღმდეგ მიმართული. ევროპა კონკრეტული კულტურული ტრადიციების სივრცეა. ლიბერალური დემოკრატიაც ამ კულტურული ტრადიციების ნაყოფია, მაგრამ, როდესაც გადააბიჯებ ამას და შეეცდები, ეს კულტურული ტრადიციები ექსტრემისტულად ეგალიტარული სივრცით ჩაანაცვლო, მიიღებ იმას, რაც მიიღეს. გავიხსენოთ, რა ამბავი მოჰყვა მადრიდში ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებას. მილიონამდე ადამიანი გავიდა ქუჩაში. იგივე ხდებოდა იტალიაში, საფრანგეთში... მაგრამ ამ ადამიანების აზრს არავინ მიაქცია ყურადღება. როდესაც ყურს არ დაუგდებ შენს საზოგადოებას, უნდა ელოდო, რომ მალე საზოგადოება გამოსავლის ძებნას დაიწყებს და ყველაფერი ეს პოლიტიკურ შედეგებად გაფორმდება.

რაც შეეხება ტრამპის გამარჯვებას, დემოკრატები შეეცადნენ, მისგან შეექმნათ ურჩხული, გამოეყვანათ პუტინის მიერ დასმულ არაადეკვატურ ადამიანად, რომელიც მსოფლიოს პოლიტიკურ ბალანსს დაარღვევდა და ა.შ. რიგითი ამერიკელების უმრავლესობამ არ მიიღო ეს ვერსია. ცხოვრების იმ მოდელის გაგრძელებას, რომელსაც დემოკრატები სთავაზობდნენ, მან არაპროგნოზირებადი ტრამპი არჩია.

ეჭვი მეპარება, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველოსთვის საფრთხეები გაიზარდოს. თუ ტრამპი რამეს საყვედურობს ევროპელებს, ისაა, ნუ ცდილობთ, რუსეთიდან და მუსლიმანური რადიკალიზმიდან მომდინარე საფრთხეებს მხოლოდ ჩვენი ხელით ებრძოლოთო. ამ ვითარებაში არა მგონია, ვინმემ დათმოს საქართველო. მეტიც, ვფიქრობ, ჩვენი როლი იზრდება. რას ნიშნავს ტრამპის განცხადებები ძლიერ ამერიკაზე? - ბუნებრივია, არა იმას, რომ აშშ სადმე გეოპოლიტიკური გავლენის დათმობას აპირებს".

"უტიფრობა "ნაციონალური მოძრაობის" რელიგიაა"

დათო მაღრაძე: "უტიფრობა "ნაციონალური მოძრაობის" რელიგიაა. ჩვენი ისტორია იცნობს ასეთ შემთხვევებს, როდესაც ხელისუფლებაში მოდიან პროგრესის სახელით მოქმედი სექტანტური ჯგუფები, არწმუნებენ მოსახლეობას, რომ მოაქვთ სიახლე, უკეთესი მომავალი და ახლებური ცხოვრების წესი. თავის დროზე, ასე მოვიდნენ სოციალ-დემოკრატებიც და არცთუ დიდი ხნის წინ "ნაციონალებიც". ერთი რამ აერთიანებთ პროგრესის სახელით მოსარგებლეებს, მოდიან თუ არა, მაშინვე 10 მცნების რევიზიას იწყებენ. 2003 წელს შევარდნაძის ხელისუფლება უკვე ამაზრზენი იყო. ის, რომ ერთ ადამიანს მოესურვა და 30 წელი თავის ჭკუაზე ატარა ქვეყანა, უნდა დასრულებულიყო და თანაც ისე, რომ არ მისცემოდა დამსახურებულ პენსიაზე მშვიდად გასვლის საშუალება. ამიტომაც არ ვნანობ იმ პროცესებში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რა საშინელებაც მოჰყვა ამას. რა თქმა უნდა, სანდრო გირგვლიანი რომ გამიცოცხლონ, უარს ვიტყვი ამ მონაწილეობაზე, მაგრამ ასე არ ხდება. ეს ხალხი მერე უცებ თავს დაესხა თავის სამშობლოს და მე ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერში.

მოკლედ, ეს ხალხი ამ ათი მცნების რევიზიას რომ იწყებს, ეს ჰგონიათ სიახლე. მე კიდევ მჯერა, რომ "ახალ აღთქმაზე" უფრო ახალი არაფერი არსებობს სამყაროში, თუმცა, რა თქმა უნდა, პატივისმცემელი ვარ სხვა აღმსარებლობებისა და მათთან თანაცხოვრების კულტურა გენეტიკურ მეხსიერებაში მაქვს. ჩემი პირადი სულიერი ცხოვრებაც ტოლერანტულია ყველას მიმართ, გარდა უსამშობლოო, უჯიშ-ჯილაგო, ურწმუნო, ათი მცნების "რევიზორებისა, რომლებიც მომრავლდნენ ჩვენს ქვეყანაში".

"ჩვენი კონსტიტუცია ისეა დამახინჯებული, მისი ძირეული შეცვლაა საჭირო"

ვალერი გორგილაძე: "ჩვენი კონსტიტუცია ისეა დამახინჯებული, ერთი-ორი ცვლილების შეტანა კი არა, მისი ძირეული შეცვლაა საჭირო. უკეთესი იქნება, თუ სრულიად ახალი რედაქციით შემუშავდება კონსტიტუცია.

დიდი შეუსაბამობაა პრეზიდენტის უკიდურესად შეზღუდულ უფლებებსა და მის დიდ ლეგიტიმაციას შორის. ის დღეს ლამის ყველაზე ლეგიტიმურად არჩეული პირია, თუმცა არ გააჩნია ის უფლება-მოვალეობები, რაც ლეგიტიმაციის ადეკვატური იქნებოდა. ასევე შეუსაბამოა ის ხარჯიც, რაც ქვეყანას მისი შენახვა უჯდება. თავად მართვის ის მოდელი, რომელსაც კონსტიტუცია ითვალისწინებს, შესაცვლელია. საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი ითვალისწინებს იმას, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევდეს. ამ ტიპის სისტემებში პრეზიდენტი თამაშობს ნომინალურ როლს და იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც საპარლამენტო მმართველობაა, პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. ჩვენთან კი სრული გაურკვევლობაა. რაც შეეხება პარლამენტის გადმოტანას თბილისში, მეც მიმაჩნია, რომ ეს ცვლილება მისაღებია".

"ეროვნული ვალუტით თამაში სახიფათოა!"

სანდრო თვალჭრელიძე: "შეცდომა ის არის, რომ ჩვენმა მთავრობამ აირჩია ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელი სუსტი ეროვნული ვალუტის ფონზე - ეს ჩემთვის ცხადია, თუმცა საჯაროდ არ გამოუცხადებიათ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ ჯერ გააძლიერეს ლარი, მერე კი დაიწყო მისი ხავერდოვანი შესუსტების პოლიტიკა, რაც ცხადად აჩვენებს, რომ არჩეულია სუსტი ლარის სტრატეგია.

ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გულისხმობს ხელისუფლების მაქსიმალურ დისტანცირებას ეკონომიკური პროცესებისგან და, იმავდროულად, ეკონომიკაში საბანკო სექტორის უდიდეს როლს, რაც ჩვენისთანა ქვეყნისთვის არასწორი მგონია.

როდესაც სუსტი ვალუტა გაქვს, მაგრამ ექსპორტის მაჩვენებელი იმპორტზე მაღალია, მაშინ კონკურენტუნარიანი ხდები საერთაშორისო ბაზარზე და დიდ მოგებას ნახულობ, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც იმპორტი ლამის 5-ჯერ სჭარბობს ექსპორტს. აქ ეროვნული ვალუტის შესუსტება ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ფასები აიწევს. თუ არ აიწევს, მაშინ მთავრობას მოუწევს ამ განსხვავების დაფარვა და ასეთ პირობებში ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია. ასე რომ, ეს პოლიტიკა არასწორია, აუცილებლად უნდა გააძლიერონ ლარი, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად არსებობს.

ჩემი აზრით, ხელისუფლებაში მყოფი ახალგაზრდა სპეციალისტების გადაწყვეტილება, რომ აღარ გამოეკიდებიან ლარს, დიდი შეცდომაა. ეროვნული ვალუტით თამაში სახიფათოა! სუსტი ლარის ტვირთი მთლიანად მოსახლეობას დააწვება.

1992 წელს ევროკავშირმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა

1996 წელს ლუქსემბურგში საქართველოს პირველმა პირმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხელშეკრულებას.

1997 წელს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ოფიციალურმა თბილისმა დაიწყო მუშაობა ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაზე.

2003 წელს ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში თავისი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.

2004 წელს ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვის შესახებ.

2008 წელს ევროკავშირმა (ამერიკელ პარტნიორებთან ერთად) მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის აგრესიის შეჩერებაში. ევროკავშირის საგანგებო სამიტზე დაგმეს რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარების შესახებ. ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე მუშაობა დაიწყო ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ.

2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელში ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა დონორთა კონფერენცია, რომელზეც გადაწყდა საქართველოსთვის 4,5 მილიარდი დოლარის გამოყოფა.

2010 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.

2011 წელს დაფუძნდა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეა (ევრონესტი).

2015 წელს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მისაღებად ყველა მოთხოვნა შეასრულა. საქართველოს უვიზო რეჟიმის მისაღებად სჭირდებოდა, რომ ევროკავშირის წევრები ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებულიყვნენ.

2016 წლის 1-ელ ივლისს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა.

2016 წლის 7 დეკემბერს ევროკავშირის ხელმძღვანელებმა ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხებას მიაღწიეს.

2017 წელს ევროპარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას უვიზოდ შეძლებენ.

ნათია დოლიძე