აშშ-ს ჩამოგდებული სირიული თვითმფრინავი და რუსეთის მუქარა - საჰაერო ომის საფრთხე სირიის ცაში - კვირის პალიტრა

აშშ-ს ჩამოგდებული სირიული თვითმფრინავი და რუსეთის მუქარა - საჰაერო ომის საფრთხე სირიის ცაში

ახლო აღმოსავლეთისა და რუსული მედიისთვის დღის მთავარი თემა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის მიერ, ასადის არმიის СУ-22-ის ჩამოგდება და ამ ინციდენტით გამოწვეული რეაქციებია.

ეს საკითხი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ მან შესაძლოა მთლიანად შეცვალოს მოვლენათა განვითარების ის ლოგიკა, რომელიც სირიაში მიმდინარე ეტაპზე შეინიშნება. ალბათ ლოგიკური იქნება დავსვათ კითხვა:

თუ რატომ გახდა ასადის არმიის ბომბდამშენის ჩამოგდება გარდაუვალი და რატომ მიიტანა იერიში ამერიკულმა გამანადგურებელმა?

გავრცელებული ინფორმაციით, ასადის სამხედრო თვითმფრინავი, ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის მიერ დედაქალაქად გამოცხადებულ რაყასთან, იმ პოზიციებს ბომბავდა, რომელზეც "სირიის დემოკრატიული ძალების" მებრძოლები იყვნენ განთავსებულები. ასადის რეჟიმის ოპოზიციური ძალები, აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედებენ და შესაბამისად, მათ მოკავშირეების დაცვის ვალდებულება გააჩნიათ, თუმცა, საინტერესო ეს ეპიზოდი იმითაა, რომ "სირიის დემოკრატიული ძალები" ტერორისტების ე.წ. დედაქალაქზე შეტევით იყვნენ დაკავებულები და რაოდენ უცნაურიც არ უნდა მოეჩვენოს გაუთვითცნობიერებელ მკითხველს, სწორედ ამ შეტევისას დაბომბა ასადის არმიის ბომბდამშენმა მათი პოზიციები.

ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ამერიკელები საკუთარ ვალდებულებას არ გაექცეოდნენ და მიიტანდნენ იერიშს ასადის არმიის СУ-22-ზე, რაც მოხდა კიდევაც. აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების F-18 supper Hornet-ის მიერ ცეცხლის გახსნისთანავე СУ-22 განადგურდა.

რა თქმა უნდა, ამ ინციდენტს გამოეხმაურა რუსული მხარე. პირველი გამოხმაურება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოხდა, სადაც უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავრომვა განაცხადა, რომ СУ-22-ის ჩამოგდება ამერიკელების მიერ, არის საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და აგრესია სირიის სახელმწიფოს წინაშე. ამ გამოსვლაში რუსეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელს არ განუმარტავს ის, თუ რატომ დაბომბა ასადის რეჟიმმა ოპოზიციური ძალები მაშინ, როდესაც ისინი ტერორისტების მთავარ ქალაქზე ახორციელებდნენ შეტევას.

რუსული პროპაგანდის მიერ აღნიშნული ინციდენტი რატომღაც იქცა დასტურად იმისა, რომ ამერიკელები კოორდინაციაში არიან "სირიის დემოკრატიულ ძალებთან", თუმცა თავად ამერიკელებს ეს არასოდეს დაუმალავთ და სრულიად ღიად არის გაცხადებული ის, რომ აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორები და ანტიტერორისტული კოალიციის ავიაცია მათ მხარს უჭერს.

ამავე ლოგიკით, გამოდის, რომ ასადის არმია ISIS-ის სასარგებლოდ მოქმედებს და დასავლეთის მოკავშირე ძალებზე მიტანილი იერიში, მათი რაყაზე შეტევის შესაჩერებლად განხორციელდა.

მალევე ინციდენტს გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროც და განაცხადა, რომ წყვეტს აშშ-სთან კომუნიკაციას სირიის საჰაერო სივრცეში ინციდენტების გამორიცხვის საკითხში. ამ განცხადებასთან ერთად კი გავრცელდა მათი მუქარა, რომ ამიერიდან სირიაში განთავსებული რუსული ჰაერთავდაცვითი სისტემებისა და ავიაციისთვის ამერიკული თვითმფრინავები აღქმული იქნება, როგორც სამიზნე.

რუსეთის ფედერალური საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ასევე დაიმუქრა, რომ  დასავლური ანტიტერორისტული კოალიციის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება რუსების მიერ ასადისთვის მიწოდებული С-300-სა და რუსულ ბაზებზე განთავსებული С-400-ის.

მიუხედავად რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ვერსიისა, ასადის რეჟიმსაც და რუსებსაც, მოუწევთ ახსნან, რატომ მოქმედებდა ასადის სამხედრო თვითმფრინავი იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ტერორისტების დედაქალაქს უტევენ და ცდილობენ ISIS-ის განადგურებას?!

ამავე დროს ეს აქტი, საჭირო იყო იმისთვის, რომ ყოფილიყო მტკიცებულება, ასადის არმიისა და ISIS-ის თანამშრომლობის შესახებ, რომელთა ინტერესები არაერთხელ გადაკვეთილა და გაჩენილა კითხვები ამ ინტერესთა კვეთის შესახებ.

რომ არა ჩამოგდებული СУ-22-ი, არ იქნებოდა მყარი მტკიცებულება, რომ ასადის არმია ანტიტერორისტული ძალების წინააღმდეგ მოქმედებს, შესაბამისად, ამ ფაქტის შემდეგ ასადის რეჟიმსა და რუსებს მოუწევთ არა განცხადების უარყოფა, არამედ კითხვებზე პასუხის გაცემა და ვერანაირი მუქარა ამ კითხვებს ვერ გააქრობს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს