"თქვენს ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - კვირის პალიტრა

"თქვენს ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს"

"ქართულ მედიასივრცეში თქვენი მედიასახლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს"

"აშშ-ის მთავრობა აუცილებლად მიიჩნევს იმ დრამატული მოვლენების დეტალურ და სრულფასოვან გამოძიებას"

"ვწუხვართ, რომ ამ ტრაგიკულ ღამეს დაიღუპნენ ადამიანები"

ბათუმის პორტში შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გემი შემოვიდა. როგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ამერიკის საელჩოდან აცნობეს, "მონტერეი" შავი ზღვის რეგიონში რეგულარულად განთავსდა და გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობასა და საზღვაო უსაფრთხოებაზე". როგორც ჩანს, რუსეთის მიერ ფრანგული ხომალდის, "მისტრალის" შეძენასა და მისგან მომდინარე საფრთხეზე ამიერიდან ქართულის ნაცვლად იაპონურ პრესაში ისაუბრებენ, - რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "მისტრალს" წყნარ ოკეანეში კურილის კუნძულების უსაფრთხოებისთვის გამოიყენებენ. ალბათ, რუსეთისთვის საქართველო და კავკასია "პატარა მასშტაბად" იქცა ან ჩათვალეს, რომ ამ გეოპოლიტიკურ არეალში თავისას უკვე მიაღწიეს.

რუსეთთან დაკავშირებით ევროპულ მედიაში კიდევ ერთი საინტერესო ცნობა გავრცელდა - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ევროპული სახელმწიფოების ეკონომიკის მხარდასაჭერად 15 მილიარდი დოლარი, შესაძლოა, რუსეთისგან ისესხოს. კი ამბობდა პრეზიდენტი სააკაშვილი, რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშალაო, მაგრამ ძნელი გასაგებია, უკვე ევროპასაც თუ ეხმარებიან, როგორღა ჩამოიშალა. გასული კვირის მოვლენებიდან არც ის იყო იოლი გასაგები, როგორც ამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რისი ანულირება მოახდინა ვანუატუმ.

აქამდე გაეროში ვანუატუს ელჩის განცხადებაზე დაყრდნობით გვიმტკიცებდნენ, ვანუატუს აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებიაო. ურთიერთაღიარებასა და პატივისცემაზე ღია კითხვები არ დარჩენილა ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ IIმეორის საქართველოში ისტორიული ვიზიტის შემდეგ. თუმცა, როგორც გაირკვა, სომხური მედია ამ ვიზიტისგან უფრო მეტს მოელოდა - კერძოდ, ე.წ. სადავო ეკლესიების კუთვნილების გარკვევას. როგორც საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, ეს თემა მომდევნო ეტაპზე განიხილება.

როგორც ჩანს, სომეხი საზოგადოება "თემის აჟიტირების" მსხვერპლი გახდა, თორემ ხუთდღიანი ვიზიტისას ერთობლივ კომუნიკეზე მეტის გაკეთება შეუძლებელიც იქნებოდა. ქართველმა პარლამენტარებმა ისევ ვერ შეძლეს სახალხო დამცველის ანგარიშისთვის "ცნობად მიღებაზე" მეტი მნიშვნელობა მიენიჭებინათ - სწორედ ამგვარი სტატუსი მისცა საპარლამენტო უმრავლესობამ გიორგი ტუღუშის გამოსვლას 83 ხმით 5-ის წინააღმდეგ.

ცხადია, სანამ ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებების უგულებელყოფაზე ქართველ კანონმდებლებს ამგვარი დეკლარირებულად არასერიოზული დამოკიდებულება ექნებათ, ეჭვის გამომწვევი გახდება ნებისმიერი სახელისუფლებო მანევრი ქართული მედიის მიმართ - იქნება ეს "შემთხვევითობის" პრინციპით შერჩეული "მედიაპალიტრის" ერთდროულად ექვსი კომპანიის ფინანსური შემოწმება თუ "ტექნიკური" მიზეზებით საკაბელო მაუწყებლობიდან ტელეკომპანია "ტვ 25"-ის გათიშვა. სამაგიეროდ, ქართული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობოთა უმრავლესობის მსგავსად, ამ ფაქტებს უაღრესად სერიოზულად მოეკიდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები.

"მედიაპალიტრის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს გასულ კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა და ჰოლდინგის ოფისს სტუმრად ამერიკის საელჩოს წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ქენთ ლოგსდონთან ერთად, "მედიაპალიტრას" სტუმრობდნენ საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური ოფიცერი ერიკ ჰოლმგრენი, საელჩოს პრესისა და ინფორმაციის ატაშე მაიკლ ჰარვი და სხვა ოფიციალური პირები. საელჩოს წარმომადგენლები მედიასაშუალებების მუშაობას გაეცნენ, შეხვდნენ მედიაჰოლდინგის ხელმძღვანელებს და მათგან მიიღეს ინფორმაცია "მედიაპალიტრაში" ფინანსური შემოწმების შესახებ. ცხადია, შემთხვევა ხელიდან არ გაგვიშვია და საინტერესო სტუმარს ინტერვიუც ვთხოვეთ:

- რედაქციის სახელით დიდ მადლობას გიხდით ჩვენთან სტუმრობისთვის. როგორია თქვენი შთაბეჭდილება ჰოლდინგში სტუმრობის შემდეგ?

- მოხარული ვარ, რომ შეერთებული შტატების საელჩოს სახელით მედიასახლ "პალიტრას" ვსტუმრობ. ეს ჩემი პირველი ვიზიტია და მინდა გითხრათ, რომ ძალზე შთამბეჭდავი გამოდგა ის, რაც აქ ვიხილე. როგორც ვნახე, მედიასაქმიანობის ძალიან ფართო სპექტრში ხართ ჩართული: ინტეგრირებული ნიუსრუმი, ინტერნეტტელევიზია, რადიო, ჟურნალ-გაზეთები, თემატურად მრავალფეროვანი წიგნები, რომლებსაც გამოსცემთ. შთამბეჭდავია ისიც, რომ ამ ყველაფერზე პროფესიონალთა სხვადასხვა ჯგუფი მუშაობს და საერთო ჯამში, ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. ყველაფრიდან ჩანს, რომ ქართულ მედიასივრცეში საგამომცემლო სახლი "პალიტრა" მნიშვნელოვან როლს ასრულებს

- მცირე ხნის წინ, ჰოლდინგის რამდენიმე კომპანიაში ერთდროულად დაწყებულმა შემოწმებამ ქართველი საზოგადოება რაღაცებში დააეჭვა. მედიასახლ "პალიტრის" მხარდასაჭერად, შეიძლება ითქვას, სოლიდარობის უპრეცედენტო აქცია გაიმართა, რომელშიც ქართული მედიისა და არასამთავრობო სექტორის თითქმის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა. თავის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ეჭვის საფუძველი არ არსებობს და ეს რიგითი საგადასახადო შემოწმებაა. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საგადასახადო ურთიერთობებიც უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და სიტყვის თავისუფლებაც. ამდენად, მომხდართან დაკავშირებით თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

- ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლება, გადასახადების საკითხს, კორპორაციულ პასუხისმგებლობას სერიოზულად აღიქვამს და მნიშვნელოვან როლს ანიჭებს. გადასახადების სწორი, სამართლიანი აკრეფის გარეშე არ იქმნება ისეთი რესურსები და შემოსავლები, რომლებიც უზრუნველყოფს ქალაქისა და ზოგადად ქვეყნის განახლებას, მის სწორ ფუნქციონირებას. თქვენ ახსენეთ ადგილობრივი მედიასაშუალებები და ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესდნენ მედიასახლ "პალიტრაში" ჩატარებული მოულოდნელი ფინანსური შემოწმებით და თავისი კოლეგიალურობა და სოლიდარობაც გამოხატეს.

მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ თქვენი ადგილობრივი კოლეგები, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებიც დიდი ინტერესით აკვირდებიან უკანასკნელ პერიოდში  "მედიაპალიტრის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ეს თემა მათაც ძალიან აღელვებთ. ეს აღელვება სულაც არ ნიშნავს, რომ მთავრობას არ აქვს უფლება, უზრუნველყოს გადასახადების აკრეფა, რა თქმა უნდა, მას ამის უფლება აქვს.

არც იმას ამბობს ვინმე, რომ ბიზნესმენმა არ უნდა გადაიხადოს გადასახადები, მან ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ ეჭვი ჩნდება იმის გამო, რომ "მედიაპალიტრის" შემოწმება საეჭვოდ დაემთხვა ოცდახუთი-ოცდაექვსი მაისის საპროტესტო აქციებსა და იმ მოვლენებს, რაც ამ აქციებს მოჰყვა - ინტერნეტტელევიზია "პალიტრა ტვ" ამ მოვლენებს ობიექტურად და ოპერატიულად აშუქებდა. ამ დღესთან დაკავშირებით უკვე გააკეთა კომენტარი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა, როდესაც 26 მაისს მომხდარი ფაქტების სრულად და დეტალურად გამოძიების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. სწორედ ეს გარემოება იწვევს აღელვებას,

აღელვებას იწვევს ის დამთხვევაც, რომ საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები ერთდროულად შევიდნენ მედიასახლში შემავალ ექვს სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ორგანიზაციაში.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მომეცა შესაძლებლობა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით მოვსულიყავი "მედიაპალიტრაში" და ზოგადად, ჰოლდინგის მუშაობის სპეციფიკის გარდა, პირადად მიმეღო დეტალური ინფორმაცია უკვე მომხდარი და მიმდინარე პროცესების შესახებ ყველა თქვენგანისგან. ასევე მინდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ მჭიდრო ურთიერთობა მომავალშიც. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აქტიურად მიადევნებს თვალყურს იმ ფინანსური შემოწმების პროცესსაც, რომელიც საგადასახადო სამსახურის მიერ მედიაპალიტრაში იგეგმება.

