სირიაში რუსული და ამერიკული სპეცრაზმები საშიშ სიახლოვეზე განლაგდნენ - კვირის პალიტრა

სირიაში რუსული და ამერიკული სპეცრაზმები საშიშ სიახლოვეზე განლაგდნენ

ერთ-ერთი ებრაული ანალიტიკური გამოცემა, რომელზეც არაერთხელ თქმულა, რომ ებრაულ დაზვერვასთან არის დაკავშირებული,

ავრცელებს ვრცელ მასალას სირიაში, დასავლური (მათ შორის ამერიკული) და რუსული სპეცრაზმების პირისპირ პოზიციებზე, საშიშ სიხლოვეზე განთავსების შესახებ (ბმული).

გამოცემის თანახმად, რუსული საჰაერო სადესანტო ძალები (ВДВ) 21 მაისს, ქალაქ ას-სუვეიდაში გამოჩნდნენ და ასადის მოკავშირე შიიტურ ძალებთან ერთად, მზად არიან, ერაყი-იორდანია-სირიის საზღვრის გაკონტროლებაში მიიღონ მონაწილეობა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ დღეს შეხვედრებს მართავდა რეგიონის სუნიტური კოალიციის ქვეყნების ლიდერებთან, სადაც რა თქმა უნდა, სირია და მის კონტექსტში, ISIS-ისგან მომდინარე საფრთხის საკითხიც განიხილებოდა, ძალზედ პროვოკაციულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის არმიის სახმელეთო ძალების გამოჩენა. აღსანიშნავია, რომ ტრამპთან შეხვედრის ფარგლებში კოალიციის მიერ ერაყისა და სირიის ოპერაციისთვის სპეციალური სამხედრო ფორმირების შექმნაზეც შეთანხმდნენ.

რუსები იმ რაიონში გამოჩნდნენ, სადაც რუსების მიერვე, წინა პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დასავლური ანტიტერორისტული ძალების სახმელეთო დანაყოფების, სირიის ტერიტორიაზე შესვლის დიდი ალბათობა იყო, რომელიც რუსეთისა და ასადის რეჟიმის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებებში - ინტერვენციად იყო მოხსენიებული.

როგორც ცნობილია, იორდანიაში რამდენიმე დღის წინ დასრულდა მასშტაბური წვრთნები, რომელშიც დასავლეთის ოცამდე ქვეყნის სამხედრო ძალები, ტექნიკა და ავიაცია იღებდა მონაწილეობას. ამავე მონაკვეთზე მოხდა რამდენიმე დღის წინ ასადის მოკავშირე შიიტურ ძალებსა და სირიის ე.წ. მილიციის კოლონაზე ამერიკული ავიაციის მიერ საჰაერო იერიშის მიტანა.

იორდანიის ტერიტორიაზე გამართული სამხედრო წვრთნების შემდეგ, ასადის არმიისა და მისი მოკავშირებიის ყურადღება გადატანილია ამ მიმართულებაზე, სადაც მკვეთრად იმატა ინციდენტებმა და ამის დასტურია ჯერ ამერიკიის სამხედრო ავიაციის იერიში, შემდეგ ასადის არმიის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ იორდანიის საზღვრის მიმართულებაზე შეტავა განაახლეს, რასაც მალევე მოჰყვა მათ მიერ დასტურად გავრცელებული ვიდეო, რომელშიც მათი განცხადებით ასახულია, მიმდინარე წლის 20 მაისს, დასავლური კოალიციის თვითმფრინავისთვის ცეცხლის გახსნის ეპიზოდი (ბმული).

რამდენად რეალურია ეს ვიდეო, ძნელი სათქმელია, რადგან მასზე საფრენი აპარატი, რომელსაც ცეცხლი აგაუხსნეს, არ ჩანს, თუმცა მიუხედავად ამისა, თავად ფაქტი, რომ ასადისტები და მისი მოკავშირეები ასეთი ქმედებისათვის მზაობის შესახებ აცხადებენ, უკვე მიანიშნებს დაძაბულობასა და დასავლეთ კოალიციის ძალებთან პირდაპირი შეტაკების ძალიან მაღალ ალბათობაზე.

სირიის სამხრეთით, იორდანიის საზღვრებთან შექმნილ ამ ფონზე, რუსული სპეცრაზმელების გამოჩენა, თავისთავად ცხადია პროვოკაციულად მოსჩანს და ზრდის ასევე ალბათობას, რომ მათსა და დასავლური კოალიციის სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლებს შორის (აშშ, ბრიტანეთი, ნორვეგია) მოხდეს შეტაკება.

რაც შეეხება ამ ნაბიჯის პოლიტიკურ კონტექსტს, მისი დანახვა ძალზედ მარტივია, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სწორედ ამ დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საუდის არაბეთში სუნიტური ქვეყნების ლიდერებთან მართავდა შეხვედრას, სადაც რეგიონის უსაფრთხოების საკითხი, რა თქმა უნდა, პირველი რიგის საკითხი იყო და ამ შეხვედრაზე, სუნიტური კოალიციის ლიდერებმა დიდი ალბათობით მიიღეს აშშ-ის მხარდაჭერის გარანტიები.

ლოგიკურია, რომ რუსეთი ცდილობს საკუთარი გავლენა შეინარჩუნოს სირიაში და ამ თვალსაზრისით ყველაფერს გააკეთებს, თუმცა ძნელი დასაჯერებელია ის, რომ რუსეთი იმდენად უგუნური აღმოჩნდეს, სირიაში დასავლეთთან პირდაპირ შეტაკებაზე წავიდეს.

ასეთი რამ წარმოუდგენელია თუნდაც იმიტომ, რომ ამისთვის მას ადგილობრივი სახმელეთო ძალები არ ეყოფა, არ ეყოფა არც საჰაერო და არც საზღვაო ძალები, რომელთა მობილიზებაც შეუძლია დროის მოკლე მონაკვეთში. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სირიაში გაგრძელდება კატა-თაგვობანას თამაში, რომელიც სხვისი ხელით ომი იქნება და გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე არ დაემხობა ასადის რეჟიმი, რომლის ლეგიტიმაციის საკითხი დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ არის იმ დანაშაულებათა გამო, რომელიც მან საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე ჩაიდინა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი