"მურმანიზმი", ანუ რატომ დავდივართ ქართველები დაღვრემილები? - კვირის პალიტრა

"მურმანიზმი", ანუ რატომ დავდივართ ქართველები დაღვრემილები?

ნებისმიერი დღე, მიუხედავად ჩვენი სურვილისა, გამოირჩევა ხოლმე ისტორიით, რომელიც დროის რაღაც მონაკვეთის შემდეგ, შესაძლოა მეტად ღირებული აღმოჩნდეს. უმეტეს შემთხვევაში, ამა თუ იმ ამბის საწყის წერტილად გვევლინება ხოლმე ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ნებსით თუ უნებლიედ გვიწევს. ასეთ დროს, ჩვენდა უნებურად, ამოქმედებას იწყებს ხოლმე საკმაოდ მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელსაც არცთუ უცნაური სახელი - განწყობა ქვია.

ყველამ და უპირველეს ყოვლისა ბავშვმაც კი იცის, როგორ უნდა შეიტყოს ადამიანის განწყობა. ამას ჭირდება ორი მარტივი რამ: სავარაუდო მოყვასის სახის დანახვა და მყისიერი აღქმა.

შემხვედრი ადამიანის სახის გამომეტყველება მნიშვნელოვანია იმით, რომ სწორედ ის არის ძირი ჩვენი ყოველდღიური განწყობისა და თუნდაც სიკეთის კეთების სურვილისა. თუ ვინმეს ერთხელ მაინც ფეხით გაუვლია, და ეჭვი მაქვს, რომ გაუვლია, ამ ჩვენი არცთუ უკიდეგანო სამშობლოს ქუჩებში, შუკებსა თუ ორღობეებში, იოლად შეამჩნევდა ჩვენი სახეების პირქუშ გამომეტყველებას, რომელიც რთულად თუ იცვლება. ეს განსაკუთრებით იგრძნობა "ჩვენს დიდ ქალაქებში".

ერთი შეხედვით, კაცმა თუ ქალმა შეიძლება იფიქრო, რომ ეს ხალხი სერიოზული, განაწყენებული, გაბოროტებული ან საკუთარი თავის აღმატებულობის განცდით მოარულია, თუმცა არც ერთია, არც მეორე, მესამე ან მეოთხე. ეს არის თითქმის გაცვეთილი "ქართველური ნიღაბი", რომლის მატარებელი ხალხი სულაც არ გამოირჩევა კეთილგანწყობის უმალ გამოხატვის ნიჭით. აქ საკვირველი ისაა, რომ მოჩვენებითი პირქუშობის მიღმა დგანან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ძალიან, უხარიათ არანაკლებ და აქვთ სიკეთის კეთების სურვილი.

სამი დღის წინ, ჩემი მანქანის მაგნიტოფონმა აურია, რაც სულ არ მომეწონა, ვინაიდან მუსიკის ნორმალურად მოსმენა ჩემთვის, მითუმეტეს მანქანაში, სულაც არ არის უმნიშვნელო. ამას დაემატა ჩემი ოთხი წლის ვაჟის რეაქცია, რომელმაც საბავშვო ბაღიდან სახლამდე მანძილის გავლისას, აფორიაქებულმა მითხრა, მამიკო შევწუხდიო.

ჰოდა, ბევრი რომ არ მიფიქრია ისე, მივედი მაგნიტოფონის ოსტატთან. სახელოსნოში სამი ხელოსანი იჯდა. აქედან ერთი მუშაობდა, ორი - არა. სალამზე მხოლოდ ერთმა, საქმეში ჩართულმა მიპასუხა. მანვე მკითხა ჩემი გასაჭირის შესახებ. მე ორი სიტყვით ავუხსენი საქმის არსი, რაზეც მიპასუხა, გარეთ გამოვალ და შევხედავო. მერე გამოვიდა, შეხედა და მკაცრი ტონალობით განაცხადა, რომ პრობლემა სადენში იქნება და რაც ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგას მურმანა თუ მიხედავსო. ჩემი გაკვირვებული სახე რომ დაინახა, სიტყვასიტყვით გაიმეორა, ჩემი კომპეტენცია არ არისო - დიახ, ასე.

როცა მურმანას ადგილმდებარეობის შესახებ ვკითხე, გაბრაზებულმა მითხრა, იქ რომ იჯდა, განა ვერ დაინახეო. იქნებ სთხოვო, გარეთ გამოვიდეს-მეთქი. შენ თვითონ უთხარი, მე ეგეთი რაღაცეები არ მიყვარსო და სახელოსნოში შეიძურწა.

სახელოსნოში შესულმა, ჩემს კითხვაზე, რომელი იყო ოსტატი მურმანი, დაახლოებით ერთი წუთის მერე, მე ვარო - აუჩქარებლად მიპასუხა კაცმა, რომელმაც თავი ძალიან ნელა, საკუთარი ღირსების გრძნობით აღსავსე მოძრაობით ასწია და ძველ რომაელ სენატორს რომ შეშურდებოდა, ისე გამომხედა. როცა მკითხა, რაშია საქმეო და მზერა გამისწორა, ცოტა არ იყოს შევცბი, რადგან ისეთი სახე ჰქონდა, როგორც ბრუტუსს კეისარის მოკვდინებამდე რამდენიმე წამით ადრე.

როგორც კი საკუთარ შიშს ვძლიე და მაგნიტოფონის ამბავი მოვუყევი, რთული იქნებაო -მითხრა, თუმცა უკმაყოფილო სახით მანქანამდე მაინც გამომყვა. მერე "ტორპედოდან" მაგნიტოფონი გამოიღო, რომელსაც იმდენი სხვადასხვა ფერის სადენი აღმოაჩნდა, რომ გულმა რეჩხი მიყო. გულწრფელად ვუთხარი, ამაში გარკვევას ალბათ დიდი ოსტატობა ჭირდება-მეთქი. აბა, შენ როგორ გეგონაო და ცოტა არ იყოს სახე გაუნათდა. მერე რაღაც გადაჭრა, რაღაც მოხსნა, რაღაც დაიწუნა, რაღაც მიამატა, რაღაცას შეუჩუჩხუნა და მომაბეზრებელი ხარვეზი უკვალოდ გააქრო.

მისი საქმიანობა სულ რაღაც თხუთმეტ წუთს გაგრძელდა, მაგრამ ისე პროფესიონალურად, რომ ლამის ტაში დავცხე. როცა ეს დაუფარავად ვუთხარი, სიცილი აუტყდა. ამასობაში კი, ბუნებრივად გაბმულ საუბრისას, აღმოვაჩინე, რომ ოსტატი მურმანი, საკუთარ ოჯახსა, მეგობრებსა და სამშობლოზე შეყვარებული ის კარგი კაცი იყო, რომელმაც არ იცოდა საკუთარი გრძნობების გადმოცემა. ამის მიზეზი იყო ძალიან მარტივი რამ: მისთვის არავის უსწავლებია, როგორ ან რატომ უნდა გამოეხატა ეს.

ჩვენი უდიდესი ნაწილი ერთგვარი მურმანია. მურმანია ის ბიჭი, რომელიც რომელიღაც კორპუსის კედელს ზურგით მიყრდნობია და შორიახლო გამვლელს ისე დამცინავად უყურებს, რომ ამის დამნახავს გული გისკდება. მურმანია ის გამყიდველი, რომელიც ისეთი მოდუნებული გემსახურება, რომ აღშფოთება გიპყრობს. მურმანია ის დაცვის ბიჭი, რომელიც მისივე დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტის გასასვლელში გახირულა და გზას ისეთი ძველბიჭური ზოზინით გითმობს, რომ ღრიალის სურვილი გიჩნდება.

მურმანია ის სამსახურებრივად დაწინაურებული ტიპი, რომელიც ისეთი გაბღენძილი და მუმიასავით გაქვავებული სახით დადის, რომ რამდენიმე არასამეფო გვარის კაცის შემოლაწუნება სულაც არ აწყენდა. მურმანია ის მასწავლებელი, რომელიც ლექციას დაბღვერილი კითხულობს, ხოლო სტუდენტს ნაპოლეონის ზარბაზნიდან გამოსროლილი ჭურვისათვის ჯერაც მიუწვდომელი სფინქსის იერით უსმენს.

საქმე ისაა, რომ ყველა ზემოხსენებულ მურმანს აწუხებს შეძენილი და არა თანდაყოლილი შეგრძნება იმისა, რომ კარგი განწყობისა თუ თბილი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვა არის სხვა არაფერი, თუ არა სისუსტის გამოვლინება. ბევრ ჩვენთაგანს ალბათ მეტად მოუხდებოდა სამკერდე ნიშანი წარწერით: "მე ვარ მურმანი".

თუ ვინმეს, უცებ ეროვნული "მურმანიზმის" დამარცხების სურვილი გაუჩნდა, მოკრძალებით ვურჩევ, რომ საჭიროა ერთი მარტივი რამ: არ შეგვრცხვეს კეთილგანწყობის გამოხატვისა და თუნდაც საკუთარი სისუსტის გამოვლენისა მაშინ, თუ სხვას ბედნიერ წამებს ვაჩუქებთ.