"თუკი ეს დადასტურდება, გამოვა, რომ სახელმწიფო დანაშაულთან გვაქვს საქმე" - კვირის პალიტრა

"თუკი ეს დადასტურდება, გამოვა, რომ სახელმწიფო დანაშაულთან გვაქვს საქმე"

"სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას, ისევე როგორც ყველა გამოუცდელ ხელისუფლებას, აკლია პოლიტიკური ეთიკა"

"მართალია, ზოგჯერ სააკაშვილი ბევრ სისულელეს ამბობს, მაგრამ სისულელეებს არ ჩაიდენს", - ეს ფრაზა საიტ WikiLeaks-ის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და ევრაზიისა და ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე დენიელ ფრიდის შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტიდანაა. ძნელი სათქმელია, ეს შეფასება კომპლიმენტად უნდა ჩაითვალოს თუ შეურაცხყოფად, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, სისულელედ ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის მასობრივი ლიტვური ვოიაჟი, რომელსაც ნაციონალური მაუწყებელი ტელეკომპანიები დეტალურად აშუქებდნენ. მოგვიანებით ამა თუ იმ სიუჟეტში გამოჩენილ მინისტრს, დეპუტატსა თუ გუბერნატორს იმის თავგამოდებული მტკიცება უწევდა, ჩემი ჯიბის ფულით გავფრინდი ორი-სამი კვირით ევრობასკეტის საგულშემატკივროდო და ეს ხდება გაძვირებული ელექტრონაგვისა და შემცირებულ-გაერთიანებულ-გაძვირებული საბავშვო  ბაღების ფონზე...  დეტალურად ამ და სხვა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ მორალური ხასიათის საკითხებზე პოლიტოლოგ, რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით:

- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე მათი დაკვეთით ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS Fingerprinys/Forensics-ს მიერ ჩატარებული დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც 26 მაისს პოლიციელების მიერ დაკავებული პირი ნიკა კვინტრაძეა. შსს-ს ვერსიით კი, ის რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე დენის დარტყმისგან დაიღუპა. საია-ს განცხადებით, ექსპერტიზამ 26 მაისის აქციაზე დაკავებული პირის ამსახველი ფოტოები და "რუსთავი 2"-ის ეთერით გასული ვიდეომასალა შეადარა პროზექტურაში გადაღებულ ნიკა კვინტრაძის ფოტოს, ასევე გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ფოტოს და 7 თანმხვედრი ნიშანი აღმოაჩინა. ასეთი ფაქტების აღმოჩენა დასავლეთის ნებისმიერ სახელმწიფოში სერიოზული პოლიტიკური სკანდალის საგანი გახდებოდა. ჩვენს შემთხვევაში კი ხელისუფლებამ იქით  დასდო ბრალი ახალგაზრდა იურისტებს ფაქტების დამახინჯებაში. საზოგადოების რეაქცია არცთუ მძაფრი და ხისტი ყოფილა, როგორც ჩანს, ასეთ "გადაცდომებს" ხალხი უკვე შეეჩვია.

- ამ შემთხვევაში ადამიანს გახსენდება, რომ ამაზე "რბილი ვარიანტიც" კი იყო გირგვლიანის მკვლელობა და საზოგადოებას მაშინ ძალზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა. "რბილი" იმიტომ, რომ ბევრი რამ პირადი შეჯახების ნიადაგზე მოხდა და თავდამსხმელები მთელი სახელმწიფოს სახელით არ მოქმედებდნენ. ახლა, თუკი ეს დადასტურდება, გამოვა, რომ სახელმწიფო დანაშაულთან გვაქვს საქმე და არა მხოლოდ კონკრეტული პირების გადაცდომასთან. ამიტომაცაა, რომ ხელისუფლებამ, მე თუ მკითხავთ, არცთუ დამაჯერებელი  განმარტებები გააკეთა და უარყო ის ვერსიები, რომლებიც მოდიოდა სამოქალაქო საზოგადოების ამ ჯგუფისგან. ვფიქრობ, ეს სტრატეგიულადაც არ იყო სწორი და გირგვლიანის შემთხვევა მაგალითად აქაც გამოდგება - რადგან მაშინ, რბილად თუ მკაცრად, სახელმწიფომ მაინც დასაჯა ვიღაცები, ამან უკმაყოფილების მუხტი შეამცირა. ალბათ, უფრო სწორად მოიქცეოდა სახელმწიფო, თუკი  მადლობას ეტყოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიწოდებული მასალებისთვის, დაიწყებდა გამოძიებას - ბოლოს და ბოლოს, ეს დანაშაული უშუალოდ პირველი პირებისგან ჩადენილი ხომ არ იქნებოდა. აქ საქმე გვექნებოდა ან არასწორ ბრძანებასთან, ან ამ ადამიანების არასწორ მომზადებასთან...

დაედგინათ კონკრეტული დამნაშავეები და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინათ. ეს, ზოგადად, გაზრდიდა ნდობას ხელისუფლების მიმართ და შეამცირებდა საპროტესტო მუხტსაც. ალბათ დასავლელი პარტნიორების ყურადღების ქვეშაც მოექცევა ეს ფაქტები და პასუხი კითხვებზე ხელისუფლებას მათთანაც ექნება გასაცემი. ასე რომ, მე მგონი, აქ სამომავლო, სტრატეგიულ შეცდომებს უშვებს ხელისუფლება. რაც შეეხება მოსახლეობის პოზიციას - საზოგადოება ნაწილობრივ დაიღალა კიდეც, ნაწილობრივ თითქოს პროტესტმაც დაკარგა აზრი. ამ საპროტესტო აქციებს ხომ პრაქტიკულად სიტუაცია არ შეუცვლია - გირგვლიანის საქმიდან, რომელზეც, სხვათა შორის, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტიც არსებობს, 26 მაისამდე დიდი დრო გავიდა. სიტუაცია კი თუ არ დამძიმდა, არ შემსუბუქებულა. ფაქტები გვიჩვენებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილე ძალები სერიოზულად რისკავენ. ღირს თუ არა რისკის ფასად ის, რასაც შეიძლება შედეგი არ მოჰყვეს? - მგონი, ამ კითხვაზე პასუხის მიხედვით ან გამოვლენ ადამიანები ქუჩაში, ან არა. თორემ საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში ნამდვილად არის, ოღონდ სამზარეულოს ფარგლებში...

- სტრატეგიული ობიექტების გასხვისება-გაყიდვის შესახებ ინფორმაციები აქამდეც ვრცელდებოდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სიტყვა "სტრატეგიულის" მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით უფრო და უფრო ბუნდოვანდება... ამჯერად კი პარლამენტში უკვე ოფიციალური კანონპროექტი გამოჩნდა, რომლის თანახმადაც დასაშვები ხდება, რომ სახელმწიფო ქონების აქციები და წილები პრივატიზებისთვის უცხოურ ბირჟებზე გავიდეს. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" სიტყვიერ პირობას იძლევა, რომ ხელისუფლებაში მათი ყოფნის პერიოდში, სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტი არ გასხვისდება. მაგრამ ერთია ზეპირი პირობა და მეორე - კანონში დაფიქსირებული რეალობა. უკვე ეს შემთხვევაც ხომ არ მიგვანიშნებს ამ საკითხისადმი მთავრობის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე?

- შეგახსენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ მსგავს ისტორიას, როდესაც საუბარი იყო ერთ-ერთი პორტის გაყიდვაზე, რომლის შეძენაც, თუ არ ვცდები, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სურდა. ეს ამბავი 11 სექტემბრის შემდეგ ხდებოდა.  საზოგადოებამ მაშინ იმხელა აღშფოთება გამოხატა, რომ შეთანხმება ჩაიშალა და ამაზე ხმაც არავის ამოუღია. ასე რომ,

სტრატეგიული ობიექტის გასხვისება იმაზეც არის დამოკიდებული, ვინ აღმოჩნდება მისი მყიდველი. ინგლისელმა რომ იყიდოს, ნებისმიერი ობიექტის გაყიდვისგან საფრთხეს არ ელოდები. მაგრამ თბილისის განათება რომ რუსებს აბარიათ, ამაზე ადამიანებს ხიფათის განცდა ექმნებათ, რადგან თუკი ამ კომპანიამ გადაწყვიტა, რუსეთის პოლიტიკურ ნებას დაემორჩილოს, მოქალაქეებისთვის მას ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია.

ასე რომ, სტრატეგიული ყველაფერი შეიძლება იყოს - იმისდა მიხედვით, თუ ვის ჩაუვარდება ხელში. დღევანდელ პირობებში კი არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ესა თუ ის ფირმა, რომლის სახელიც შეიძლება რუსულად არც ჟღერდეს, ხვალ და ზეგ რუსული არ აღმოჩნდება. ასე რომ, გაყიდვასთან დაკავშირებით დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს, მით უმეტეს, რომ რუსეთის სახით საკმაოდ აგრესიულად განწყობილი მეზობელი გვყავს. უცნაურია, მაგრამ სწორედ ამ სფეროში იჩენს საქართველოს ხელისუფლება უსაზღვრო დაუდევრობას. ვიცით, რომ დღეს საქართველოს ბიზნესის დიდი ნაწილი რუსების ხელშია. საბედნიეროდ, ჯერჯერობით თავად რუსები არ ფიქრობენ მათ ხელთ არსებული ბერკეტების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, თორემ საქართველოს ამ მხრივ თავდაცვის მექანიზმი არ აქვს. ამერიკისთვისაც, ფუნდამენტალისტ ისლამისტებს რომ არ დაერტყათ, არც პორტის არაბებისთვის მიყიდვას გააპროტესტებდა ვინმე. სწორედ იმიტომ, რომ ეროვნული ინტერესებისა და მყიდველის შესაძლო ვინაობა გადაიკვეთა, ამ შეთანხმებაზე უარი ითქვა. ჩვენ კი აგერ გვყავს ახლო მეზობელი დეკლარირებული ზრახვებით და მის ხელშია ქართული ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი. აქედან გამომდინარე, საქართველოს ბედის გადასაწყვეტად, კიდევ დამატებით რამეს გადასცემენ თუ არა, დიდი მნიშვნელობა, შესაძლოა, არც ჰქონდეს, მაგრამ ხელისუფლების პოლიტიკის შეფასებისთვის ნამდვილად ექნება.

- "მშობლებს, რომლებიც საბავშვო ბაღებში 10 სექტემბრამდე გადასახადს ვერ დაფარავენ, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ვადას ინდივიდუალურად გადაუვადებს", - განაცხადა თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ. როგორც ჩანს, ვარაუდი გამართლდა და გაძვირებული გადასახადის გადახდას მშობლები ვერ ახერხებენ. აქვე, მედლის მეორე მხარედ ლიტვაში გამართულ კალათბურთის ჩემპიონატს მოვიყვანდი, სადაც სამი თუ ოთხი საგანგებო რეისით საგულშემატკივროდ ლამის მთელი საქართველოს მთავრობა და დეპუტაცია გაფრინდა - მეგობრებით, მოცეკვავეებითა და დამკვრელებით. გადასახადები იმიტომ იზრდება, რომ მავანთ ჩარტერული რეისებით გაიხალისონ ცხოვრება?

- ალბათ, ამიტომაც ძვირდება. სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას, ისევე როგორც ყველა გამოუცდელ ხელისუფლებას, აკლია პოლიტიკური ეთიკა - ამა თუ იმ სახელმწიფოს გამოცდილი და ტაქტიანი მმართველი წრეები თავის თავს უზღუდავენ იმ უფლებებს, რაშიც გაჭირვების გამო შეზღუდულია მოსახლეობა. ცნობილი ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს  ინგლისის დედოფალმა უარი თქვა გათბობაზე, - თუ ხალხი, რომელიც ვერ თბება, ჩემი სასახლიდან ამომავალ კვამლს დაინახავს, ჩემ მიმართ სამართლიანი უკმაყოფილება გაუჩნდებაო.

ეს თქვა ადამიანმა, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნა არ უკვირდა და შეეძლო სხვა, რიგით მოქალაქეებზე მეტის უფლება მიეცა თავისთვის. როცა ადამიანს უკვირს, რომ ის ხელისუფლებაში მოვიდა, უკვირს ძალაუფლება, რომელიც მის წინ არის გადაშლილი, უფრო მეტის უფლებას აძლევს თავს... ჩვენს ახალგაზრდა ხელისუფლებასაც ეს პრობლემა აქვს, იმდენად უკვირს ხელისუფლებაში ყოფნა, ვერც ამჩნევს, რას სჩადის, როდესაც დედებს შვილების ბაღის ფულს ართმევს და მერე ამ ფულით მასობრივად გასართობად მიდის კალათბურთის მატჩებზე დასასწრებად. ეს განცდა მათ არც არასოდეს გაუჩნდებათ, რადგან ამისთვის შესაფერისად უნდა იყვნენ აღზრდილნი, როგორც არისტოკრატები იზრდებოდნენ, ან ხალხმა უნდა აგრძნობინოს, რა არის სწორი და რა არა.

- "გვჯერა, ეს არჩევნები საქართველოში დემოკრატიულ ფესვებს გააღრმავებს. დადგა დრო, ხელისუფლება არა რევოლუციით, არამედ არჩევნებით შეიცვალოს", - აღნიშნულია გზავნილში. საიტი WikiLeaks-ი  საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ჯონ ტეფტის მორიგ დიპლომატიურ წერილს აქვეყნებს, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება. ჭიკიLეაკს-მა სხვა გზავნილებიც გამოაქვეყნა,  სადაც ბაქრაძის შესაძლო პრეზიდენტობაზე, გაჩეჩილაძისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებსა და ქართული პოლიტიკის სხვა პერიპეტიებზეა ლაპარაკი. ამ თემაზე სხვადასხვაგვარი კომენტარი გაკეთდა. ერთნი თვლიან, რომ დიპლომატიური კულუარებისთვის ეს ჩვეულებრივი ენა და სტილია, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ მთავრობას უცხოელი დიპლომატები შეცდომაში შეჰყავს...

- WikiLeaks-ზე თავს ვერავინ დებს. თუ ეს ინფორმაცია რეალურია, უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა იმით, რომ გაიგო შენ შესახებ რა ინფორმაციას ფლობს და იღებს შენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ამ თვალსაზრისით არის გულდასაწყვეტი, რომ  ელჩების ინფორმაცია საკმაოდ ცალმხრივი და ზედაპირულია. ხშირად ამ დოკუმენტებში მოარული ჭორები აისახება ხოლმე, მაგალითად, გაჩეჩილაძის მოსყიდვის თემა, რის შესახებაც არც გაჩეჩილაძე ილაპარაკებდა და არც მისი "მომსყიდველი", ამის შესახებ პრესაში დაიწერება და ეს ვერსია გადაიცემა დიპლომატიური არხითაც. სრულიად გასაგები იქნებოდა, პრესის განწყობებს მთლიანობაში რომ გადასცემდნენ ელჩები, მაგრამ რატომღაც, პრესიდანაც ის არის ამოღებული, რაც ხელისუფლების ინტერესებშია.

იმ კრიტიკის შესახებ, რაც ხელისუფლების მიმართ თავისუფალ მედიაში გაისმის, პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი. ამ ნაწერებში ეს არც კი იგრძნობა. ეს გულისხმობს, რომ აქედან მიწოდებული ინფორმაცია ცალმხრივია და შესაბამისად მოქმედებს მერე თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებიც. ჰგონიათ, რომ აქ ყველაფერი რიგზეა და რუსეთის მომხრე ზოგიერთი ოპოზიციონერი ხალხისთვის და, შესაბამისად, თვითონ ამერიკისთვისაც მიუღებელია და ხელისუფლება რომ არა, მთელი ოპოზიცია რუსეთში გაიქცეოდა - ავად თუ კარგად, ასეთი სურათია დახატული ამ გზავნილებში. ასე რომ, ვერ ვიტყოდი, ჭიკიLეაკს-მა საელჩოების დადებითი სურათი დახატა-მეთქი. როგორც გამოჩნდა, ამერიკის საელჩო არ ყოფილა მზად, რომ თავის მთავრობას ობიექტური სურათი მიაწოდოს - ეს სურათი აშკარად ცალმხრივია.