- მადლობა პრესის თავისუფლების მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება 26 მაისის მოვლენებს, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ იყო მცდელობა ბატონი ბასის მიერ 26 მაისის წინ გაკეთებული განცხადების პოლიტიზებისა. ცალკეულმა პოლიტიკოსებმა განცხადებას "დარბევისთვის გაცემული სანქციაც" უწოდეს. რას უკავშირდება უკანასკნელ პერიოდში ამერიკის საელჩოს და ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავს უარყოფით კონტექსტში წარმოჩენის მცდელობები?

- როგორც აღნიშნეთ, ეს განცხადება ბატონმა ელჩმა გააკეთა და ჯონ ბასი თავის სიტყვებს არ უარყოფს. განცხადება თვითონ მეტყველებს თავის თავზე მასში მოცემული სიტყვებით. რაც შეეხება 26 მაისის ღამეს, რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. ვწუხვართ, რომ ამ ტრაგიკულ ღამეს დაიღუპნენ ადამიანები. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც ბატონი ბასი და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აუცილებლობად მიიჩნევენ იმ დრამატული მოვლენების დეტალურ, სრულფასოვან გამოძიებას.

- რას იტყოდით დემოკრატიის ხარისხსა და მდგომარეობაზე საქართველოში. ბოლო დროს შეერთებული შტატების მთავრობა აქტიურად მუშაობს საზოგადოების განვითარების კუთხით. როგორც ბატონმა ბასმა ამ პროგრამის დაწყებისას განაცხადა, ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს, რომ სამოქალაქო საზოგადოება მისი პარტნიორია და არა მოწინააღმდეგე. როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად არის გაცნობიერებული ეს ფორმულა საქართველოში?

- მიმაჩნია, რომ როლი, რომელსაც ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში სამოქალაქო საზოგადოება ასრულებს, ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლებელია, ეს ნაწილობრივ ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებასაც ეყრდნობა. ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ ძლიერია და უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელმწიფოს ცხოვრებაში. სამოქალაქო საზოგადოება არის ერთ-ერთი მთავარი უზრუნველმყოფი და გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ყველანაირი პროცესი გამჭვირვალე, სამართლიანი და თანასწორი იყოს.

სამოქალაქო საზოგადოებას ყველგან შეუძლია ასეთი როლი და ფუნქცია იტვირთოს. ჩემი აზრით, ყველა მთავრობას უნდა ესმოდეს იმ პოზიტიური პოტენციური როლის მნიშვნელობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ეკისრება ქვეყნის ცხოვრებაში, - იგი გარკვეულ მისიას ასრულებს მთავრობისთვის თუნდაც იმის თქმით, რა უნდა გააკეთოს ან რა არ უნდა გააკეთოს მან. ჩვენ გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, როდესაც საქართველოსთვის ერთმილიარდიანი დახმარების პაკეტი გამოიყო, მოგვეცა საშუალება, დამატებითი რესურსები გამოყოფილიყო ისეთი სფეროებისთვის, რომელთა განვითარებაში დიდი წვლილის შეტანის სურვილი, შესაძლოა, ადრეც გვქონდა, მაგრამ ვერ ვახერხებდით, ისეთ ასპექტებზე გაგვემახვილებინა ყურადღება, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება სწორედ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია მათ შორის.

იყო სამოქალაქო  საზოგადოების წარმომადგენელი, საკმაოდ რთული საქმეა. ეს არ არის ბიზნესში ყოფნა, სადაც შემოსავალი შეიძლება მიიღო, არც სამთავრობო სტრუქტურაში მუშაობაა, სადაც ხელფასს გიხდიან. საფიქრალია ფინანსების მოძიებაც და ამავე დროს  მუდმივ საზრუნავად რჩება დემოკრატიის განვითარებისთვის ხელშეწყობაც, მათ შორის მთავრობაზე მონიტორინგის გაწევა და იმის მითითება, რა უნდა აკეთოს მან და რა არ უნდა აკეთოს. ეს უმთავრესია სხვა ფუნქციათა შორის, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ეკისრება.

- დიპლომატიური კარიერის განმავლობაში ბევრ ქვეყანაში გიმუშავიათ., უკვე დიდი ხანია, საქართველოში იმყოფებით. როგორია თქვენი აზრი საქართველოზე?

- ამ ზაფხულს მეწურება დიპლომატიური საქმიანობის სამწლიანი ვადა და გული მწყდება, რომ საქართველოს დატოვებაც მომიწევს. საქმიანობას კვლავ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, ოღონდ ამჯერად ვაშინგტონში გავაგრძელებ. აქ ბევრი საინტერესო და ჩემთვის სრულებით ახალი რამ ვნახე. საქართველო უნიკალური კულტურის ქვეყანაა, საინტერესო ხალხითა და ისტორიით. თქვენს ქვეყანაში მიღებული შთაბეჭდილება არასოდეს დამავიწყდება და ის მეგობრობაც მუდმივად გაგრძელდება, რომელიც საქართველოსთან ჩემი აქ მუშაობისა და ცხოვრების განმავლობაში ჩაისახა. თქვენს ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სირთულეს დასძლევთ და საქართველო მიაღწევს განვითარების იმ დონეს, რაც მის საუკეთესო შვილებს სურთ - როგორც დემოკრატიის, ისე ეკონომიკისა და ზოგადად, სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით.