ჩრდილოეთ კორეა და მესამე მსოფლიო ომი - კვირის პალიტრა

ჩრდილოეთ კორეა და მესამე მსოფლიო ომი

მსოფლიოს ყურაღება ახლა მიმართულია ჩრდილოეთ კორეისკენ, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს და ემუქრება მეზობელ ქვეყნებს.

კიმ ჩენ ინი "ყუმბარიანი მაიმუნია" და არავინ იცის როდის, სად და რამდენად ბანალური ამოცანების გადაჭრისთვის შეიძლება გამოიყენოს ბირთვული იარაღი. შესაბამისად, სრულიად ლეგიტიმურია ის ღონისძიებები, რომელსაც აშშ ანხორციელებს ჩრდილოელი დიქტატორის წინააღმდეგ და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, 29 აპრილის ბალისტიკური რაკეტის გამოცდის ეპიზოდით. ამ ეპიზოდმა, რა თქმა უნდა, დაძაბულობის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა და მეტად ცხადი გახადა ჩრდილოეთ კორეაზე დარტყმის გარდაუვალობა.

კორეის ნახევარკუნძულის კრიზისის რაკურსში მსოფლიო მედიასა და სოციალური ქსელების სხვადასხვა ენობრივ სეგმენტებში, სულ უფრო ხშირად ვხვდები მოსაზრებას, რომ ჩრდილოეთ კორეაზე აშშ-ისა და რეგიონში მისი მოკავშირეების დარტყმით მესამე მსოფლიო ომი დაიწყება.

ამ მოსაზრებას, ყველაზე დიდი დოზით, რუსული მედია, უფრო სწორად კი პროპაგანდისტული საშუალებები ავრცელებენ, რაც ცალსახად მცდარი მოცემულობაა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილოეთ კორეა არ არის ისეთი საერთაშორისო მასშტაბის ქვეყანა, რომელსაც დედამიწის ხუთივე კონტინენტზე ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც გლობალურად დასავლეთის წინააღმდეგ დაიწყებენ საბრძოლო მოქმედებებს.

შესაბამისად, მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე თუნდაც ბირთვული ომიც კი, ვერ ჩაითვლება მესამე მსოფლიო ომად.

იმისათვის, რომ მსოფლიო ომად იწოდოს კონფლიქტი, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს (Wiki-link). აქედან გამომდინარე, ასეთი მასშტაბის ომი ვერ იქნება კორეაში და ამიტომ შიშები, რომ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ, სრული აბსურდია. ეს ისეთივე თემაა, როგორიც, მაგალითად, რუსული პროპაგანდის მიერ ატაცებული საკითხი, როდესაც ათასი ჯურის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ თითქოს დასვლეთ-რუსეთს შორის ცხელი კონფლიქტი, იქნება მესამე მსოფლიო ომი. არც ასე არ გამოვა, იგივე მიზეზის გამო.

რუსეთის მოკავშირეებიდან არცერთი არ დაიწყებს ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს. რომ დავუკვირდეთ, რუსეთს არც გავლენიანი საერთაშორისო მოკავშირეები არ ჰყავს ისევე, როგორც არ ჰყავს ჩრდილოეთ კორეას. ვანუატუ, ირანი, სირია, რამდენიმე სეპარატისტული რეჟიმი პოსტსაბჭოთა სივრცეში კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მსოფლიო ომად იწოდოს, თუნდაც დაუშვათ, რომ შესაძლოა ირანმა საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს ერაყსა და ავღანეთში განთავსებული დასავლური სამხედრო ბაზების წინააღმდეგ, რაც პრაქტიკულად ფანტასტიკის სფეროა.

რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების ძალიან დიდი რისკია. მიმდინარე პროცესებს შესაძლოა ეწოდოს  ბირთვული ომის რისკი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი. ბირთვული ომის შემთხვევაშიც, გლობალური შედეგის მასშტაბი, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენი ბირთვული ქობინი იქნება გამოყენებული დროის მცირე მონაკვეთში.

ერთი წუთით რომ დავფიქრდეთ, დედამიწაზე ცდების მიზნით უამრავი ატომური აფეთქებაა განხორციელებული და ამ აფეთქებებს ჯერ კიდევ არ გამოუწვევიათ "ბირთვული ზამთარი". თავისთავად ცხადია, საშინელებაა ამ იარაღის გამოყენება დედამიწის იმ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელთა გეოგრაფიული კუთვნილებაც ხვდება უშუალოდ სამიზნეებს შორის, მაგრამ გლობალური ბირთვული ომი, იარაღის ტექნოლოგიური განვითარების ამ ეტაპზე, თითქმის წარმოუდგენელია, რადგან არსებული ბირთვული არსენალის უმეტესობა, დიდი ალბათობით მათ ამოქმედებამდე განადგურდება.

შესაბამისად, შიშები რომ კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე დგას, მცდარია და დაშინებისთვის გამიზნული პროპაგანდაა, რომელსაც ისეთი ქვეყნები ავრცელებენ, რომელთაც დასავლეთთან კონკურენციის არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ და საკუთარი, საინფორმაციო გავლენის ზონებში ავრცელებენ ასეთ პანიკურ ინფორმაციას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი