რუსეთი სირიაში სახმელეთო ჯარებს გზავნის !? - კვირის პალიტრა

რუსეთი სირიაში სახმელეთო ჯარებს გზავნის !?

25 აპრილს ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის სირიაში არმიის სახმელეთო ძალები გაგზავნოს, თუკი ამას ასადი ოფიციალურად მოითხოვს.

farsnews.com-ის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია, რუსულ მხარეს არ დაუდასტურებია. თავად წყარო კი, ასადის არმიის წარმომადგენელი ანონიმური წყაროა, რომლის თქმითაც, მსგავსი შინაარსის ინფორმაცია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ, მოკავშირეებს შორის იქნა გავრცელებული. ამავე წყაროს ინფორმაციით, რუსეთის სახმელეთო, სპეციალური დანიშნულების ძალები იმ რეგიონებში განთავსდებიან, სადაც ასადის მოწინააღმდეგე "აჯანყებულების" მხრიდან, მეტი პრობლემები იქმნება (წყარო). აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თავის მხრივ, ირანულმა მხარემაც განაცხადა მზადყოფნა იმისთვის, რომ უფრო აქტიურად და მრავალრიცხოვნად იყოს წარმოდგენილი სირიის ბრძოლებში.

რაც შეეხება რუსეთს, ბოლოს დღეებში, სირიისთვის სამხედრი დახმარების გაწევის თვალსაზრისით, განცხადება ფედერალური საბჭოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ ოზეროვმა გააკეთა, რომელშიც ის ამბობს, რომ თუკი მიღწეული იქნება შეთანხმება, სირიისთვის ჰაერთავდაცვითი სისტემების მიწოდების შესახებ, ეს მოხდება პრიორიტეტულობის გათვალისწინებით და სამხედრო წარმოების გადატვირთვას არ გამოიწვევს. მისი აზრით, ეს დახმარება არანაირი საერთაშორისო ნორმის დარღვევა არ იქნება, რადგან სირია აწარმოებს ომს ტერორისტებთან და ამაში მას რუსეთი ეხმარება (წყარო).

არაფერია უცნაური იმაში, რომ ზედიზედ ორი ასეთი შინაარსის განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც პროასადისტური მედია საშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას ისრაელის მხრიდან ასადის არმიის პოზიციების დაბომბვების შესახებ (ბმული). აღნიშნულ ინფორმაციაზე ებრაულმა მხარემ, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. წინა დღეების განმავლობაში კი პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, ებრაული არმიის მიერ გოლანის სიმაღლეებთან არსებულ პოზიციებზე მიტანილ იერიშებზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ შეტევები ხდებოდა ასადის მოკავშირე "პროირანული" ძალების პოზიციებსა თუ ბანაკებზე (წყარო).

დიდი ალბათობით, უნდა იგულისხმებოდეს ლიბანური "ჰეზბოლა", რომელიც ასადის არმიისა და ირანის "რევოლუციის დამცველთა კორპუსის" მებრძოლებთან ერთად იბრძვის. ამავე დროს გასათვალისწინებელია ის, რომ სირიაში, სახმელეთო ოპერაციებისას, ჰაერის კონტროლი ერთგვრად რუსეთს აქვს ნაკისრი და შესაბამისად, ებრაული ავიაციის, სირიის ცაში დაუსჯელად მოქმედება, შესაძლოა პრობლემას ქმნიდეს, როგორც ირანელ, ისე პროირანული შიიტურ მოხალისეებსა და რუსებს შორის. გამომდინარე აქედან კი შესაძლოა, ამ პოტენციური პრობლემით იყოს განპირობებული, სირიისთვის დამატებითი ჰაერთავდაცვითი სისტემების მიწოდების საკითხი აქტივაცია. პროასადისტური (შესაბამისად რუსულიც) საინფორმაციო სააგენტოები, ასევე იტყობინებოდნენ, იორდანიის გეგმების შესახებ - განათავსოს საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის არმიის ნაწილები (წყარო).

თუკი რუსული სახმელეთო ძალების, სირიაში გადასროლის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება დაახლოებით ისეთივე ნაბიჯი, რომელიც საბჭოთა კავშირმა გასული საუკუნის ბოლოს ავღანეთში გადადგა და სასტიკი მარცხიც იწვნია.

თუმცა ამავე დროს, ეს ნაბიჯი სრულიად ლოგიკური იქნება გამომდინარე იქიდან, რომ სირიაზე, აშშ-ის სარაკეტო იერიშის შემდეგ, მოსალოდნელი იყო რუსეთის მხრიდან შურისძიებისთვის გადადგმული საპასუხო ნაბიჯები, რომელთა მიზანიც, რა თქმა უნდა, დასავლური კოალიციისთვის და პირველ რიგში, აშშ-ისთვის პრობლემების შექმნა იქნებოდა.

თავისთავად ცხადია, რუსეთის სახმელეთო ძალების სირიაში გამოჩენამ, შესაძლოა გაართულოს ასადის არმიის წინააღმდეგ მორიგი რეიდები, თუკი ასეთის საჭიროება იქნება და ამავე დროს, აშშ-ისა და რუსეთს შორის ე.წ. "ტექნიკური" დაპირისპირებიდან, საბრძოლო დაპირისპირებაზე გადასვლის რისკებს გაზრდის.

ამ თვალსაზრისით, ძალზედ საინტერესოა ის, რომ პენტაგონის შეფის, ჯეიმს მეტისის ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ, კიდევ ერთხელ გაიჟღერა, რუსეთის მხრიდან "თალიბანისთვის" იარაღის მიწოდების საკითხმა (წყარო). ასადის არმიის აეროდრომზე სარაკეტო იერიშის მიტანის შემდეგ, განიხილებოდა რუსეთის მხრიდან სავარაუდო საპასუხო ნაბიჯები, რომლის შესახებ დაწერილ სტატიაში ერთ-ერთ მიმართულებად ლიბიასთან ერთად, სწორედ ავღანეთი მქონდა დასახელებული, რადგან ჯერ კიდევ 2015 წელს გაჩნდა გარკვეული ცნობები რუსებისა და თალიბების კონტაქტების შესახებ.

ამავე დროს, ფაქტია ისიც, რომ ავღანეთში ამერიკული კონტიგენტის შემცირების პირობებში, "თალიბანი" ძალას იკრებს და იქ მტკივნეული არაპირდაპირი დარტყმის განხორციელების გარკვეული შესაძლებლობა არსებობს რუსებისთვის, რომელსაც დიდი ალბათობით გამოიყენებენ.

დასასრულ, უნდა აღინიშნოს ის, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის, პოლიტიკური პოლემიკის შინაარსი იმაზე მეტად "მილიტარიზებული" გახდა, ვიდრე ცივი ომის დროს იყო. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს მილიტარიზებული პოლემიკა, ძალიან ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული და პირველ რიგში იმაზე თუ რამდენად შეზღუდავს საკუთარ აგრესიას რუსეთი. მისი დესტრუქციული ქმედებები, ახლო აღმოსავლეთსა და დედამიწის სხვა წერტილებში (ძირითადად ახლო სამეზობლოში) ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ, თავდაცვით ქმედებებად, რადგან 2008 წელს საქართველოზე, შემდეგ კი 2014 წელს უკრაინაზე თავდასხმის ეპიზოდებამდე მისი მისამართით საფრთხის შემცველი ნაბიჯები არ გადადგულა, რაც შესაძლოა კრემლში აღქმულიყო, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები (რუსულ ნარატივს არა, ვგულისხმობ, რეალურ ნაბიჯებს).

სირიის ომში ჩართვით კი რუსეთი იმ მასშტაბის თამაშში ჩაერთო, რომელში თამაშის არც წონა აქვს და არც შესაძლებლობა. ამიტომაც გამიჩინა ასოციაციები ავღანეთთან, სირიაში რუსული არმიის სახმელეთო ძალების შეყვანის შესახებ ინფორმაციამ!

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც დასავლეთისთვის საერთაშორისო პრობლემების გართულებისთვის იქნება გადადგმული კრემლის მხრიდან, აღქმული იქნება, როგორც შურისძიება სირიაზე მიტანილი იერიშისა და იმ მკაცრი პოლიტიკის გამო, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია ახორციელებს, რუსეთის აგრესიულობის შეზღუდვისთვის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი