დასავლეთის დარღვეული დუმილი, ანუ "კოვბოი" პუტინის დასასრული - კვირის პალიტრა

დასავლეთის დარღვეული დუმილი, ანუ "კოვბოი" პუტინის დასასრული

აშშ-ის მიერ ჯერ სირიაზე მიტანილი სარაკეტო იერიში, შემდეგ ავღანეთში ჩამოგდებული "დედა ბომბი", ჩრდილო კორეასთან მობილიზებული დამრტყმელი დაჯგუფება და ზედ დამატებული, ატომური ბომბის გამოცდა, - ეს ის მოვლენებია, რომელთაც მსოფლიოს საერთაშორისო დღის წესრიგი შეცვალა და მრავალი პროცესი, რომელიც რუსეთის "ილუზორული ლიდერობით" იყო წამოწყებული, ერთგვარად დააპაუზა.

ვაშინგტონიდან გაკეთებული განცხადებები საერთაშორისო თემატიკის შესახებ, რადიკალურად განსხვავებული გახდა ობამას ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებებისგან და ეს საქართველოსთვის, როგორც რუსეთის აგრესიულობის მსხვერპლი ქვეყნისათვის, ცალსახად კარგი ამბავია. თუმცა მხოლოდ ამ პროცესების იმედად არ უნდა ვიყოთ და ჩვენი ხელისუფლება, ამ მოცემულობას უნდა იყენებდეს ჩვენი პრობლემისადმი ყურადღების მისაპყრობად.

კონკრეტულად რუსეთის მიმართ, ვაშინგტონიდან წამოსული შეცვლილი რიტორიკა, ძალზედ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს კრემლს და პირადად ვლადიმირ პუტინს.

ყველას გვახსოვს რა ზარ-ზეიმით აღნიშნეს დონალდ ტრამპის გამარჯვება მოსკოვში, ამის აღსანიშნად ჟირინოვსკიმ "შამპანიურიც" კი გახსნა, ინტერნეტში კი ვრცელდებოდა სტატიები, სათაურით: "კრემლის კაცი თეთრ სახლში".  პირადად მე, მაშინაც სკეპტიკურად ვუყურებდი ამ "ისტერიკას" და ვერაფრით ვხვდებოდი რუსებს სიხარულისთვის რა საფუძველი ჰქონდათ. ჩემი ეს დამოკიდებულება სწორი გამოდგა და დაცულია ის ტრადიცია, რომელიც აშშ-ში უკვე ათეული წლებია მოქმედებს. რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ძირითადი პოლიტიკური ხაზის თვალსაზრისით, რესპუბლიკელები აძლიერებენ საერთაშორისო გავლენას, დემოკრატები კი კონცენტრირებულები არიან ამ გავლენების ეკონომიკურად ეფექტურ გარდაქმნაზე. ამ მარტივი ლოგიკის გათვალისწინებით, სრული აბსურდი იყო რუსეთის პროპაგანდისტული ისტერიკა, რომ თეთრ სახლში კრემლის კაცი შევიდა!

მოსკოვში, რექს ტილერსონის ვიზიტის შემდგომი რუსული პოლიტიკური ელიტის განცხადებები, ძალზედ დიფუზურია და ძნელი დასანახია ის პოლიტიკური ხაზი, რომლის ტრანსლირებასაც ისინი ცდილობენ. ის, რომ მათი მდგომარეობა არ არის სახარბიელო, ტილერსონის ვიზიტამდეც აშკრა იყო და ეს მოსაზრება განსაკუთრებით ცხადი გახადა, გაეროს უშიშროების სხდომამ, რომელზეც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ უნდა მიეღო რეზოლუცია. ისე მოხდა, რომ კენჭისყრისას, ჩინეთმა რუსეთის პოზიციის საწინააღდმეგოდ დააფიქსირა თავისი ხმა.

ამ მოვლენებს მოყოლილი ყველა განცხადება ვაშინგტონიდან, ხაზს უსვამს იმ მოსაზრებას რომ აშშ-ის გამიჯვნა საერთაშორისო პრობლემებისგან დასრულდა და ის აქტიურად ბრუნდება საერთაშორისო პროცესებში.

ამ მოცემულობაში კი რუსებისთვის მოქმედების არეალი კატასტროფულად იზღუდება, რადგან ტრამპის ადმინისტრაციამ, მოლაპარაკებათა მაგიდასთან არაფრის მომცემ პოლემიკას პირდაპირ ძალის დემონსტრირება არჩია, რომლითაც საკუთარ მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა პოლიტიკური განცხადებების კეთების ეტაპზე.

ამ ნაბიჯებზე რუსების პასუხი უნდა ყოფილიყო თანაზომადი, რაც ნიშნავს თანაზომადი ძალის დემონსტრირებას, რომლისთვისაც სირიაში გადასროლილი სამხედრო ტექნიკა და არმია არ ჰყოფნის, ახალი პროვოკაციის მოწყობა კი შესაძლოა იმდენად პროვოკაციული გამოვიდეს, რომ საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობა.

შესაბამისად, რუსეთი შეეცდება შეფარული მეთოდებით ქმედებას, თუმცა ის ფაქტი, რომ თანაზომადი ძალის დემონსტრირებას მოერიდა, პროცესების ამ საფეხურზე უკვე ნიშნავს უკან დახევას და ამას კულისებს მიღმა ვერავითარი ბრძოლები ვერ უშველის.

პუტინი, როგორც "კოვბოი" დასრულდა, რადგან ის კოვბოის რეპროდუქცია იყო, ისევე, როგორც მისი მართლმადიდებელი "ბაიკერები", ხოლო ნამდვილი კოვბოი ოკეანის გაღმა, როგორც ჩანს, არ აპირებს ყალბი "მაგარი ბიჭების" ატანას და აშინებს იმით, რითიც იცის რომ ნამდვილად დაშინდებიან!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი