რას ნიშნავს სუნიტური კოალიციის მიერ ყატარის "ნონ გრატად" გამოცხადება?! - ტერორიზმთან ბრძოლის ახალი ფაზა იწყება? - კვირის პალიტრა

რას ნიშნავს სუნიტური კოალიციის მიერ ყატარის "ნონ გრატად" გამოცხადება?! - ტერორიზმთან ბრძოლის ახალი ფაზა იწყება?

ახლო აღმოსავლეთი, დონალდ ტრამპის ვიზიტის შემდეგ აქტიურად ერთვება ანტიტერორისტულ მოძრაობაში და ამისთვის პირველ ნაბიჯებს დგამს.

ყატართან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ რეგიონის ქვეყნებმა - საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა საემიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ ყოველგვარი კონტაქტი შეწყვიტეს ამ ქვეყანასთან, მოულოდნელი და სენსაციური იყო. ის თუ რამ გამოიწვია ასეთი რეაქცია, რეგიონის დასახელებული ქვყენების მხრიდან, მხოლოდ ვარაუდების დონეზე შეიძლება განვიხილოთ. ბრალდება, რომელიც ყატარის მიმართ გაისმა არ შეიძლება ერთ დღეში "უეცრად აღმოჩენილი" ფაქტორების გამო მომხდარიყო და როგორც ჩანს, ამ მოვლენაში აშშ-ის მხრიდან დიდი წვლილიც არის შეტანილი.

მას შემდეგ, რაც არაბულმა კოალიციამ აშშ-ს პრეზიდენტს აღუთქვა დახმარება, ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში, მოსალოდნელიც იყო, რომ ამერიკული და არაბული ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად დაიწყებდნენ თანამშრომლობას და ეს ბრძოლა, პირველ რიგში სწორედ ტერორისტთა დაფინანსების წყაროების გადაკეტვით უნდა დაწყებულიყო.

ის ბრალდება, რომ ყატარი აფინანსებს ISIS-სა და "ალ-ქაიდას" სწორედ ამაზე მიანიშნებს და პირველი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ამ თვალსაზრისით, გადადგმულია. საუდის არაბეთის მხრიდან ასევე ითქვა ყატარის ირანთან ფარული კავშირების შესახებ, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის წყაროდ და ხელშემწყობად მიიჩევა. შესაბამისად, დესტაბილიზაციის ერთ-ერთ კატალიზატორად, თავად ყატარიც დასახელდა და ამ ბრალდებებს, ასეთი კონკრეტულობიდან გამომდინარე, ასევე კონკრეტული ინფორმაცია უნდა ედოს საფუძვლად.

სწორედ ამიტომ გამოვთქვი მოსაზრება, რომ პროცესი ამერიკელების ჩარევით ხორციელდება და როგორც ჩანს,  ყატარელების ტერორისტებისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერის შესახებსადაზვერვო ინფორმაცია მართლაც არსებობდა, რომელიც დიდი ალბათობის დასავლეთის ოფშორებში დარეგისტრირებული ყატარული კომპანიების მეშვებოთ ხორციელდებოდა, რაზეც წვდომა არაბული ქვეყნების სპეცსამსახურებს არ ექნებოდათ.

ზოგადად ხშირად დასმულა ეს კითხვა და მეც არაერთხელ დამიწერია, რომ ძალზედ უცნაურია, ტერორისტებისთვის დაფინანსების არხების გადაკეტვა წლების განმავლობაში რომ არ მოხერხდა. ცალსახად ფაქტია, რომ ISIS-ი მხოლოდ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე, მის ხელთ არსებული ნავთობსაბადოებიდან მოპოვებული ნავთობის, არალეგალური გაყიდვების გზით, ვერ შეძლებდა მსოფლიო ანტიტერორისტული კოალიციის წინააღმდეგ ამდენი წლის განმავლობაში ბრძოლის წარმოებას... ლოგიკურად ჩნდებოდა ეჭვი, რომ მათ სრულიად ლეგალური გზებით, "ვიღაც" ეხმარებოდა. იგივე შეკითხვები ჩნდება "ალ-ქაიდასთან" დაკავშრებით, რომელსაც ISIS-ისგან განსხვავებით, არც ნავთობსაბადოები აქვს და არც რაიმე სხვა ისეთ პროდუქტზე მიუწვდება ხელი (თუ არ ჩავთვლით ნარკოტიკებს), რომლის გაყიდვაც ნავთობივით ადვილი იქნებოდა, ხოლო ავღანეთის ტერიტორიიდან ნარკოტიკის იმ მასშტაბით გაყიდვა, რომ ათეული წლების განმავლობაში საომარი მოქმედებები აწარმოო NATO-ს წინააღმდეგ, არასაკმარისი იქნებოდა.

ირანის ფაქტორი ამ დაფინანსების სქემებში, ალბათ ძალიან მალე ცალკე განხილვის საგანი გახდება და ის მოხსნილი სანქციები, რომელიც ობამას პრეზიდენტობის დროს მოეხსნა, ამ თვალსაზრისით, ცალკე შეფასდება.

როგორც ჩანს, ბრიტანეთში ტერორისტული აქტების სერიის შემდეგ, დასავლეთში გადაწყვიტეს უმკაცრესი პასუხი გაეცეს ტერორზმს და არ არის გამორიცხული, ძალიან მალე აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყებაც ვიხილოთ.

დაბოლოს, ეს მოვლენა ცალსახად დადებით შედეგს მოიტანს, რადგან ფინანსები ომის წარმოების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია და მისი კლების შემთხვევაში, ტერორისტების შესაძლებლობებიც მნიშვნელოვანწილად შემცირდება. თუმცა მანამდე, არსებობს რისკი, რომ მოკლე პერიოდში ტერორისტებმა გააქტიურება სცადონ და ყველა ის "მიძინებული" ექსტრემისტი გამოიყენონ, რომელიც დასავლეთში და ალბათ არაბულ ქვეყნებშიც, მრავლად ჰყავთ.

წინ საინტერესო მოვლენები გველის. ეს პირველი ნაბიჯებია, ძალზედ საინტერესოა, ამის მერე როგორ განვითარდება პროცესები..

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი