საით მიდის მილიტარიზებული მსოფლიო?! - კვირის პალიტრა

საით მიდის მილიტარიზებული მსოფლიო?!

ყველა დაკვირვებული მკითხველი, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ადევნებს თვალს, ადვილად შეამჩნევდა, რომ საინფორმაციო სივრცე ზედმეტად მილიტარიზებულია.

გარდა ამისა, მოსახლეობის განწყობები, არა მხოლოდ საქართველოში, რადიკალურად შეცვლილია და ამ ტიპის ინფორმაციის გაცნობის მსურველთა რიცხვი კატასტროფულადაა გაზრდილი.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ობიექტური მიზეზები აქვს, რაც იმ ომების გეოგრაფიაში მდგომარეობს, რომლებიც დღეს დედამიწის სხვადასხვა წერტილში მიმდინარეობს.

დედამიწაზე არამილიტარიზებულ კონტიტენტად ორად ორი - ავსტრალია და ანტარქტიდა რჩება, სხვაგან ყველგან მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, რომელიც უშუალო ფრონტის გეოგრაფიას სცილდება და მეზობელ ქვეყნებსა თუ მთელს რეგიონებზე აისახება.

ეს საკითხი, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გახდება გლობალური სოციოლოგიური კვლევებით დაკავებული ორგანიზაციების კვლევის ობიექტი და აუცილებლად გამოქვეყნდება შედეგი, რომელიც, გული მიგრძნობს, ისტორიულ ანალოგებს წარმოქმნის, არცთუ ისე შორეულ წარსულთან. ვგულისხმობ, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდს, როდესაც ადოლფ ჰიტლერის პოლიტიკური ამბიციების გამო, ასეთივე მილიტარიზებული იყო მთელი მსოფლიო.

იმჟამინდელ სოციოლოგებსა და ფსიქოლოგებს (ერიხ ფრომი, კარლ იუნგი) კარგად აქვთ აღწერილი მასებში არსებული განწყობები, რაც მოასწავებდა დიდი ომის წამოწყებისთვის მზაობას. ეს კი დიდწილად ნიშნავდა პოლიტიკოსებითვის შესაძლებლობას პოლიტიკური განცხადებებიდან, ქმედებაზე გადასულიყვნენ (ამ შემთხვევაში იგულისხმება ადოლფ ჰიტლერი) და რა შედეგიც მოჰყვა ამ განწყობებს უკვე ვიცით!

ანალოგიური საფრთხის წინაშე დგას დღესაც კაცობრიობა.

მსოფლიო მასშტაბით სამხედრო ბიუჯეტების ზრდა კატასტროფულად დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნოლოგიური ნაწილის განვითარების გარდა, გაზრდილია იარაღის პოლიტიკური მნიშვნელობაც და ამას პრაქტიკულად ყოველდღიურად ვხედავთ.

ამ განწყობებს ემატება ის დესტრუქციული ძალები, რომლებიც არსებულ მსოფლიო წესრიგში, საკუთარ თავს იმ ხარისხში ვერ წარმოაჩენენ, როგორადაც სურთ და ამიტომ, ქმნიან კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას, რომელიც მათი წარმოდგენით, წაადგებათ პოზიციების გასაუმჯობესებლად.

გამომდინარე აღნიშნული დესტრუქციული ძალების მოქმედებიდან, ასევე იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ იარაღმა ზედმეტად დიდი, პოლიტიკური ძალა შეიძინა, სრულიად ლოგიკურად არსებობს მოლოდინი, რომ ეს იარაღი უფრო ინტენსიურად იქნება გამოყენებული და უამრავ სიცოცხლეს შეიწირავს.

ზემოთ აღწერილი მდგომარეობა ძალზედ ცხადია, თუმცა ვერ ვხედავთ გლობალურად ანტიმილიტარისტულ აქტივობას, რომელიც მეტ-ნაკლებად გაანეიტრალებდა, ძალადობით მიზნების მიღწევის მომხრე პოლიტიკოსთა ამბიციებს.

ძნელია თქვა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები დედამიწაზე, რადგან, ზემოთქმულიდან გამომდინარე, შექმნილი იარაღისა და არმიების გამოყენება, არ არის დამოკიდებული მასებზე, ის ერთეული პოლიტიკური ხელმძღვანელების ხელშია და ვერავინ აღუდგება მათ ნებას წინ. ხელმძღვანელებს კი ლეგიტიმაცია მიღებული აქვთ ხალხისგან.

თუმცა იმის თქმა, რომ მხოლოდ პოლიტიკოსები არიან დამნაშავენი ასეთი მდგომარეობის შექმნაში, არ იქნება სწორი.

თითოეული იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც რაიმე მოსაზრებით ამართლებს საკუთარი არმიის სხვა ქვეყნებში შეჭრასა თუ სპეცსამსახურების მოქმედებით სხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას, უბრალოდ, თანამონაწილე და იმ ძალთა წამახალისებელია, რომელთათვისაც იარაღის გამოყენება გარდაუვალი საჭიროებაა.

მილიტარიზმის ეს ფაზა ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისკენ და ის კიდევ იქნება აქტუალური რამდენიმე წლის განმავლობაში. ამას განაპირობებს აშშ-ის სამხედრო აქტივობის გარდაუვალი ზრდა, ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ძალაუნებურად წარმოშობს წინააღმდეგობას იმ ძალების მხრიდან, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში, აშშ-ის მხრიდან დემილიტარიზებისთვის გადადგმული ნაბიჯებით ისარგებლეს და საკუთარი გეგმების განხორციელებას შეუდგნენ.

ფაქტია, თუკი ერთი ძალა წყვეტს, რომ უნდა შეამციროს სამხედრო აქტივობა გლობალურ მასშტაბში, აუცილებლად ჩნდება მეორე ძალა, რომელიც იწყებს საკუთარი მიზნების მიღწევისთვის, სამხედრო ძალის გამოყენებას. ამის კარგი მაგალითია რუსეთი, რომელმაც ობამას პაციფიზმით ისარგებლა და საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის სამხედრო ძალის გამოყენება დაიწყო.

ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კაცობრიობა, ჯერ კიდევ არ არის პაციფიზმისთვის მზად და კვლავაც საჭიროებს ძალაზე დაფუძნებულ წესრიგს ნებისმიერ მასშტაბში, იქნება ეს გლობალური თუ ლოკალური. ამიტომ მომავალი ისეთი იქნება, როგორიც ის არის დღეს ჩვენს თავებში და თუკი გვინდა რამე შევცვალოთ, ჯერ საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ.

ამ ჩანაწერის მიზანი იყო იმის თქმა, რომ დღევანდელი წესრიგი დგას ძალაზე და ასე დარჩება მანამ, ვიდრე არ ჩამოყალიბდება უკლებლივ ყველა ქვეყნის მმართველში, საერთაშორისო სამართლისა და ნორმებისადმი უპირობო კოლაბორაციის უნარი. მანამდე კი, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალა არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დესტაბილიზაციისგან გვიცავს და მეტ-ნაკლებად მშვიდ გარემოში არსებობის შესაძლებლობას გვაძლევს!

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი