კიდევ ერთი გაფრთხილება კიმ ჩენ ინისა და ასადისთვის?! - კვირის პალიტრა

კიდევ ერთი გაფრთხილება კიმ ჩენ ინისა და ასადისთვის?!

აშშ-ის არმიის მიერ, გუშინ ავღანეთში გამოყენებული სუპერ ბომბი GBU-43, განცხადებებისა და შეფასებების საფუძველი გახდა, თუმცა არა მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან.

რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, რომ ასეც იქნებოდა... აღნიშული ბომბის გამოყენება, კაცობრიობის ისტორიაში პირველად მოხდა და მოხდა ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ, ავღანეთის ტერიტორიაზე, სადაც დასავლური კოალიციის ჯარები, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით სრულიად ლეგიტიმურად იმყოფებიან.

უკვე არსებობს ცნობები იმის შესახებ, თუ რა შედეგი ჰქონდა ამ მასშტაბურ შეტევას და რამდენი ტერორისტი გაანადგურა. დღეს დილიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემძლავრი ბომბის გამოყენებას, 36 ტერორისტი ემსხვერპლა. გამომდინარე იქიდან, რომ განადგურებული ლოკაცია, ტერორისტების მიერ გამოიყენებოდა ერთგვარ ბაზად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მთებში მოწყობილ გამოქვაბულებსა და გვირაბებში, ასევე დიდი რაოდენობით იარაღი და აღჭურვილობა იქნებოდა, თუმცა ამ მოცემულობით, ლოგიკურია ვარაუდი, რომ ბომბის გამოყენების მთავარი მიზანი მაინც პოლიტიკური განაცხადი იყო და არა უშუალო საბრძოლო საჭიროება.

ეს გზავნილი დიდი ალბათობით პირველ რიგში ჩრდილო კორეასა და ასადისთვის იყო გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომელმაც, იმედი ვიქონიოთ, რომ ადრესატებამდე მიაღწია და შესაბამისი დასკვნების გაკეთებაც აიძულა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო უფრო მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომის საშიშროების წინაშე დგას, რადგან ჩრდილოეთ კორეაზე გლობალური დარტყმის შემთხვევაში, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნება.

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც გამავრცელებლების თქმით, სწორედ აღნიშნული GBU-43 აფეთქების მომენტს ასახავს. ძნელი სათქმელია, არის თუ არა ეს კადრები ნამდვილი, თუმცა ის რაც კადრებშია ასახული, საკმაოდ შთამბეჭდავია.

თავისთავად ცხადია, ამ მოვლენას ყველაზე მყისიერი და მრავალფეროვანი გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიასივრცეში, სადაც პირველი წუთებიდანვე იმის გარკვევა დაიწყეს, არის თუ არა ამერიკული "MOAB"-ი ყველაზე მძლავრი არაბირთვული ბომბი და საკუთარ ე.წ. "ბომბების მამას" (АВБПМ) შეადარეს, რომელიც რა თქმა უნდა, რომ "ანალოგის არ მქონეა" და თანაც ნანო ტექნოლოგიების გამოყენებით არის დამზადებული (წყარო).

საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს ეპიზოდი არ იქნება ფართო განხილვის საგანი, ზემოთ დასახელებული მიზეზის გამო, თუმცა მისი ეფექტი აუცილებლად იქონიებს შედეგს და ეს შედეგი აისახება პირველ რიგში იმ ძალებზე, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დასავლეთს არ ეყოფა გამბედაობა გამოიყენოს შეიარაღებული ძალები, საერთაშორისო მასშტაბის პრობლემების გადასაჭრელად. მნიშვნელობა, რომელიც ზემძლავრი ბომბის გამოყენებას ენიჭება, სწორედ აქედან გამომდინარეობს და არა უშუალო აფეთქების ზონაში გამანადგურებელი ეფექტისგან.

პოლიტიკური ლოგიკით, ბომბის სადემონსტრაციო მიზნისთვის გამოყენება სწორედ ავღანეთში და სწორედ ISIS-ის წინააღმდეგ გამოყენება იქნებოდა სწორი, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე ზემოთ, ყველა ქვეყანა აცხადებს, რომ ებრძვის საერთაშორისო ტერორიზმს, შესაბამისად, მათ წინააღმდეგ გამოყენებული ნებისმიერი იარაღი, ლეგიტიმურია, ხოლო გამოყენების გეოგრაფია უკვე წლებია ამერიკული და ზოგადად, დასავლური ანტიტერორისტული კოალიციის კონტროლის ქვეშ არის, შესაბამისად, არავის ინტერესებზე პირდაპირ იერიშს არ გამოიწვევდა და მხოლოდ გამაფრთხილებელი ეფექტი ექნებოდა.

პირველ რიგში, შედეგი უნდა ვიხილოთ კორეის ნახევარკუნძულზე, თუმცა ამ დრომდე, ჩრდილო კორეიდან დამაიმედებელი ინფორმაცია არ მოდის!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი