აშშ-მა ანტირუსული აქტივობა ახალი ძალით განაახლა?! - კვირის პალიტრა

აშშ-მა ანტირუსული აქტივობა ახალი ძალით განაახლა?!

საერთაშორისო პოლიტიკაში ტურბულენტობა გრძელდება და იმდენად მძლავრი ხდება, რომ დაძაბულობის ახალი მიმართულების პროგნოზირება, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

ამაზე მეტყველებს ისიც, თუ რამდენ მიმართულებაზე და რა სიხშირით კეთდება განცხადებები კონკრეტულად ამერიკიდან, რომლის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რუსული "სკანდალის" ფონზე მოვიდა ხელისუფლებაში.

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი და მასთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია, ძირითადი ყურადღება სწორედ რუსეთის მიმართ გადადგმულ ნაბიჯებს ეთმობა და ამაში გასაკვირი არაფერია. რა თქმა უნდა, პროცესების გლობალურობიდან გამომდინარე, სხვა მიმართულებებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომელიც პირდაპირ საქართველოსთან კავშირში არ არის. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ეს პროცესი, ირიბად მაინც აისახება რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობაზე, რომელიც ამ მოცემულობაში, მისი, როგორც აგრესიული აქტორის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯებია და შესაბამისად, ირიბად, მაგრამ მაინც აისახება არა მარტო ჩვენს, მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის უსაფრთხოებაზე.

ამიტომაც არის, რომ აშშ-ის ხელისუფლებების სხვადასხვა შტოების მიერ გაკეთებული განცხადებები, ასეთი დიდი ყურადღებით აღიქმება ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში და ხშირად ხდება განხილვის საგანიც.

ცალსახად ფაქტია ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ანტირუსული რიტორიკა ამერიკელი ძალოვნების მხრიდან, სულ უფრო მკაფიო და დიპლომატიური ენის ტრადიციების საპირისპიროდ, შეუფუთავი, ცხადი და მიზნობრივია. ამაზე მეტყველებს თუნდაც ბოლო სამი დღის განმავლობაში, ამერიკიდან გაჟღერებული არაერთი განცხადება, რომელიც ზემოთ მოცემული მტკიცებულების დასტურად შეიძლება იქნას მიღებული.

ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, აშშ-ის სენატში, გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადება შეიძლება ჩაითვალოს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი დედამიწაზე არსებული ქვეყნებიდან ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს (წყარო)

თავისთავად ცხადია, ასეთი განცხადებები უსაფუძვლოდ არ კეთდება და ყველა ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში, საიდუმლო პროცესების არსებობის გამო, შეგვიძლია ვიმსჯელოთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ, იმ განცხადებებიდან, რომელიც საჯაროვდება ოფიციალურ პოზიციებში. ეს განცხადებები კი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრირებას არ ცდილობს. ქმნის საკუთარ "ვექტორს", რომელშიც მოკავშირეებად დასავლური ცივილიზაციის გულანთებულ მოწინააღმდეგეებს იკრებს. შესაბამისად დასავლეთისთვის, კერძოდ კი აშშ-ისთვის ვერ იქნება ეს პროცესები ნაკლებად სახიფათო და ვერ იქნებიან ინდიფერენტულად განწყობილნი. უბრალოდ იძულებულები არიან საკუთარ ტერიტორიებზე არსებული წესრიგის შესანარჩუნებლად, შესაბამისი ქმედებები განახორციელონ და მიმდინარე, აქტიური საფრთხეებისადმი გამკლავების პარალელურად, რუსეთის შეზღუდვაზეც იმუშაონ.

ამავე კატეგორიის მოვლენად შეიძლება შეირაცხოს ევროპაში, ამერიკული ძალების სარდლის, კერტის სკაპაროტის განცხადება, რომელიც გუშინ "ამერიკის ხმამ" გაავრცელა და რომელშიც გენერალი აღნიშნავს, რომ ამერიკული ძალები ევროპაში "ისტორიული მისიით" ბრუნდებიან. სენატორმა ჯერი მორანმა, რომელმაც ის სხდომა გახსნა, სადაც გენერალ სკაპაროტის მოსმენა გაიმართა, დაასახელა მონაცემები, რომელიც აშშ-ის რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების შესახებ, რუსული პროპაგანდის მტკიცებულებას აბათილებს. ამ მონაცემების მიხედვით, 1989 წელს, ევროპის ტერიტორიაზე 858 სამხედრო ბაზა არსებობდა, რომელზეც 213 000 სამხედრო მოსამსახურე იყო განთავსებული, ხოლო ახლა, 80 სამხედრო ბაზაზე 26 000 სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული (წყარო). გამოდის, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალები, დაახლოებით ათჯერ არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთისადმი არ იყო მტრული და იყო იმედი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრირების გზას დაადგებოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთმა ახლო აღმოსავლეთშიც იგივე გააკეთა, როდესაც რეგიონში ობამას ადმინისტრაციის პირობებში დასავლური კოალიციის, დიდწილად კი აშშ-ის შეიარაღებული ძალები შემცირდნენ, გამოიყენა გაჩენილი სივრცე და საკუთარი ინტერესების გატარება, სამხედრო ძალის გადასროლით დაიწყო. იგივე მოხდა ევროპაშიც, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშლა, ასევე დასავლეთის დახმარებით მოძლიერდა. ძალის მოკრების შემდეგ დაიწყო აგრესიული ქმედებები, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის წინააღმდეგ და მიმდინარე საფრთხეები წარმოშვა ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე ბალკანეთის მიმართულებებზე. შესაბამისად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ რუსეთის ქცევის თავისებურებაა - შესუსტებული დასავლური გავლენის პირობებში, საკუთარი გავლენის გამტკიცება "უხეში ძალით", რომელიც თავისთავად ცხადია, ვერ დარჩება უპასუხოდ და ის, რომ დასავლეთი გარკვეულ ტერიტორიებზე საკუთარ გავლენას ამცირებს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის დასუსტდა. მათი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, უხეში ძალის ფაქტორი არის უკანასკნელი რამ, რასაც მიმართავენ.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, დასავლეთის სამხედრო აქტივობა, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, სწორედ რუსეთისა და მისი მსგავსი, დესტრუქციული ძალების ქმედებებით არის გამოწვეული და ეს მოცემულობა დამატებით მტკიცებულებებს აღარ საჭიროებს.

ამ მტკიცებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია ის, რაც ამერიკის მხრიდან კეთდება. არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ დაუშვებს, რუსეთისა და მსგავსი ქვეყნების გლობალურ ძალად გარდაქმნას, მხოლოდ სამხედრო ან ბირთვულ ძალაზე დაყრდნობით, ამიტომ მსგავსი შინაარსის ნაბიჯებს და რაც მთავარია პროცესებს, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ, რომელიც გარკვეული დროის მონაკვეთში, სულ უფრო აქტიური გახდება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი